სოციალურად დაუცველი ოჯახები რუსთავის თვითმმართველობისგან დახმარებას 1 წელია ელიან

KKPRESS.GE

თითქმის ერთი წელია რუსთავის დავით გარეჯის #30 უსახლკარო ოჯახების თავშესაფარია. შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეასახლა, მას შემდეგ რაც მათი დროებით საცხოვრებელი - ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი ფილიალი, დევნილთა სამინისტრომ გაარემონტა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ადგილობრივი უსახლკარო ოჯახები გამოასახლა.

შესახლებული ოჯახების საცხოვრებელ პირობებზე „ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი"  გასული წლის 31 ოქტომბერსაც წერდა. მაშინ ჩვენი რესპოდენტები საუბრობდნენ  შენობის სახურავთან დაკავშირებულ პრობლემაზე. ადგილობრივი ხელისუფლება კი გვპასუხობდა, რომ ეცდება შენობის სახურავის პრობლემა ზამთარამდე გადაწყვიტოს.


„ რამდენი თვეა ვითხოვთ, მაგრამ ამ დრონდე არავის შეუკეთებია სახურავი, როგორც ჩვენი შემოსვლისას იყო, ახლაც ისეა. წვიმის დროს ყველა ოთახში ჩამდოს წყალი. არა ერთხელ მივედით მერიაში, მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა.
ასევე ამ შენობას არ აქვს კანალიზაცია. ჩვენ თვითონ გავაკეთეთ საპირფარეშო ეზოში. სასმელი წყალი კი ეზომდე მოგვიყვანეს და შემდეგ ჩვენ შევიყვანეთ შენობაში", - აცხადებს, ინეზა კვარაცხელია. ამბობს, რომ ამ დროისთვის მასთან ერთად დავით გარეჯის #30-ში 13 ოჯახი ცხოვრობს.

საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერის მოადგილე, გიგი ტაბატაძე ამბობს, რომ მან არ იცოდა აღნიშნული შენობის პრობლემის შესახებ.

„ მე ეხლა გავიგე, რომ ამ მისამართზე სახურავის პრობლემა არის. ჩვენ გავალთ ვნახავთ რა მდგომარეობაა და გამოვაცხადებთ ტენდერს დაპროექტებაზე.  ვადებს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ წელს გადავხურავთ", - ამბობს, ტაბატაძე.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments