ქვემო ქართლის პრობლემებში გარკვევა ახალ გუბერნატორს მოუწევს - 22 ივლისი 2014

KKPRESS.GE

დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სამინისტროების ნაწილს მინისტრები შეეცვალათ. ცვლილება შეეხო ქვემო ქართლის გუბერნიასაც, რეგიონის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს. 
პრემიერმა ის საზოგადოებას გააცნო, როგორც „თავისი საქმის მცოდნე კაცი", რომელიც მუშაობდა შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებში.

ქვემო ქართლის გუბერნატორობის დროს მღებრიშვილს, რამდენიმე რთულ სიტუაციასთან მოუწია გამკლავება. ის პირადად შეხვდა გარდაბანში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს - ქუჩებში გამოსულ აგრესიულად განწყობილ აქციის მონაწილეებს. მან, ასევე სცადა მოეგვარებინა რუსთავში სამარშუტო ტაქსების მძღოლების პრობლემა. 


მღებრიშვილმა გუბერნატორობა ქვემო ქართლის ყველა რაიონში ჩასვლით, ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელმძღვანელობასთან სტუმრობით დაიწყო. რეგიონის გამგებლების ნაწილი მის მიმართ დადებით განწყობას გამოხატავდა და ხაზს უსვამდა, რომ მღებრიშვილი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა მათ მიერ დასახელებულ პრობლემას, რის მოგვარებაც ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ ხერხდება. მედიასთან ურთიერთობის კუთხით კი მისი მუშაობა ნაკლებად გამჭვირვალე იყო. მღებრიშვილი ადგილობრივ მედიასთან პირადი კომუნიკაციის ნაცვლად, ხშირად გუბერნიის მუშაობის ამსახველ ინფორმაციებს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებდა და შეხვედრების ნაწილზე მედიას დასწრების საშუალებას არ აძლევდა. ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდა, ძირითადად ხმაურიან თემებზე, რომელთა მიმართაც ინტერესს ტელევიზიები იჩენდნენ. 

ამ დროისთვის უცნობია, ვინ გახდება ქვემო ქართლის გუბერნატორი და ვის მოუწევს მღებრიშვილის გზის თავიდან გავლა - ყველა რაიონში ჩასვლა, არსებულ პრობლემებში გარკვევა და მუშაობის დაწყება. 



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments