რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს ხელფასი დანიშნვისთანავე გაუზარდეს

KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გაირკვა, რომ მუნიციპალური აიპის „რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" გასულ კვირას დანიშნულ დირექტორს, გიორგი მაღლაფერიძეს - ხელფასი დანიშვნისთანავე გაუზარდეს. ის მისი წინამორბედისგან განსხვავებით 1 210 ლარის ნაცვლად 1 490 ლარს აიღებს. 
„ რა დამსახურებისთვის გაეზარდა ბატონ გიორგის დანიშნვისთანავე ხელფასი?! თქვენ ამბობთ, რომ ბაღების კვების თანხიდან ეკონომია დაგრჩათ 20 000 ლარი, ანუ კვების ფულით გაიზარდეთ ხელფასი?!", - მიმართავდა გაერთიანების ხელმძღვანელს, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნათია ნადირაშვილი.

საკითხზე განმარტებებს აკეთებდა გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი მაღლაფერიძე. მისი თქმით ხელფასი არ გაზრდილა კვების ხარჯზე და გაერთიანებას აქვს სხვა თანხებიც. აცხადებდა, რომ საბავშო ბაღებში კვების რაციონს არაფერი მოაკლდება და ეს საკითხი განხილვის საგანი არც ყოფილა. 

გაერთიანების დოკუმენტაციაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობდა, საკრებულოს ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა იმედაშვილი.

განმარტავდა, რომ არასწორად არის დათვლილი თანამშრომელთა 10 თვის ხელფასი და ასევე შეცდომით არის ჩაწერილი, თითქოსდა აიპის ხელმძღვანელის ხელფასი გაიზარდა მარტის თვიდან და არა 9 სექტემბრიდა. 

„ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეცდომა არის დაშვებული იმისთვის, რომ როგორმე მომხდარიყო ბატონი გიორგისთვის ხელფასის გაზრდა და ეს ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ არ დამდგარიყო გაერთიანებისთვის განკუთვნილი სახელფასო სუბსიდიის გაზრდის საჭიროება", - საუბრობს, ზაზა იმედაშვილი, რომლის მეუღლეც ცოტა ხნის წინ აღნიშნულ გაერთიანებას ხელმძღვანელობდა და პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა.

წარმოქმნილ პრობლემაზე თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ტექნიკურ შეცდომას. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღლაკელიძის განცხადებით აიპ-ის ხელმძღვანელს ნამდვილად ეკუთვნის 1 490 ლარიანი ხელფასი. უზუსტო დოკუმენტის შესახებ კი ამბობს, რომ სანამ ციფრები არ გასწორდება მასზე ხელის მოწერას არ აპირებს. 

რუსთავის ბაღების გაერთიანებას გიორგი მაღლაფერიძე 9 სექტებრიდან ხელმძღვანელობს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის მერის, დავით ჯიქიას ბრძანებით დაინიშნა. მაღლაფერიძე წინასაარჩევნო პერიოდში ჯიქიას საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments