რუსთავში დევნილთა ნაწილი ბაგა-ბაღებში ბავშვების ჩარიცხვას ვერ ახერხებს - 15 სექტემბერი 2014

KKPRESS.GE

რუსთავში დევნილი ოჯახების ნაწილი ბავშვების ბაღში ჩარიცხვას ვერ ახერხებს. მათ ააიპ „რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება," საჯარო რეესტრიდან ცნობას სთხოვს იმის შესახებ, რომ ბავშვები რუსთავში არიან რეგისტრირებული. ეს მაშინ, როდესაც ოჯახების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის ჩაწერილი, ნაწილი კი მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში ცხოვრობს აცხადებს, რომ საჯარო რეესტრი მსგავს ცნობას არ აძლევს.

ააიპ „რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი, გიორგი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ საკრებულოს გასული წლის აგვისტოში მიღებული დადგენილება გაერთიანებას ავალდებულებს, ასეთი მოთხოვნა წაუყენოს მშობლებს. საკითხზე დამატებითი კითხვების დასმისას გვპასუხობს, რომ ჩვენ არ ვაცლით საუბარს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივედით მასთან და არა ის ჩვენთან.. დევნილებს კი, რომლებიც მერიის შენობასთან საკითხში გასარკვევად შეიკრიბნენ უხსნის, რომ ისინი დევნილთა სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობიდან „ არაზუსტი ინფორმაციებით" არიან წამოსული. რელურად კი პრობლემას წინა საკრებულოს მიღებული დადგენილება ქმნის.
მერიის შენობასთან შეკრებილი დევნილები კი აცხადებდნენ, რომ გასულ წელს მათ ბავშვების დარეგისტრირება ყოველგვარი სირთულეების გარეშე შეძლეს და გაუგებარია წელს რა შეიცვალა. საუბრობდნენ, რომ 2013 წელს რეგისტრაციისთვის საკმარისი იყო დევნილთა ადგილობრივი წარმომადგენლეობიდან ცნობა, რომ დევნილი ოჯახი ნამდვილად რუსთავში ცხოვრობს.

„ წელს, ჩვენ ავიღეთ აღნიშნული ცნობა დევნილთა შტაბიდან, მაგრამ საბავშო ბაღში აგვიხსნეს, რომ ეს არ იყო საკმარისი. არ ვიცით რა გავაკეთოთ. ისედაც ძლივს დავარეგისტრირეთ ბავშვი ამ ელექტრონული სისტემით და ახლა ბაღის გარეშე ვრჩებით", - საუბრობს, აფხაზეთიდან დევნილი, ფატი ჩხვიმლიანი.

შეკრებილ დევნილ ოჯახებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ლომიძე შეხვდა. ლომიძის განცხადებით საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დევნილი ბავშვები ბაღის გარეშე არ დარჩნენ.

„ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დევნილი ბავშვის ბაღში რეგისტრაციისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო საჯარო რეესტრიდან ცნობის წარდგენა, არამედ საკმარისი უნდა იყოს დევნილთა ადგილობრივი სამმართველოს ცნობა. ამისთვის, ალბათ საჭირო გახდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა საბავშო ბაღში რეგისტრაციის წესში. ხოლო იმ დევნილ ოჯახებს ვისაც რეგისტრაცია არ აქვთ რუსთავში, ჩვენ დევნილთა სამინისტროსთან ერთად შევთანხმდებით რა ვადები შეიძლება მივცეთ რუსთავში რეგისტრაციისთვის. ამ დროისთვის შემიძლია გითხვათ, რომ ელექტრონული რეგისტრაციით დაკავებული ადგილები საბავშო ბაღებში, დევნილ ბავშვებს არ დაეკარგებათ. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს", - აცხადებს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ლომიძე.

ფოტო მასალა იხილეთ  ბმულზე ...

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments