სტამბულის ბაზრის მოვაჭრეთა ნაწილმა აქცია მოაწყო - 14 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE

დღის პირველ ნახევარში, რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის სასურსათო ნაწილის მოვაჭრეებმა აქცია მოაწყვეს. ,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის - KKPRESS.GE" ადგილზე მისვლისას - აქცია დაშლილი იყო, თუმცა ბაზარში შესული მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ მათი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

,, მოვედით დილით და ბაზრის კარი დაკეტილი დაგვხვდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს სრული მოულოდნელობა იყო, გვეუბნებოდნენ რომ ასე გააკეთებდნენ, მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამას..


შესაბამისად გავედით და გადავკეტეთ გზა. პრობლემა კი იმაშია, რომ არ გვყავს მყიდველი და ვერ ვიხდით გადასახადს. ჩვენთან არ მოდის მყიდველი, რადგან გარეთ დგანან გარემოვაჭრეები და იქ, ყიდულობენ. იგივე მეთქმის ე.წ საბითუმო მოვაჭრეებზეც, რომლებიც ასევე აქვე მუშაობენ. მათ გამო, ჩვენ ბაზარში მყიდველზე მეტი გამყიდველია",- საუბრობს ერთ-ერთი მოვაჭრე თამარ გოგაშვილი.

ამავე აზრზე არიან სხვა მოვაჭრეებიც. გვიხსნიან, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ ერთი სავაჭრო რიგი ჩაუკეტათ.

თავისი მხრივ, ბაზრის ადმინისტრაცია ამბობს, რომ სურსათის განყოფილება (ბაზარი) ვერაფრით მიაჩვია გადასახადის გადახდას. გვიხსნიან, რომ მათ ვალდებულებები აქვთ საგადასახო კუთხით და ვერ დაუშვებენ, რომ მოვაჭრეთა მიერ გადასახადის გადახდა მოუწესრიგებლად ხდებოდეს.

,, მასიურად არ იხდიან გადასახადს. მე რა გავაკეთო მითხარით?! ჯერ გადავკეტე ერთი რიგი, ვიფიქრე ამ ზომის მიღების მერე მაინც გადაიხდიან-მეთქი, მაგრამ თვითნებურად შევიდნენ.

მესმის ის გარემობაც, რომ ნაკლები ჰყავთ მყიდველი. ამ კუთხით გარემოვაჭრეების საკითხზე და სხვა მოსაგვარებელ თემებზე მომავალი კვირიდან ვიწყებთ მერიასთან თანამშრომლებას", - საუბრობს შპს ,,ერთობის" დირექტორი, მამუკა ცხოვრებაძე.
ამბობს, რომ გარემოვაჭრეები დგანან გზის პირზე, რომელიც არ არის ბაზრის ადმინისტრაციის საკონტროლებელო ტერიტორია და აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად არა ერთხელ მიმართეს რუსთავის თვითმმართველობას.

რაც შეეხება გადასახადს აცხადებს, რომ 80 სმ დახლზე ორი ლარია გადასახადი, თუმცა კეთდება შეღავათები და ძირითადად მოვაჭრეებს ევალებათ 1 ლარის, ან 1.50 გადახდა.
ამბობს, რომ გადასახადის გადახდის გარეშე ბაზარი ვერ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას და საჭიროა სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.

პ.ს ფოტო არის ზოგადი თემატიკით შერჩეული და არ წარმოადგენს აქციაზე გადაღებულ კადრს.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments