რუსთავში „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას იმ პარტიების მერობის კანდიდატები იწყებენ, რომელთა რიგებშიც ათობით პოლიტპატიმარია - 07 ივლისი 2014

KKPRESS.GE

მაშინ, როდესაც „ოცნების" მერობის კანდიდატი რუსთავში უბან-უბან მართავს შეხვედრებს ამომრჩევლებთან, გამარჯვებისთვის სხვა გზა აირჩია „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, მამუკა ჩიქოვანმა.

18 ივნისს „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან" საუბრისას ჩიქოვანი აცხადებდა, რომ ყველა ოპოზიციური ხმის „წასაღებად" ის ცდილობს მოლაპარაკებას ეროსი კიწმარიშვილთან. გაირკვა, რომ  მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდა და არა მხოლოდ კიწმარიშვილის შემთხვევაში.

დღეს ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების რუსთავის მერობის ოთხმა კანდიდატმა ,, ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს მხარდაჭერას გამოუცხადა და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში მასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.  ამის თაობაზე, ერთობლივი განცხადება დღეს რუსთავში,,ჩვენი საქართველოს" რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ეროსი კიწმარიშვილმა, ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის" კანდიდატმა ალექსანდრე ბერიძემ, ,,ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატმა კობა ძლიერიშვილმა და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ივანე შათირიშვილმა -  ,,ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატ მამუკა ჩიქოვანთან ერთად გააკეთეს.

მერობის კანდიდატები აცხადებდნენ, რომ ჩიქოვანთან თანამშრობლობა სურთ, რადგან ამ გზით შეძლებენ მათი ამომრჩევლების ინტერსების დაცვას. ჩიქოვანის ბანაკში გადასულებმა სიმბოლურად „ხელშეკრულებასაც" მოაწერეს ხელი, სადაც ვკითხულობთ: „ ვთანხმდებით შემდეგზე, რომ მამუკა ჩიქოვანის გამარჯვების შემთხვევაში ის ვალდებულებას იღებს მის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლოს მერობის ყოფილ კანდიდატთა საბჭოსთან - მათ მიერ რუსთაველი ამომრჩევლების წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად."

აღნიშნული განცხადების შემდეგ პარტიების ადგილობრივმა ორგანიზაციებმა,  რომელთა მერობის კანდიდატებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს - გამორიცხეს „ნაციონალურ მოძრაობასთან"  თანმაშრომლობა. განაცხადეს, რომ მერობის კანდიდატების გადაწყვეტილება არ გამოხატავს მათი პარტიის პოზიციას და ისინი მხარა არ უჭერენ ყოფილ მმართველ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ  ათობით პოლიტპატიმარია გაერთიანებული, როგორც ნინო ბურჯანაძის საარჩევნო ბლოკში  ასევე, „არასაპარლამენტო ოპოზიციის" და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის"  რიგებში. მათი უმრავლესობა არა, თუ თანამშრომლობას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის აკრძალვას ითხოვდა.  

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments