მუნიციპალიტეტმა საშტატო ნუსხაში ცვლილებები შეიტანა – განისაზღვრა საჯარო მოხელეთა ანაზღაურება - 29 აგვისტო 2014

KKPRESS.GE

რუსთავის საკრებულომ 12 აგვისტოს მიღებულ განკარგულებაში, რომელიც მერიის საშტატო ნუსხას განსაზღვრავდა, ცვლილებები შეიტანა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მერიის გამსხვილებულ სამსახურებს არ ეყოლებათ 2-3 მოადგილე, როგორც ეს წინა საშტატო ნუსხაში იყო მითითებული.

„ თქვენ შეამჩნევდით, რომ გაიზარდა მთავარი სპეციალისტების რაოდენობა. ასე მოხდა იმის გამო, რომ მომავალში სამსახურებში ჩამოყალიბდება განყოფილებები, სადაც მთავარი სპეციალისტები გადანაწილდებიან", - აცხადებდა, დავით მაღლაკელიძე. 

ახალ საშტატო ნუსხას დაემატა მერის წარმომადგენლების საშტატო ერთეული. აღნიშნულ საკითხზე, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოხატეს და განაცხადეს, რომ მერია საკითხებს თანმიმდევრულად არ უდგება და მათში ბევრი გაურკვევლობაა.

მათი განცახდებით, ერთის მხრივ მერია ამბობს, რომ მერის წარმომადგენლებს ეყოლებათ სამუშაო ჯგუფები, თუმცა ვინ შედის ამ ჯგუფში და წევრთა რაოდენობას (და სტატუსი) - არაა ჯერ განსაზღვრული. რაზეც მერიის იურისტი, ლია მეტრეველი განმარტავდა, რომ სამუშაო ჯგუფი, უკვე შექმნილია და მერიაში მუშაობს.

დღევანდელ სხდომაზე, რუსთავის საკრებულომ მერიის მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრა. ახალი დადგენილების თანახმად ქალაქის (მუნიციპალიტეტის) მერის ანაზღაურებად განისაზღვრა - 2 750 ლარი; მერის პირველი მოადგილე - 2 050 ლარი, მერის მოადგილე - 2 050 ლარი; მერიის სამსახურის უფროსი - 1 490 ლარი; მერიის სამსახურის უფროსის მოადგილე - 800 ლარი; მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირები - 800 ლარი; მერიის მთავარი სპეციალისტი - 580 ლარი; მერიის წამყვანი სპეციალისტი - 560 ლარი; მერიის უფროსი სპეციალისტი - 540 ლარი; მერიის სპეციალისტი - 520 ლარი. 

 
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments