„სახლებში ვართ გამოკეტილები!“ - რუსთაველი შშმ პირები - 07 ოქტომბერი 2014

KKPRESS.GE

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოძრაობამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" შეხვედრა გამართა. ღონისძიებას შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების გარდა - რუსთავის საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე გამოიკვეთა ყოველდღიური პრობლემები, რომელსაც სპეციალური საჭიროების მქონე რუსთაველები აწყდებიან.

„ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიორგი ახმეტელმა განაცხადა, რომ შშმ პირთა საზოგადოებრივ საკითხებში ნაკლები ჩართულობის მაჩვენებელია ის, რომ რუსთავში ბორდიურების მოწყობა ისე მოხდა, რომ შშმ პირთა საჭიროებები არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, კონკრეტულ პრობლემებზე ისაუბრეს შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც. ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა - ქალაქში ტრანსპორტის სფეროში არსებული ვითარება. მოწვეულმა შშმ პირებმა განაცხადა, რომ საჭიროა ტრანსპორტის თუნდაც მცირე ნაწილის ადაპტირება, რადგან არსებული მდგომარეობის გამო - საზოგადოების აღნიშნული ნაწილი სახლებშია გამოკეტილი. 


„ნერვული დაავადებებით დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს, შშმ პირთა სხვა საჭიროებებზეც. მათ „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარეს კვლევა, სადაც მათი თქმით გამოიკვეთა, რომ ქალაქში დღის ცენტრის მომსახურება 30-მდე შშმ პირს სჭირდება და აუცილებელია მათთვის ვაუჩერული დაფინანსება.

ასევე, აღნიშნული ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა შშმ მოსწავლეებთან მომუშავე პირები ფულადი თანხებით წახალისდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირინე ჭიოკაძის თქმით, გასულ წელს გარკვეულ ფინანსურ დანამატს სპეციალური საჭიროების მქომე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგები (რუსთავის მე-18 სკოლაში) იღებდნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თუმცა წელს ეს დაფინანსება შეწყდა.

შშმ პირთა პრობლემების მოსმენის შემდეგ, რუსთვის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ელზა ლეკვეიშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაში ჩართოს საზოგადოების ეს ნაწილი და ყველა მათთვის პრიორიტეტული საკითხი განიხილოს მათთან ერთად. ასევე, ლეკვეიშვილის განცხადებით, რუსთავის მუნიციპალიტეტი მუშაობს ქალაქში არსებული ყველა საბავშვი ბაღის პირველი სართულის შშმ პირებისთვის ადაპტირების საკითხზე, იგეგმება ასევ რუსთავის მერიის შენობის პირველი სართულის ეტლით მოძრავი მოქალაქეებისთვის ადაპტირება.

„ ჩვენ გვინდა შეიქმნას შშმ პირთა ორგანიზაციების ქსელი, რომელიც როგორც ფედერალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე შეძლებს შშმ პირთა პრობლემების ლობირებას. 

რაც შეეხება შეხვედრას, როგორც წესი დაპირებებს ყოველთვის ვიღებთ, რადგან ჩვენ დასახელებულ საკითხებს კონტრარგუმენტი არ აქვს. სამწუხაროდ, როდესაც საქმე შესრულებაზე მიდის - იქ, უკვე შედეგი ნაკლებია. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ურთიერთობა, ამ ეტაპზე მივიღეთ ღიაობა რუსთავის მუნიციპალიტეტისგან", - საუბრობს, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" წარმომადგენელი, გიორგი ახმეტელი.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments