Friday, September 26, 2014

1 ჰექტარზე 7 ტონა ვაშლი - წარმატებული ინვესტიცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის ტერიტორიაზე, 2012 წელს უკრაინელმა ინვესტორმა ევროპული სტანდარტების ვაშლის ბაღი გააშენა. ვალერი მიშენკომ შპს ,,GU FRUIT" ჩამოაყალიბა, 1 200 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა და 17 ჰ ფართობზე 11 სახეობის  55 000 ნერგი დარგო. ვაშლის ბაღი საირიგაციო სისტემებით არის აღჭურვილი და სეტყვისგან დამცავი ბადე აკრავს.

მოსავლის აღება უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და 1 ჰექტარზე 7 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდებიან. როგორც გენერალური დირექტორი, ქამანდარ მამედოვი აცხადებს, ამ ეტაპზე რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხდება, თუმცა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.

ინვესტორი სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და ვაშლის ბაღების გაშენებას კიდევ 80 ჰექტარზე აპირებს. მომავალი წლიდან კი, უკრაინელი ბიზნესმენი სახელმწიფოსგან სესხის აღებას აპირებს, რითაც სამაცივრე მეურნეობის განვითარებას აპირებს. იგეგმება ასევე, ვაშლის წვენების სახდელი დანადგარის მოწყობაც. 

უკრაინელ ინვესტორს 11 მუდმივი და სეზონზე 10-დან 50-მდე ადგილობრივი მუშახელი ჰყავს დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაც დღიურად 20 ლარს შეადგენს.
წლევანდელი მოსავლის აღებას, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც დაესწრო. გამგებელმა გოგი მეშველიანმა და პირველმა მოადგილემ, დავით შერაზადიშვილმა ვაშლის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.

გოგი მეშველიანი კომპანიის წარმომადგენლებს, ვაშლის ბაღებამდე მისასვლელი, ამორტიზებული გზის კეთილმოწყობას დაჰპირდა.

 „ ბაღი თანამედროვე ევროპული სტანდარტებით არის მოწყობილი, ნერგების სარწყავად წვეთოვანი სისტემაა დამონტაჟებული, სტიქიისგან ვაშლის ბაღს დამცავი ბადე იცავს. მოსავლის მისაღებად ნერგებს 2 წელი სჭირდება, ინვესტორმა წელს პირველი მოსავალი მიიღო - ჰექტარზე 7 ტონა ვაშლი, საქართველოში ევროპასთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა გარემოა და მეტი მოსავალი მოდის. თუ იქ შეწამვლა ხდება 32-ჯერ, აქ წელიწადში 12-ჯერ ვწამლავთ, ყოველ მორწყვაზე 3-დან 5 კგ-მდე სასუქს ვუმატებთ, რომელიც სპეციალურ დანადგარში იფილტრება და ამ სახით მიდის ნერგებამდე, ნაკლები სასუქის მოხმარების საშუალებას ქართული ნოყიერი მიწა იძლევა. ეს ინვესტიცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არ უწყობდეს ხელს საქართველოს კანონი. 5 წლის განმავლობაში ვგეგმავთ ტერიტორიის 100 ჰექტრამდე გაზრდას", - აცხადებს შპს ,, GU FRUIT"-ის გენერალური დირექტორი ქამანდარ მამედოვი.

მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრობს ბოლნისის გამგებელი, გოგი მეშველიანი.

„ მონაწილეობა მივიღეთ ვაშლის კრეფაში. თანამედროვე სტილით მოწყობილი ბაღი მეორე წელია რაც არსებობს. უკრაინელი ინვესტორი ბაღის გაფართოებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის წინსვლა სწორედ იმაშია, რომ ფერმერებმა ნახონ როგორ შეიძლება დღეს არსებული მოძველებული ტექნოლოგიის, თანამედროვე ინტენსიური მეურნეობით ჩანაცვლება. ჩვენი სურვილია მეტმა ადგილობრივმა ფერმერმა იხილოს ეს ბაღი და საკუთარ ნაკვეთზე სცადოს გაშენება. ვაშლის ბაღამდე მისასვლელი 3 კილომეტრიანი გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, შევეცდებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს მომავალში მოვაწესრიგოთ, რათა ფერმერმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება", - ამბობს ბოლნისის გამგებელი.


KKPRESS.GE

No comments: