ჯიქიას რეგისტრაციის კანონიერების საკითხს ცესკო განიხილავს

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

მას შემდეგ, რაც ,,არასაპარლამენტო ოპოზიციამ" მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა ითხოვა, ცესკო და თავად მერობის კანდიდატი დოკუმენტების მოძიებითაა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ცესკოს საჩივრით მიმართა სადაც უთითებდა, რომ ჯიქია ბოლო 2 წლის მანძილზე მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში.

ცესკოს საიტზე მომჩივანების სარჩელზე ჯიქიას საპასუხო განმარტებებია გამოქვეყნებული. მერობის კანდიდატი წერს, რომ მის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უსაფუძვლოა. აცხადებს, რომ სასწავლებლად იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში 2012 წლის 30 მაისიდან - 2012 წლის 26 ნოემბრამდე. აღნიშნული კი ვერ ჩაითვლება რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად, რადგან ,,მუდმავად ცხოვრების" ტერმინი საქართველოს კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრული არ არის.

თავისი მხრივ ჯიქიას უცხოეთში ყოფნის პერიოდზე შსს-დან და იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაციას ითხოვს ცესკო. წერილებში უთითებს, რომ ითხოვს დოკუმენტაციას დავით ჯიქიას 2012 წლის 14 აპრილიდან - 2014 წლის 14 აპრილამდე საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

ამ ეტაპზე, ცესკო აქვეყნებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობას, სადაც ვკითხულობთ, რომ დავით ჯიქიას სახელმწიფო საზღვარი აქვს გადაკვეთილი 2012 წლის 1 აპრილიდან - 2013 წლის 1 იანვრამდე.  

მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შენარჩუნებისა, თუ გაუქების საკითხზე ცესკოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის აღნიშნული საჩივარი განხილვის ეტაპზეა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments