არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას, რუსთავის საკრებულოს წევრებმა ,,საქმის გარჩევა“ დაიწყეს + (ვიდეო) - 05 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

რუსთავის თვითმმართველობაში დილის 12 საათისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე, რომლის მიზანიც სამოქალაქო სექტორისთვის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობა იყო, მონაწილეთა ნაწილი ადმინისტრაციული შენობის ფოიეში ნახევარი-საათი იცდიდა. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტმა შეხვედრაზე შშმ პირთა ორგანიზაციები მოიწვია, თუმცა - შესაძლო სირთულე, რაც ეტლით მოძრავ პირს შეიძლება შექმნოდა ვერ გაითვალისწინა. 

შედეგად, მერიის თანამშრომელთა დახმარებით საკრებულის დარბაზში - ეტლით მოსარგებლე „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელი, გიორგი ახმეტელი - ხელით აიყვანეს. 


შეხვედრაზე დაგვიანებით შესულთა შორის აღმოჩნდა, საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კახა ბარათაშვილიც. ღონისძიების მიმდინარეობისას მან ორგანიზატორებს - ორგანიზების კუთხით შენიშნვა მისცა, რასაც საკრებულოს წევრთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მასპინძლების ხანგრძლივი კამათის შემდეგ, სამოქალაქო სექტორმა კითხვების დასმა შეძლო. ფსიქოლოგი, ნინო ნანუაშვილი კითხვით რუსთავის ვიცე-მერს, გიგი ტაბატაძეს მიმართავდა. კითხულობდა, ბოლოდ როდის ჩაატარა მუნიციპალიტეტმა მის ბალანსზე მყოფი ააიპ „რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის" მონიტორინგი.

ნანუაშვილი დაინტერესდა, როგორ ამოწმებს თვითმართველობა, რამდენად ხარისხიანი სერვისები მიეწოდებათ შშმ პირებს.

,, არც ერთ მშობელს არ მოუმართავს პრეტენზიით", - პასუხობდა ვიცე-მერი. ფსიქოლოგი, ნინო ნანუაშვილი კი დასძენდა, რომ ცენტრი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც თანამშრომელთა, ასევე ბენეფიციართა უფლებების შელახვით და თვითმმართველობა ქვეყანაში, უკვე ასრებული სტანდარტების მეშვეობით - უნდა ახდენდეს ცენტრის მონიტორინგს. 

შშმ პირების საჭიროებებზე ასევე, ისაუბრა „ნერვული დაავადებებით დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაციამ." ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვანია ინკლუზიის სისტემა დაინერგოს საბავშო ბაღებშიც. საერთო კითხვა კი, რომელიც შეხვედრის მონაწილე შშმ პირთა ორგანიზაციებს ჰქონდათ - რუსთავის მომავალი წლის ბიუჯეტში შშმ პირთა საჭიროებებზე დასახარჯ თანხებს უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ დღეის მდგომარეობით ერთადერთი პროგრამა, რომლის განხორციელებაც მომავალში, კონკრეტულად შშმ პირებისთვის იგეგემება - უსინათლოთა კომუნალურ გადასახადებზე დახმარებს გულისხმობს. 

შშმ პირთა ორგანიზაციებს ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნები თვითმმართველობის მიმართ, როგორც გარემოს, ტრანსპორტის - ასევე, შშმ პირთ დასაქმების კუთხით. 
,, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ყოველშემთხვევაში მათ ვინც აქ იყვევ - არ აქვთ ინფორმაცია იმ ვალდებულებების შესახებ, რასაც მათ გაეროს შშმ პირთა კონვენციის შესაბამისად, მთავრობის სამოქმედო გეგმა აკისრებთ.

ის მოთხვნები, რასაც მათ ჩვენ ვუყენებთ, როგორც შენობების ადაპტირების, ასევე ტრანსპორტის მიმართებით - თვლიან, რომ ეს არის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. მათ საუბარში დაყვედრების ხასიათის ნოტები ისმის. ზოგადი შთაბეჭდილება ამ შეხვერდიდან ასეთი მაქვს და ვნახოთ მომავალში რა იქნება. 

სამწუხაროდ თქვენ თვითონაც ნახეთ, რომ ეს შენობაც კი არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული..", - საუბრობს „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" წევრი და პროექტების კოორდინატორი, ნინო ბაიდაური.

შეხვედრის მონაწილე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ თვითმმართველობამ ბიუჯეტში ადგილობრივი ინიციატივების დასაფინანსებლად გაითვალისწინოს თანხები. რაზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პასუხობდნენ, რომ ამ დროისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში მსგავსი ხარჯები არ არის ჩადებული. 

,, განვიხილეთ ის პროექტები, რაც დაგეგმილი გვაქვს 2015 წლისთვის. ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს საკუთარი თავი და წინადადებები. დაისვა საკითხი პანდუსების საჭიროებასთან დაკავშირებით, რაზეც მუნიციპალიტეტი მუშაობს. 

მომავალი წლის ბიუჯეტში კი ჩვენი პრიორიტეტები იქნება კვლავ გზების, სახურავების რეაბილიტაცია და უბნებში სპორტული, საბავშვო მოედნების მოწყობა", - აცხადებდა, შეხვედრის ბოლოს, რუსთავის ვიცე-მერი გიგი ტაბატაძე.




kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments