„ დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი არ დაასვენო ერთი საათითაც კი - ეს არის წამების ტოლფასი“ - ქართულ ფოლადს ყოფილი თანამშრომელი უჩივის - 04 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის „ქართული ფოლადის" აწ, უკვე ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ საწარმო დასაქმებულთა უფლებებს არღვევს. 
მამუკა სუთიძე, რომელიც 5 წელი მუშაობდა „ქართული ფოლადის" წიდასაყარის დაცვის სამსახურში ამბობს, რომ 24 საათიანი სამუშაო განრიგი ჰქონდა, რაც არსებული შრომის კოდექსის დარღვევაა. 

„ დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი არ დაასვენო ერთი საათითაც კი - ეს არის წამების ტოლფასი. შეუძლებელია იყო ყურადღებით და არ მოგერიოს ძილი", - აცხადებს სუთიძე. ამბობს, რომ საწარმოში სამუშაო დღე დილის 8 საათზე იწყებოდა და მეორე დღის დილის 8 საათზე სრულდებოდა. 

„ მოუწყობელია საგუშაგოები: წვიმის დროს ჩამოდის წყალი, ატარებს სიცივეს, ქარს - ზამთარში გამათბობელიც ვერ ათბობს. ამ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებაზე კი არავინ ფიქრობს", - დასძენს, სუთიძე.

დღეს ის უმუშევარია. ამბობს, რომ საგუშაგოზე ჩაეძინა და ამ მიზეზით გამოუშვეს. საუბრობს, რომ მისი შრომის განრიგი არ იყო ადამიანური და მზადაა საწამოსთან დავა სამართლებრივად დაიწყოს. 

საწარმოს ყოფილი თანამშრომლის მოწოდებულ, წიდასაყარის გუშაგების შიდაგანაწესში ვკითხულობთ, რომ 24 საათი სიფხიზლის გარდა გუშაგებს ეკრძალებათ საგუშაგოზრე წერა-კითხვა, ფულის გასესხება და ა.შ

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, მშრომელთა მხარდაჭერისა და კონსულტაციების ცენტრის წარმომადგენელი, გიორგი შუბითიძე აცხადებს, რომ საწარმო ვალდებული იყო შრომის კოდექსით დასაქმებულისთვის შესვენებისა და დასვენების დრო განესაზღვრა. აცხადებს, რომ 24 საათი სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც შეუძლებელია შესვენების გარეშე მუშაობა. 

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა" წერილობით მიმართა საწარმო „ქართულ ფოლადს" - აღნიშნულ საკითხზე მათ კომენტარს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments