სოციალური საწარმოები, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლის სურვილს უბრუნებენ - 19 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

88 წლის ევა მოსეშვილი ყოველდღე მზია ლათიაშვილის მოსვლას ელის. უკვე ექვსი თვეა 7 შვილისგან მივიწყებულ ევა ბებოს ჯანმრთელობაზე ექთანი მზია ზრუნავს.
ევა ბებოს მსგავსად დაბა კაზრეთში კიდევ 16 ბენეფიციარი სარგებლობს შინმოვლის სერვისით. "ხანდაზმულთა შინმოვლა" ერთ-ერთია იმ სოციალურ საწარმოებს შორის, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებენ.

დაბა კაზრეთში არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივამ" სოციალური საწარმო "სამარიტელ მშრომელთა კავშირის" (AშB) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" ფინანსური მხარდაჭერით დაარსა. საწარმო იმ მოხუცებს ეხმარება, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და მარტოხელაა. საწარმოში დასაქმებული  ექთანი კვირაში სამჯერ 17 ბენეფიციარს სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამი მომვლელი კი მოხუცებს სახლის საქმეებში ეხმარება.


თანამშრომლებმა სპეციალური გადამზადების კურსებიც გაიარეს. სერვისით სარგებლობა მოხუცებისთვის უფასოა. ევა მოსეშვილი ექვსი თვეა, რაც ამ მომსახურებით სარგებლობს. იგი კმაყოფილი და მადლიერია პერსონალის მომსახურებით. "მარტოხელა ქალი ვარ, 7 შვილი მყავს და შეძლებისდაგვარად მაქცევენ ყურადღებას. სანამ ეს ადამიანები მომხედავდნენ მეზობლებისა და სასწრაფოს იმედზე ვიყავი. ახლა იმედი მომეცა, ვიცი, რომ მარტო არ ვიქნები და დამეხმარებიან. ყოველდღე მოდიან ჩემთან, წნევას მისინჯავენ, ხანდახან გადასხმებსაც მიკეთებენ, სარეცხიც მიაქვთ დასარეცხად. ახლახანს ქვაბებიც გამიხეხეს. მათ სიცოცხლის სურვილი დამიბრუნეს",- ამბობს ევა მოსეშვილი.

საწარმოში დასაქმებული ექთნის მზია ლათიაშვილის აზრით, მათმა საქმიანობამ მოხუცებს ცხოვრება შეუმსუბუქა. "თუ ბენეფიციარი კარგად გრძნობს თავს კვირაში სამჯერ მივდივარ მასთან. ხშირად კი ყოველდღე ვემსახურები", - აღნიშნავს ექთანი.
საწარმოს ASB-მ გრანტის სახით 9 ათასი ევრო გამოუყო, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივამ" სარეცხი მანქანა და საჭირო ნივთები შეიძინა. პროექტის განხორციელების წინ ჩატარდა კვლევა და დადგინდა იმ პირების რაოდენობა, რომლებსაც შინ მოვლის სერვისი ესაჭიროებოდათ.

საწარმოს კოორდინატორი მადონა ყაფლანიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე მათ იდეას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ახლა კი მთელი დაბა საწარმოს მადლიერია.

"ხალხს ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა უანგაროდ ვიღაცას დავხმარებოდით. ერთ-ერთმა პიროვნებამ ჩვენს სერვისზე უარიც თქვა. ფიქრობდა, რომ ჩვენ მისი ბინით ვიყავით დაინტერესებული. საწარმოს ამუშავების შემდეგ დაბის მაცხოვრებლებისგან მადლიერებას ვგრძნობთ. მოხუცებს ახარებთ ის, რომ ვიღაც მათზე ზრუნავს", -ამბობს მადონა ყაფლანიშვილი და წუხს, რომ პროექტი დეკემბერში მთავრდება, რასაც ბენეფიციარები ძალიან განიცდიან.

