„ სანიაღვრე სისტემები მუნიციპალიტეტს გადაეცემა“ - რუსთავის მერის მოადგილე

KKPRESS.GE

რუსთავის მერის მოადგილე, ნოდარ შეროზია ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს. აცხადებს, რომ რუსთავისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - სანიაღვრე სისტემებს უკავშირდება, რომლის გაუმართავი მუშაობის შედეგად ქალაქი პერიოდულად იტბორება.


„ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შედგა მოლაპარაკება „თბილისის წყალთან" და უახლოეს მომავალში მოხდება აღნიშნული სისტემების ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა. ეს არ ყოფილა, მხოლოდ ზეპირი შეთანხმება, უკვე დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტების შედგენა.

სანიაღვრე არხების ქალაქისთვის გადმოცემის შემდეგ, მოხდება აღნიშნული სისტემის შესწავლა და სრულად რეაბილიტაცია",- საუბრობს, შეროზია. 

სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მოსახლეობის 70% ახალ რუსთავში (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) ცხოვრობს და ალბათ, ამიტომაც პროექტების დიდი ნაწილი, სწორედ ქალაქის აღნიშნულ ნაწილში ხდებობა. 

„ ჩვენ ვცდილობთ თანაბარი ყურადღება მივაქციოთ, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა სანაპიროს. მომავალ წელს იგეგმება ძველ რუსთავში 116-მდე კორპუსის სახურავის გადახურვა და გარე განათების მოწესრიგება. 

ვმუშაობთ ასევე, რუსთავის გამწვანების/ქარსაცავი ზოლების შექმნის საკითხზეც, ტექნიკური წყლის სისტემის შექმნაზე და საბავშო მოედნების მოწყობის მიმართულებით", - დასძენს, რუსთავის მერის მოადგილე. 

აცხადებს, რომ მომავალი წლიდან რუსთავში „ფეხბურთის ფედერაცია" იწყებს საფეხბურთო სკოლის მშენებლობას, 21-ე მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით, აღნიშნული სკოლა იქნება - სპორტკომპლექსი, სადაც სპორტსმენებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. 

კითხვაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებისას ითვალისწინებს, თუ არა მუნიციპალიტეტი რუსთავში მცხოვრებ შშმ პირთა სპეციალურ საჭიროებებს. ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტორი გათვალისწინებულია და ამ დროისთვის, უკვე შესყიდულია პროექტები - ეტლით მოძრავი მოქალაქეებისთვის რუსთავის მერიის და თეატრის შენობის ადაპტირების. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტისმითითებით 

Comments