ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების პრემიები

KKPRESS.GE

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა მონაცემები, 2013 წელს გაცემული პრემიების შესახებ. 

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი- KKPRESS.GE" გთავაზობთ იმ გამგებლების/მერის პრემიების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც დარჩნენ თანამდებობებზე და ამჟამადაც მუშაობენ გამგებლის/მერის სტატუსით. 

გასულ წელს, 4 000 ლარის პრემია აქვს აღებული რუსთავის არჩეულ მერს, დავით ჯიქიას. პრემია გაცემილია 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში. მარნეულის არჩეულ გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს კი 2013 წელს აღებული აქვს 7 950 ლარის პრემია. თანხები გაცემულია ოქტომბერის, ნოემბერის და დეკემბრის თვეებში. დმანისის არჩეულ გამგებელს, გოგი ბარბაქაძეს პრემია მიღებული აქვს 2013 წლის აპრილი-დეკემბრის თვეებში. საერთო ჯამში, გასულ წელს მას მიღებული აქვს პრემია 5 300 ლარის ოდენობით. 

პრემიების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს წალკის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობს წარსულში რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - დღეს, უკვე წალკის რაიონის არჩეული გამგებელი, ილია საბაძე. 

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად გარდაბნის მუნიციპალიტეტს მართავს წელს არჩეული გამგებელი - საინტერესო აღმოჩნდა მისი წინამორბედი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ნუგზარ ჩადუნელის პრემიები. გაირკვა, რომ ჩადუნელს გასულ წელს გარდაბნის ბიუჯეტიდან აღებული აქვს საერთო ჯამში 23 800 ლარის პრემია. 
პ.ს შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები მომზადებულია, მხოლოდ 2013 წლის თვეების მიხედვით. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments