რუსთავის საკრებულოს თანამდებობის პირთა საწვავის ხარჯი შესაძლოა 4 200 ლარს გასცდეს + (ვიდეო) - 04 აგვისტო 2014
KKPRESS.GE
დღეს რუსთავის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა. ახლად არჩეულმა საკრებულომ სხვა საკითხებთან ერთად თვითმმართველობის თანამდებობის პირთათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრას დაუჭირა მხარი. ცვლილებები შევიდა საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის #1 132 განკარგულებაში.
საკრებულოზე დასამტკიცებლად გამოტანილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საწვავის ერთი თვის ლიმიტი ასე განისაზღვრა: საკრებულოს თავმჯდომარე - 600 ლიტრი (პრემიუმი); საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები 500-500 ლიტრი (პრემიუმი); საკრებულოს აპარატის უფროსი - 350 ლიტრი; საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილეები 50-50 ლიტრი; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი - 50 ლიტრი.
საწვავზე არსებული ფასების თანახმად, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თვეში 1 300 ლარზე მეტი ღირებულების საწვავი დახარჯოს. საერთო ჯამში საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის დადგენილი საწვავის ლიმიტი 2 100 ლიტრია. ხარჯის საერთო ღირებულება შეადგენს 4 200 ლარზე მეტს.
„ ჩვენ არ გაგვიზრდია საწვავის ლიმიტი, რაც იყო ის დარჩა. აღნიშნული საწვავი დაიხარჯება მხოლოდ ჩვენი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის. პირადად ჩემ შემთხვევაში დაიხარჯება მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის, სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობისთვის, სახელმწიფო უწყებებთან საჭირო კონსულტაციებისთვის და ა.შ"- აცხადებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე.
შეგახსენებთ, რომ საწვავის სამსახურეობრივი ტალონები მუდმივად პრობლემური საკითხი იყო. ჩინოვნიკები, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლების - ბოროტად იყენებდნენ სამსახურეობრივ ავტომობილებთან ერთად საწვავს. გვიან ღამით მათი სამსახურეობრივი ავტომობილები, ხშირად გვხვდებოდნენ რესტორნების და სხვა გასართობი დაწესებულებების წინ. ასევე, საბიუჯეტო თანხებით შეძენილი საწვავი ხმარდებოდა თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების საჭიროებებს.
„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ეცდება თვალყური ადევნოს ბიუჯეტის ხარჯზე შეიქმნიან, თუ არა პირად კომფორტს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ახალი ჩინოვნიკები.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
Comments