გარდა დაბა კაზრეთისა, ASB-ის და ორგანიზაცია "თანხმობის" ფინანსური მხარდაჭერით სოციალური საწარმო სოფელ ბოლნისშიც შეიქმნა. "საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრში" ჩვიდმეტამდე სოციალურად დაუცველი, ეთნიკურად სომეხი, სკოლამდელი ასაკის ბავშვი იღებს განათლებას სრულიად უფასოდ. დღის ცენტრის მომსახურებაში ასევე შედის ორჯერადი კვებაც. პროექტის კოორდინატორის კარინა ბეჟანიშვილის თქმით, " - დავნერგეთ ბილინგვური სწავლების მეთოდი. გრანტის გამოცხადების შემდეგ გავეცანით სოფლის პრობლემებს. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბავშვები სკოლისთვის ვერ ემზადებოდნენ, ბავშვებმა ქართული, ფაქტობრივად, არ იცოდნენ.  ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ცენტრის გახსნა. ცენტრში ბავშვებს უტარდებათ გაკვეთილები, ვიყენებთ ინტერაქტიული სწავლების მეთოდს, სიტუაციურ თამაშებს."
ბენეფიციარები დღის ცენტრში დილის 10 საათიდან დღის 16 საათამდე იმყოფებიან. პროექტის მთავარი მიზანი ეთნიკური მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაცია და ქართული ენის შესწავლაა. ცენტრში დასაქმებულია ექვსი თანამშრომელი და სამი მოხალისე. თანამშრომელთაგან ოთხი კი ადგილობრივია. დღის ცენტრის მეთოდისტის ლუიზა რეხვიაშვილის აზრით, ამ პროექტმა სოფელს ახალი სიცოცხლე შემატა და მოსახლეობას ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი გაუჩინა. მისი თქმით, "სოფელი მოწყვეტილია რაიონული ცენტრისგან. აქ არც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.  ეს ხალხი ვერ გრძნობდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ. რაც ეს დღის ცენტრი გაიხსნა სოფელში, ცხოვრება გახალისდა. იმდენად კმაყოფილები არიან ჩვენი სერვისით, რომ მოსახლეობა დამატებით ფასიანი ჯგუფის გახსნასაც ითხოვს. მშობლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ თბილისში ექსკურსია დავგეგმოთ, რათა გაიცნონ ქართული საზოგადოების ფასეულობები."

9 ათასი ევროს გარდა ASB -მ დღის ცენტრს კიდევ 2 ათასი ევრო გამოუყო გრანტის სახით სარემონტო სამუშაოებისთვის. აგრეთვე ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და ესტონეთის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საშუალებით დღის ცენტრმა სოციალური საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა. ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელი მარინა სარქისიანი იმედოვნებს, რომ დღის ცენტრი კიდევ დიდხანს გააგრეძელებს მუშაობას. " მადლიერები ვართ ამ ცენტრის. სოფელში ბაღი არ გვქონდა. ახლა კი ჩვენი შვილები ქართულ ენას და ქცევის წესებს სწავლობენ. ჩემს ნათესავებს სურთ, რომ მათი ბავშვებიც მიიღონ აქ. ჩემს შვილს ერთი სული აქვს დღის ცენტრში როდის მოვა, უკვე ქართული ლექსებიც ისწავლა. სკოლისთვის ვამზადებ, მაგრამ ამბობს, რომ სკოლაში წასვლას აქ სიარული ურჩევნია. "  

"მოსწავლე ახალგაზრდობის დღის ცენტრი" - ეს იმ  სოციალური საწარმოს სახელწოდებაა, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ნახიდურში სკოლის შენობაში ფუნქციონირებს. მასში ორმოცამდე სოციალურად დაუცველი და შშმ სკოლის მოსწავლე კვირაში ხუთჯერ ქართულ ენას, ქსოვას და ჭადრაკის თამაშს შეისწავლის. პროექტის მიზანი, ეთნიკური მოსახლეობის და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და გოგონების ცოდნის ამაღლებაა. სოციალური საწარმოს იდეის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალი და სამყაროა". მისი ხელმძღვანელის მარინა ბჟალავას აზრით, სოფელში მწვავედ იდგა ქართული ენის ცოდნის პრობლემა, ასევე ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გაუცხოვებულები იყვნენ, გოგონებს კი არ ჰქონდათ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა, რამაც სოციალური საწარმოს შექმნისაკენ უბიძგა.

"როცა გგონია, რომ ამ გოგონას რაღაცის მიღწევა შეუძლია იგებ, რომ იგი გაათხოვეს. ეს ტრადიცია აქ მცხოვრებ გოგონებს საკუთარი თავის რეალიზაციაში ხელს უშლის, ვცდილობთ ეს შევცვალოთ. დღის ცენტრში ასევე გვყავს შშმ პირებიც. ძალიან გაგვიჭირდა ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონას მშობლების დათანხმება მისთვის დღის ცენტრში სიარულის ნება დაერთოთ. ბავშვი საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი. მშობლებს ავუხსენით, რომ თუ მას მისცემდნენ ნებას ჩვენთან ევლო ის აქ ხელსაქმეს ისწავლიდა, რომელიც მას მომავალში გამოადგებოდა, დამოუკიდებელს გახდიდა და ოჯახს ტვირთად არ დააწვებოდა. ამ საქმეში აზერბაიჯანელი მასწავლებელები ძალიან დაგვიდგნენ გვერდში",- ამბობს მარინა ბჟალავა. ქსოვის მასწავლებლის ლია გაბიძაშვილის თქმით, "ახლა უკვე მამები მოდიან ჩვენთან და მათი გოგონების მიღებას გვთხოვენ. იციან, რომ აქ ნასწავლი მათ შვილებს გამოადგებათ. აქ, გოგონებისა და შშმ პირებისადმი დამოკიდებულებაც თანდათან იცვლება ამ ცენტრის წყალობით."

ცენტრში ბავშვები მონაწილეობას იღებენ მრგვალ მაგიდებში, სადაც ქალთა და შშმ პირების უფლებებს განიხილავენ და სამოქალაქო პრობლემებზე მსჯელობენ. ასევე იმართება ფილმის ჩვენებები და დისკუსიები. ერთ-ერთი ბენეფიციარი აიგუნ ისაევა ამბობს, რომ მას აქ სიარული სახლის საქმეების გაკეთებას ურჩევნია. კერვა და ჭადრაკის თამაში ისწავლა და ახლა ქართულსაც თანდათან სწავლობს. სექტემბრიდან დღის ცენტრს უკვე თექის შემსწავლელი წრეც დაემატება.  

ქვემო ქართლში არსებული სამი საწარმო ASB -სა და "თანხმობის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ჩატარდა კონკურსი, სადაც წარმოდგენილი თერთმეტი სოციალური საწარმოს პროექტიდან შეირჩა სამი საწარმო. შერჩევის პროცესში ASB -სა და "თანხმობასთან" ერთად  სოციალური  მომსახურების სააგენტო და ბოლნისის მუნიციპალიტეტიც იყო ჩართული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო მანაგაძე იმ სოციალურ შედეგებზე საუბრობს, რაც საწარმოების მუშაობამ უკვე გამოიღო.
"თუ შევადარებთ დაბა კაზრეთში ბენეფიციარების ექვსი თვის წინანდელ მდგომარეობას,  განსხვავება მათ შორის ძალიან შესამჩნევია. რაც მთავარია, ამ პროექტმა მოხალისეობის წახალისებასაც შეუწყო ხელი. კაზრეთში შინმოვლის სერვისის თანამშრომლები იმ საქმეებშიც ეხმარებიან ბენეფიციარებს, რაც მათ არ ევალებათ. სოფელ ბოლნისში ბავშვების ასაკობრივი განვითარება ხდება. დარწმუნებული ვარ, ისინი რომ სკოლაში მივლენ, პედაგოგი ნამდვილად იგრძნობს წინა თაობასა და მათ შორის არსებულ განსხვავებებს. ნახიდურში დღის ცენტრის წყალობით გოგონებმა შეძლეს ხალხთან კონტაქტის დამყარება, რაც მათ ადრე ძალიან უჭირდათ.  ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს",- აღნიშნავს ნინო მანაგაძე და იმედოვნებს, რომ სოციალურ მომსახურების სააგენტოსა და სოციალურ საწარმოებს შორის ურთიერთობა კიდევ  გაგრძელდება.  

ASB -სა და "თანხმობის" პროექტი ბოლნისის რაიონში 2014 წლის დეკემბრის თვეში მთავრდება და ამის შემდეგ უკვე საწარმოებს თავისი თავის შენახვა თვითონ მოუწევთ. სწორედ აქედან იწყება ის პრობლემები, რომლის მოგვარების გზებზეც პროექტის კოორდინატორი სოფა ბერია საუბრობს:

"რადგან სოციალური საწარმოები სერვისის მიწოდებაზე არიან ორიენტირებულები. საჭიროა მუნიციპალიტეტმა ცხრა თვის შემდეგ მათზე მეურვეობა იკისროს და ფინანსურად დაეხმაროს, ეს მათ დახურვის საფრთხეს თავიდან ააცილებს", - დასძენს პროექტის კოორდინატორი.

პროექტის ფარგლებში  2013 წლის 22 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბოლნისის მუნიციპალიტეტთან, რათა დეკემბრიდან მუნიციპალიტეტმა საწარმოების ფუნქციონირება საკუთარ თავზე აიღოს.

kkpress.ge ამ თემასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს დავით შერაზადაშვილს ესაუბრა. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ საწარმოების გაჩერება დაუშვებელია, რადგან ისინი ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელია.

"ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტმა ამ საწარმოს ნაწილობრივი დაფინანსება მოახდინოს კერძო ბიზნესთან ერთად. მუნიციპალიტეტი მათ შეძლებისდაგვარად დაუდგება გვერდში. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საწარმოები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხურონ"- აცხადებს დავით შერაზადაშვილი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარდა ASB და "თანხმობის" ეგიდით ზუგდიდში კიდევ ხუთი სოციალური საწარმო შეიქმნა. იმედი 2013, რომელიც უფასო მომსახურებას უწევს ომის შედეგად დაზარალებულ და შშმ პირებს; ძიძის სახლი - "ნანა"; დღის ცენტრი - "ენგური 1", სადაც შშმ პირებს, ობოლებს და სოციალურად დაუცველებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა აქტივობებეში ჩაერთონ; სოციალური საწარმო "სათანჯო", რომელიც ორთოპედიული პროთეზების შეკეთებას ახდენს ზუგდიდში და საწარმო "ოდა", რომელიც ომის შედეგად დაზარალებულ პირებს საყოფაცხოვრებო სერვისს აწვდის. საქართველოში ასევე მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის" სოციალური საწარმო, სადაც შშმ პირები სხვადასხვა ხელნაკეთ სუვენირებს აწარმოებენ.
სოციალური საწარმოების ზუსტი განმარტება არ არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად დიდი ბრიტანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის მიერ შემოღებულ დეფინიციას ხმარობენ. რომლის მიხედვითაც: "სოციალური საწარმო არის ბიზნესი, რომლის უპირველესი მიზანიც სოციალური ხასიათისაა და რომელიც ახდენს მოგების რეინვესტირებას თემში ან ბიზნესში სოციალური მიზნების მისაღწევად. ბიზნესისგან განსხვავებით, მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისთვის და მფლობელებისთვის."

სოციალური საწარმოები მრავლადაა დასავლეთის ქვეყნებში. განსაკუთრებით კი ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში. ამ მხრივ განსაკუთრებულ წარმატებებს ბალტიის ზღვის ქვეყნებმაც მიაღწიეს. აღსანიშნავია პოლონეთი, სადაც სოციალური მიზნების მიღწევაში სოციალური საწარმოები დიდ როლს ასრულებენ. საქართველოში  ეს სექტორი ახლა იდგამს ფეხს. ისეთ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც სერვისის მიწოდებაზე არიან ორიენტირებულები ესაჭიროებათ სახელმწიფოსა და ბიზნესის თანადგომა, რათა განვითარდნენ.

საქართველოში ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივა სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის კოორდინირებულ მოქმედებაშია. პროცესში დიდ როლი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოებას. თუ სახელმწიფოს კეთილი ნება იქნება და კერძო ბიზნესიც ჩაერთვება ამ საქმეში, მაშინ საქართველოში სოციალური საწარმოები კიდევ უფრო გაძლიერდებიან, რაც  არაერთ ადამიანს კვლავ დაუბუნებს სიცოცხლის ხალისს.


ბადრი კობიაშვილი
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments