გარდაბნის თვითმმართველობაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

KKPRESS.GE

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თვითმმართველობის ახალი კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლება იძულებულია შეცვალოს სამსახურების რიცხოვნობა და საშტატო ნუსხა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, რევაზ ეგაძე - საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხზე საუბრობს.
აცხადებს, რომ თანამშრომელთა ნაწილი დატოვებს სამსახურს, თუმცა ურჩევნია ამ პროცესს სხვა სახელი დაარქვას და ამბობს, რომ „ატესტაციის შედეგები განსაზღვრავს" თანამშრომელთა საკითხს. მისი განმარტებით ამ დროისთვის გარდაბნის თვითმმართველობაში უკვე დასრულებეულია  რეორგანიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება და ხდება სამსახურების დაკომპლექტება.

„ გარდაბნის გამგეობაში ფუნქციონირებდა 13  სამსახური. ახალი თვითმმართველობის კოდექსმა კი მოგეხსენებათ დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტში უნდა იყოს 13 თანამდებობის პირი - მათ რიცხვში შედიან, როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე  გამგებელი და მისი მოადგილეები. შესაბამისად, მოხდა ცვლილებები ჩვენ სამსახურებში. მათი ნაწილი გაერთიანდა, ნაწილი საერთოდ გაუქმნდა და ჩამოყალიბდა განყოფილების სტატუსით.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა გამგებელმა გადაწყვიტა ჰყავდეს 3 მოადგილე - მუნიციპალიტეტში 9 სამსახური ჩამოყალიბდა", - აცხადებს, რევაზ ეგაძე.

გარდაბნის თვითმმართველობაში მოხდა სოციალური სამსახურის გამსხვილება, მასში გააერთიანეს კულტურისა და სპორტის სამსახურები - განყოფილების სტატუსით. ასევე ადმინისტრაციულ სამსახურში გაერთიანდა იურიდიული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები. აგრალური სამსახური კი გახდა ეკონომიკის სამსახურის ნაწილი.

„ მხოლოდ გარდაბნის გამგეობაში იყო 216 საშტატო ერთეული. ახალი თვითმმართველობის კოდექსით მათი რიცხვი 166-მდე უნდა შემცირდეს. საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტს უფლება  აქვს ჰქონდეს 191 საშტატო ერთეული - საიდანაც 25 შტატი ეკუთვნის საკრებულოს", - დასძენს, ეგაძე.

მისი თქმით, სამსახურებში კადრების შემცირება ატესტაციის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა დაზუსტებით როდის და რა ფორმით ჩატარდება აღნიშნული პროცესი თვითმმართველობისთვის არაა ცნობილი.

„ შემიძლია გითხრათ, რომ სამსახურის ხელმძღვანელების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი კადრია, თუცა არიან რუსთავის და თბილისის კადრებიც. პირადად მე, რაც შემეხები ადგილობრივი გახლავართ", - აცხადებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, რევაზ ეგაძე.

შეგახსენებთ, რომ სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის კრიტერიუმებზე „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან" გარდაბნის ახლად არჩეულმა გამგებელმა, გელა (გარსევან) ნიორაძემ 22 ივლისს ისაუბრა. ნიორაძე სამსახურის ხელმძღვანელების შესახებ აცხადებდა, რომ მისი შერჩეული თანამდებობის პირები "ყველანი ადგილობრივები არიან - 10 წლიანი მუშაობის გამოცდილებით გარდაბნის რაიონში."
 ფოტოს წყარო: გარდაბნის თვითმმართველობა


მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments