ნეფარიძეების მრავალშვილიანი ოჯახი, კვლავ სოციალური დახმარების გარეშეა - 19 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

„ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" იანვრიდან წერს შვიდშვილიანი რუსთაველი ოჯახის ცხოვრებაზე. ნეფარიძეების მრავალშვილიანი ოჯახის მთავარი პრობლემა საქართველოში სიღარიბის განსაზღვრის მიდგომებს უკავშირდება.

ოჯახის დიასახლისის ირინე კლდიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თვიდან-თვემდე ძლივს გააქვთ თავი, უკვე ნახევარი-წელია სოციალური დახმარება შეუწყდათ.

„ სააგენტოდან ბოლო შემოწმებისას მიღებულ წერილში წერია, რომ ჩემი ოჯახის ორი წევრი იღებს ანაზღაურებას. საუბარია მამამთილზე, რომელიც 320 ლარს იღებს ხელზე და დედამთილზე, რომლის შემოსავალიც იყო 150 ლარი. დღეს ჩემი დედამთილი იქ, აღარ მუშაობს.

ამ თანხით ოჯახის შენახვა შეუძლებელია. სტაბილური და შემოსავლიანი სამსახური არ აქვს ჩემ მეუღლესაც. ვისაც ეჭვი ეპარება რამეში მოვიდეს და ნახოს, რომ სახლში სკამიც არ მაქვს ნორმალური", - საუბრობს, ირინე კლდიაშვილი.
ამბობს, რომ მისი პრობლემის გაშუქების შემდეგ, მასთან ოჯახში რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ამჟამად მერი - დავით ჯიქია იყო მისული და დახმარებას დაპირდა.

„ არაფერი შეცვლილა ჩვენ ოჯახში მისი სტუმრობის შემდეგად. უბრალოდ, რადგან მოსული იყო, დღეს ყველას და მათ შორის ჩემ ახლობლებს, მეზობლებს ჰგონიათ, რომ დაგვეხმარნენ", - დასძენს, კლდიაშვილი. 

კითხვაზე, რითი დაეხარა მრავალშვილიან ოჯახს - დღეს, უკვე მერი დავით ჯიქია ამბობს, რომ მას რაც შეეძლო გააკეთა და აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით წერილით სოციალური მომსახურების სააგენტოს სათაო ოფისს მიმართა. ამბობს, რომ მისი ნეფარიძეებთან ყოფნის დროს ოჯახის უფროსი დროებით სამსახურში იყო დასაქმებული და ამ კუთხით ოჯახს თხოვნები არ ჰქონია. საუბრობს, რომ რუსთავში ბევრი ადამიანი დგას ასეთი პრობლემის წინაშე და აუცილებელია, საკითხისადმი სახელმწიფოს მიდგომა შეიცვალოს.

რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი გვიხსნიან, რომ აღნიშნული ოჯახი თვითმმართველობისგან იღებს დახმარებას ყველა ბავშვზე, რომლის საერთო რაოდენობაც 150 ლარია. ასევე ოჯახზე გამოწერილია 1 მგზავრობის ტალონი, რომლის აღებაც „ლიბერთი ბანკში" შეუძლიათ. 

სოციალურად დაუცველთა გამოვლენის საკითხის მიმართ - მიდგომის შეცვლის საჭიროებაზე საუბრობს მინისტრი დავით სერგეენკოც. 3 ივლისს მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ამბობს:

,, სოციალურად დაუცველთათვის ქულების მინიჭების სისტემას ჰქონდა ორი ჯგუფის პრობლემა, ერთი ის, რომ ძალიან დიდი არეალი იყო დაკავებული სუბუექტური მომენტისთვის, ანუ სოციალურ აგენტს საკმაოდ დიდი ველი რჩებოდა სუბიექტური გადაწყვეტილებისთვის გარკვეული ინფორმაციის აკრეფისას, და მეორე, საკუთრივ მეთოდოლოგიას ჰქონდა ასევე ხარვეზები, რომელიც პერმანენტულად სწორდებოდა. თუმცა, ვფიქრობ, იუნისეფის დახმარებით მოვახერხებთ ამის სისტემურ გადაწყვეტას. მე ვფიქრობ, შევძლებთ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ, რომ ქულების მინიჭების სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი გახდეს,"- აცხადებდა სერგეენკო და დასძენდა, რომ ახალი პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

პროგრამის დახვეწამდე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოციალურად დაუცველად არ აღიარებული მოქალაქეები სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე რჩებიან.



ამავე თემაზე: რუსთავში 7 შვილიან ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა - 28 იანვარი 2014

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 
 

Comments