გარდაბანში ააიპ-ები გამგეობის დაქვემდებარებაში გადავიდა - 06 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

თვითმმართველობის ახალი კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის დაარსებული ააიპ-ები და შპს-ები საკრებულოს ნაცვლად, გამგეობის დაქვემდებარებაში გადადის.

დღეს, გარდაბნის თვითმმართველობაში გამართულ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული მოთხოვნის, შესაბამისად მუნიციპალიტეტის 10 ააიპი და 5 შპს - გამგეობის დაქვემდებარებაში გადავიდა. საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნული ააიპ-ების და შპს-ების წესდებებში ცვლილების შეტანას. 

წესდებებში ჩაიწერა: „დაწესებულება პასუხისმგებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე და დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი."


გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით შემდეგი ააიპ-ები არის მუნიციპალიტეტის დაარსებული: „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი", „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი", „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი", „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის", „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულება", „ გარდაბნის საბიბლიოთეკო გაერთიანება", „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი", „ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი", „ ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი" და „მეგობრობის სახლი".

მუნიციპალიტეტის დაარსებული შპს-ებია: „ გარდაბან განათებისა და კეთილმოწყობის სამსახური", „გარდაბანპროექტი", „#2 საბინაო კომუნალური განყოფილება", „ გარდაბნის კომუნალური გაერთიანება" და „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი."

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი"-ს კითხვას, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს, თუ არა შპს-ების და ააიპ-ების ხელმძღვანელების შეცვლას - თვითმმართველობაში პასუხობენ, რომ დაწესებულებების გადაცემა გამგეობისთვის დღეს მოხდა და რიგი საკითხები ჯერ გასავლელია. აცხადებენ, რომ შესაძლებელია შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი ცენტრების მუშაობას და ცვლილებები - მის დასკვნაზე იყოს დამოკიდებული.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments