ბოლნისელები ახალი გამგებლისგან რაიონის პრობლემების მოგვარებას ელიან

KKPRESS.GE

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა 71,06 %-მა ნდობა კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატს პროფესიით ფინანსისტს გოგი მეშველიანს გამოუცხადა. 
„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა რა მოლოდინები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რა კონკრეტული პრობლემების მოგვარებას ითხოვს ახალი გამგებლისგან. 

მადონა ჭელიძე, 45 წლის: სოციალური ფონი ბოლნისის რაიონში ძალიან მძიმეა, ხალხს უჭირს. უმრავლესობა უმუშევარია. არ არსებობს საკმარისად ქარხნები, რომ ადამიანებმა იქ მუშაობა შეძლონ. ჩემი ოჯახის მთავარი პრობლემაც უმუშევრობაა. 2003 წლიდან მოყოლებული არცერთი გამგებელი ბოლნისელი არ იყო და არ ესმოდათ ჩვენი პრობლემი. ბოლო გამგებელმა ალექსანდრა ობოლაძემ ქუჩების დასახელებაც არ იცოდა, პრობლემების მოგვარებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ახლა იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან გოგი მეშველიანი ბოლნისელია მოსახლეობაც იმედის თვალით უყურებს მას.

ცისანა ჯაჯანიძე, 62  წლის: ყველაზე მეტად უწყლოობა გვაწუხებს. დღეში მხოლოდ ნახევარი საათით მოდის 
სასმელი წყალი და ძლივს ვასწრებთ წყლის ავსებას და სახლის საქმეების გაკეთებას. გარდა ამისა კანალიზაციაც არ გვაქვს და იძულებულები ვართ ჭუჭყიანი წყალი ქუჩაში გადავასხათ. ამის გამო კი უბანში მთელი ზაფხული საშინელი ანტისანიტარიაა.ბოლნისში სარწყავი სისტემაც მოსაგვარებელია, ხალხი უმუშევარია.. ჩემი შვილი უკვე წლებია საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ, რადგან მთავრობა შეიცვალა და ახალი გამგებელიც გვყავს იმედი გვაქვს, რომ პრობლემები მოგვარდება.

მურმან ლობჟანიძე, 36 წლის: ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია. სარწყავად ხალხი მდინარე მაშავერის წყალს იყენებს, რომელიც პერიოდულად ბინძურდება.მიუხედავად იმისა, რომ მდინარე გასულ წლებისგან განსხვავებით უკეთეს მდგომარეობაშია, კაზრეთიდან მაინც ხდება მდინარის დაბინძურება. რამდენიმე თვის წინ მდინარის ნაპირები მთლიანად მოფენილი იყო მკვდარი თევზით. სამედიცინო მომსახურება აქ  დაბალ დონეზეა, მოსახლეობა უკმაყოფილოა ადგილობრივი ექიმების პროფესიონალიზმით. ქალაქის შიდა გზები მთლიანად მოუწესრიგებელია, ფაქტობრივად, გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა. ქალაქი სავსეა მაწანწალა ძაღლებით, რომლებიც არაერთი დაავადების გადამტანები არიან. ამ პრობლემების მოგვარება სვითხოვთ ჩვენი ახალი გამგებლისგან.
ქეთევან მენაბდიშვილი, 50 წლის: ეკოლოგიური პრობლემები და უმუშევრობა ბოლნისელებს ძალიან გვაწუხებს. კაზრეთის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი აბინძურებს მთელს რაიონს და ჩვენს ჯამრთელობას საფრთხეს უქმნის. გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, ხალხს უმუშევრობაც აწუხებს. ჩემს ოჯახში მარტო მე ვმუშაობ, მეუღლე უმუშევარი მყავს. ჩემი შვილი აბიტურიენტია და ფული არ გვაქვს, რომ საგნებში მოვამზადოთ. 2003 წლამდე გამგებელი ბოლნისელი ზურა ჯაფარიძე იყო. რაც ქალაქში რაიმე გაკეთდა ყველაფერი მან გააკეთა. 2003 წლიდან კი თბილისიდან დანიშნული გამგებლები გვყავდა და მათი გაკეთებული ძალიან ცოტა რამ გვახსოვს, რადგან არჩევნებში ბოლნისელი გოგი მეშველიანი ავირჩიეთ, იმედი გვაქვს, რომ პრობლემებს მოაგვარებს. მე ბაღის აღმზრდელი ვარ და ვიმედოვნებ, რომ ხელფასები მოგვემატება და ბაღებში სიტუაცია გამოსწორდება. ყველა ბაღს წყლის პრობლემა აქვს.

შურა კვესელავა, 80 წლის: უმუშევრობა ჩვენი მთავარი პრობლემაა. მე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ვცხოვრობ ძველ გერმანულ უბანში, სადაც ძველი გერმანული სახლები დანგრევის პირასაა მისული. ადრე თანხებიც იყო გამოყოფილი ამ სახლების შესაკეთებლად, გერმანიის ელჩიც იყო ჩამოსული. მოსახლეობას იმედი მოგვეცა, რომ ბინებს რემონტი ჩაუტარდებოდათ, მაგრამ ეს ფული სად გაქრა კაცმა არ იცის. მარტო ქვაფენილი დაგვიგეს. არჩევნების შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.

ქეთი ასათიანი, 20 წლის: ბოლნისის რაიონში ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, არა აქვთ შანსი საკუთარი შესაძლებლობები გამოვლენის. დასაქმების მაჩვენებელი ახალგაზრდებში აქ ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ რაიონს დიდი ბიუჯეტი აქვს, არ არსებობს ისეთი პროექტები, რომლებიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა აქტივობები განვახორციელოთ. აქტიურად ვითხოვთ ბოლნისის კინოთეატრმა ფუნქციონირება დაიწყოს, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, გამგეობა სწორად ვერ ახდენს პრიორიტეტების განსაზღვრას. ყურადღება არ ექცევა ახალგაზრდების პრობლემებს, კულტურულ ცხოვრებას. რაც გვაიძულებს რაიონი დავტოვოთ და დედაქალაქში ავიწყოთ კარიერა. იმედია, ახალი გამგებელი ჩვენი, ახალგაზრდების სატკივარს გულთან მიიტანას და ყურადღებას მოგვაქცევენ.
კარინა ნინიაშვილი, 48 წლის: წყალი გრაფიკით მოგვეწოდება და ხშირად მთელი დღის განმავლობაში  საერთოდაც არ მოდის. 23 წელია მეუღლეს ტროპიკული წლული სჭირს, მეორე ჯგუფის ინვალიდია. იანვარში განცხადება დავწერე გამგეობაში მეუღლის წამლებისთვის თანხის გამოსაყოფად, თუმცა პასუხი  დღემდე არ მიმიღია. ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მეუღლის მსგავს ადამიანებს წამლების შეძენაში მაინც დაეხმარებიან. სოციალურად ძალიან ბევრს უჭირს და აუცილებელია, გამგეობა დაეხმაროს მოსახლეობას.

რუსუდან მარტიაშვილი, 30 წლის: ეკოლოგია ჩვენს რაიონში ყველაზე დიდი პრობლემაა. მოსავალი მთლიანად დაბინძურებულია. ბოლნისში ხშირია სხვადასხვა დაავადებები. მე პირადად 4 წელია უშვილობას ვებრძვი. მსგავსი პრობლემები არაერთ წყვილს აწუხებს ბოლნისში. ხშირია ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები. გარდა ამ პრობლემებისა არ ხდება სრულფასოვნად სხვადასხვა ტერიტორიების დეზინფექცია, ამის გამო კი ყოველწლიურად თანდათან იზრდება ლეიშმანიოზის შემთხვევები. რაიონში ძალიან ბევრი პრობლემაა, როგორც სოციალური ისე ინფრასტრუქტურული. იმედია, ახალი გამგებელი გოგი მეშველიანი აქტიურად იმუშავებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე პირადად ვთხოვდი, რომ სისტემატიურად შეხვდეს მოსახლეობას, რათა ხალხის გასაჭირი გაიგოს.

იზოლდა მანაგაძე, 56 წლის: სახლი, სადაც ვცხოვრობ ლამისაა თავზე ჩამომენგრეს. ჩემს ქუჩაზე მსგავსი პრობლემა ყველას აქვს, სახლები დაზიანებულია. ქალაქის ცენტრის გარდა ქუჩებზე ასფალტი, ან სულ არაა ან მთლიანად დაზიანებულია. იმედია ახლა მაინც მოგვარდება ეს პრობლემები.

ნელი ბერძენაძე, 83 წლის: პენსიონერი ვარ. მხოლოდ 150 ლარს ვიღებ  და ეს ფული წამლების საყიდლად ძლივს მყოფნის. ორი შვილი გარდაცვლილი მყავს და ერთიც ავადაა. ადრე სოციალური დახმარება მქონდა, მაგრამ მომიხსნეს. სოციალური დახმარებით ზამთრისთვის შეშის ფულს ვაგროვებდი ახლა კი არ ვიცი რა ვქნა. კარგი იქნება თუ გამგეობა გაჭირვებულებს დაეხმარება და ჩვენი ახალი გამგებელი გაითვალისწინებს პენსიონერთა პრობლემებს.


ბადრი კობიაშვილი
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით


Comments