რუსთავის საკრებულოს პირველი სხდომის ლეგიტიმურობა სადავო ხდება - 24 ივლისი 2014

KKPRESS.GE

რუსთავის ახალმა საკრებულომ 10 დღის წინ ჩატარებული პირველი სხდომა დღეს გააგრძელა.

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ესწრებოდა რუსთავის ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, რომელიც 14 ივლისს ჩატარდა. აღნიშნულ სხდომაზე დროის მცირე ინტერვალით ორი შესვენება გამოცხადდა; საკრებულოს უმრავლესობამ, რომელსაც „ოცნება" წარმოადგენდა ფრაქციების შექმნის და საკრებულოს მერე მოადგილის არჩევის საკითხი ვერ გადაწყვიტა. ამ თემების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებდა, რომ მსჯელობა გრძელდება. სხდომაზე არ გაკეთებულა განცხადება იმის თაობაზე, რომ სხდომა ღიად რჩება და ის გაგრძელდება.

„ ჩვენ თანამდებობებზე არ გვაქვს პრეტენზია და არაფერს ვითხოვთ. დღესაც ვთქვი და ახლაც გიმეორებთ, რომ თუ სხდომა გრძელდებოდა ჩვენ ეს საკითხი კენჭისყრაზე უნდა დაგვეყენებინა. მხოლოდ, ამის შემდეგ იქნებოდა დღეს ჩატარებული სხდომა ლეგიტიმური", - აცხადებს, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ხელძღვანელი, კახა გურგენიძე.


ამბობს, რომ მეორე მოადგილის არჩევა და ფრაქციების შექმნის შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღება - საკრებულოს უპრობლემოდ შეეძლო მეორე სხდომაზე და ვერ ხვდება, რა საჭირო იყო სათანადო პროცედურების გარეშე პირველი სხდომის გაგრძელება.
რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პირველი სხდომა არ იყო დახურული და ეს ჩანს სხდომის შესახებ მომზადებულ ოქმში. გვიხსნიან, რომ თემაზე კომენტარს ხვალ საკრებულოს თავმჯდომარე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც იყო ათი დღის წინ ჩატარებული სხდომის გაგრძელება - საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ კოლეგებს მისი მეორე მოადგილის თანამდებობაზე ნინო ლომიძის კანდიდატურა წარუდგინა. „რესპუბლიკელი" ნინო ლომიძე, საკრებულოს წევრია კოალიცია „ქართული ოცნებიდან". იგი  ფარული კენჭისყრის შედეგად, 19 მომხრე და 2 წინააღმდეგი ხმით იქნა არჩეული. თავმჯდომარის მეორე მოადგილის არჩევის შემდეგ, საკრებულომ ცნობად მიიღო ორი ფრაქციის -„ქართულ ოცნებისა" და "ქართული ოცნება-კონსერვატორების" დაფუძნება.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments