„ რეალურად ფული ქეშად აქვს გაცემული“ - რუსთავის მერი სასპორტო სკოლების გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელზე - 22 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

რუსთავის ააიპ „ სასპორტო სკოლების გაერთიანების" ხელმძღვანელი, ნუგზარ ლობჟანიძე ამ ეტაპზე არის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ერთადერთი ააიპ-ის დირექტორი - რომელმაც თანამდებობა დატოვა.

მიუხედავად ამისა, დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები  - მისი წარსული საქმიანობის შესახებ აქტიურად საუბრობენ. ლობჟანიძესთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განცხადება ქალაქის მერმა, დავით ჯიქიამ გააკეთა.
„ გაოცებული ვართ იმ ვითარებით რაც დაგვხვდა სპორტის ააიპ-ში. აღმოჩნდა, რომ ააიპ-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა საკუთარი ავტომობილი, როდესაც ბაზრობაზე ვერ გაყიდა - ააიპს მიჰყიდა. ასევე, წინასწარ აქვს გაცემული სექტემბრის ხელფასები.
მთელი რიგი დარღვევები იკვეთება თანხების გაცემის კუთხით, რეალურად ფული ქეშად აქვს გაცემული", - აცხადებდა, დავით ჯიქია.

აღნიშნულ დაწესებულებაზე საუბრისას დასძენდა, რომ რეალურად იკვეთება მუნიციპალიტეტის ააიპ-ებში აუდიტის შესვლის საჭიროება. „ არავისი დაჭერა არ მინდა ნამდვილად, მაგრამ საჭიროა ამ ყველაფრის გარკვევა", - დასძენდა ჯიქია.
ააიპ „ სასპორტო სკოლების გაერთიანების" ყოფილი ხელმძღვანელი, ნუგზარ ლობჟანიძე ამბობს, რომ ქალაქში ყველა მწვრთნელმა და მშობელმა იცის, მისი მუშაობის შესახებ და მას უკანონო არაფერი უკეთებია.

„ მე არ მიმიყიდია ჩემი ავტომობილი ააიპ-ისთვის. გარკვეული დროის განმავლობაში, რადგან არ ჰყავდა ორგანიზაციას ავტომობილი, ჩემით დავდიოდი. შემდეგ კი შევიძინეთ მანქანა, რომელიც  არ იყო ჩემი საკუთრება. მე, რამდენადაც მახსოვს აღნიშნული ავტომობილი ტენდერით ვიყიდეთ. რაც შეეხება, ხელფასების წინასწარ გაცემას ყველაფერი პროგრამულად ხდებოდა, თუ რამე ცვლილება ხდებოდა კიდე ყველაფერი გაგვქონდა საკრებულოზე და ოფიციალური თანხმობის შემდეგ კეთდებოდა", - აცხადებს ლობჟანიძე. ამბობს, რომ თანამდებობა დატოვა, რადგან ქალაქის მმართველობაში ახალი გუნდი მოვიდა და ჩათვალა, რომ ასე სჯობდა.

„ 4 წელი ვემსახურე ამ საქმეს, თუ როგორ ეს შეგიძლიათ მწვრთნელებს და მშობლებს ჰკითხოთ - თავის სამართლებელი არაფერი მჭირს", - დასძენს, ნუგზარ ლობჟანიძე.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments