შშმ პირებზე „ზრუნვა“ რუსთავსა და გარდაბანში - 26 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

„ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა, როგორია ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. რა კეთდება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ  შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისთვის?

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით ქვემო ქართლში  სულ  რეგისტრირებულია 6 713  შშმ პირი. მათი ყველაზე მეტი რაოდენობა რუსთავსა და გარდაბანში ცხოვრობს.

დღეის მდგომარეობით რუსთავში 2 703 შეზრუდული შესაძლებლობის რუსთაველია. მათი ნაწილი ეტლით გადაადგილდება და არა, თუ ქალაქის სხვადასხვა უბნებში - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშიც ვერ შედის.

„ მერიის შენობა გასულ საუკუნეში არის აშენებული. ამის ადაპტირება შშმ პირებისთვის საკმაოდ რთულია. ჩვენ ვმუშაობთ დაპროექტებაზე. ზუსტად თარიღს ვერ გეტყვით, როდის მოხდება მაგრამ წელს ნამდვილად მოესწრება.

რაც შეეხება, ახალ მშენებლობებს ყველგან არის გათვალისწინებული შშმ პირთა საკითხი და ნებართვების გაცემისთვის ეს აუცილებელი პირობაა. ჩვენ ასევე, გვაქვს შშმ პირებისთვი სპეციალური საპირფარეშოები გაკეთებული ცენტრალურ პარკში", - აცხადებს, რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, გიორგი არჩვაძე.

ადმინისტრაციული შენობის ადაპტაციის პრობლემის გამო, რუსთავის მსგავსად, თვითმმართველობის მუშაობაში ვერ ერთვება/ვერ ესწრებიან საკრებულოს საჯარო სხდომებს - გარდაბანში მცხოვრები შშმ პირები. მათი ნაწილი, რომელიც ეტლებით გადაადგილდება და არ აქვს გონებრივი შეზღუდვები - არაა ჩართული რაიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თუმცა, რუსთავისგან განსხვავებით გარდაბანში, სადაც 980 შშმ პირია რეგისტრირებული აცხადებენ, რომ აქვთ ადმინისტრაციული შენობის შშმ პირებისთვის ადაპტირების პროექტი.

„ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინფრასტრუქტურის სამსახურს ბაკურ ზურაბიანი ხელმძღვანელებდა, მომზადდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შშმ პირებისთვის მთელი შენობის ადაპტაციას და არა მხოლოდ შემოსასვლელის და პირველი სართულის. პროექტის ღირებულება შეადგენს 120 ათას ლარს და ის გაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამსახურში - ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაიგზავნა.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და არ არიან აღნიშნული პროექტის დაფინანსებაზე წინააღმდეგნი, თუმცა რამდენადაც ჩვენ ვიცით, უახლოეს პერიოდში, გეგმავენ ერთიანად ყველა ადმინისტრაციული შენობის ადაპტაციას", - აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, არმაზ ხარძიანი.

გარდა ადმინისტრაციული შენობებისა,  შშმ პირებისთვის სირთულეს წარმოადგენს მათი საცხოვრებელი შენობებიდან/ზოგ შემთხვევაში კორპუსებიდან - რამდენიმე საფეხურზე ჩამოსვლა და საჭიროებენ პანდუსს. ამ მიმართულებითაც ადგილობრივი ხელისუფლების ნაკლები ყურადღების გამო - პრობლემებს აქტიური მოქალაქეები აგვარებენ. ერთ-ერთი, მსგავსი სირთულის მქონე შშმ პირს რუსთავში, პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაცია სოცკოდექსმა მოუგვარა.

დღეისთის შშმ პირებზე ზრუნვა, როგორც გარდაბანში ასევე, რუსთავში -  მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფი შშმ პირების ცენტრის დაფინანსებით შემოიფარგლება.

როგორც რიგითი რუსთაველები ვერ ხედავენ მათ ქუჩებში ეტლით მოძრავ თანაქალაქელებს - ასევე ვერ ხედავედ ადგილობრივი თანამდებობის პირები, საზოგადოების ამ ნაწილის პრობლემებს და წლები უნდებიან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.       
https://www.youtube.com/watch?v=zcPLpxfF8Hc

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments