რუსთავში ხვალ დაგეგმილი აქტივობები და დედაქალაქში დაანონსებული აქცია - 14 ნოემბერი 2014

KKPRESS.GE     

"რუსთაველებს 15 ნოემბერს აქციაზე არ უშვებენ "- აცხადებენ ,,თავისუფალი ზონის" რუსთავის ორგანიზაციაში. საუბრობენ, რომ თვითმმართველობამ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები არ წავიდნენ აქციაზე, ხვალ რამდენიმე აქტივობა დაგეგმა.

კონკრეტულად კი ,,თავისუფალი ზონა" თავის ინტერნეტ სივრცეში წერს - ააიპ ,,რუსთავის კორპუსის" ხვალ 17:00 საათზე დაგეგმილ თათბირზე, სადაც კორპუსების მამასახლისები უნდა შეხვდნენ ქალაქის მერს. მეორე დაგეგმილი ღონისძიება კი არის, ასევე რუსთავის ბიუჯეტის ბალანსზე მყოფი ბაგა-ბაღების გაერთიანების ააიპ-ის მიერ დაანონსებული. აღნიშნული გაერთიანება ხვალ, ყველა საბავშო ბაღში ,,შაბათობას" აწყობს.

თემაზე რუსთავის მუნიციპალიტეში აცხადებენ, რომ ამ ორი აქტივობის გარდა ხვალ, გუბერნიის ინიციატივით 4 000 ნერგის დარგვა იგეგმება, 13:00 საათზე რუსთავის პარკში.
,, ყველა ღონისძიებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი დაგეგმა დიდი ხნით ადრე მოხდა და ხვალინდელ აქციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვისაც სად უნდა იქ მივა. უნდათ წავლენ აქციაზე და უნდათ ამ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ხეების დარგვა პარკში არის გუბერნიის ორგანიზებული და რგავენ ახლა რადგან არის ხეების დარგვის სეზონი და ამინდიც არის შესაბამისი. რაც შეეხება ,,რუსთავის კორპუსს" - მოგეხსენებათ კორპუსების მამასახლისებს აქვთ თავიანთი სამსახურები და შეხვედრისთვის მათთვის უქმედღე იყო მოსახერხებელი. ასევე, მნიშვნელოვანია მერთან ახლა ამ შეხვედრის გამართვა, რადგან ხდება 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირება.

ბაღებში კი ,,შაბათობის" მოწყობა, რაც ასევე ხეების დარგვით გამოიხატება - დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ღონისძიებაა. ყველა კონკრეტული ოლქის მაჟორიტარი თავის ტერიტორიულ ერთეულში არსებულ ბაღს ესტუმრება და ხეების დარგვაში მიიღებს მონაწილეობას", - აცხადებს, რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ აქუბარდია.

კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც ხვალ იმართება საქველმოქმედო ხასიათისაა. რუსთაველებს სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევებს ადგილობრივი #1 პოლიკლინიკა სთავაზობს. ,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის - KKPRESS.GE"--ს ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობის თარიღის განსაზღვრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით არ მომხდარა. თუმცა ღონისძიების შესახებ თანამდებობის პირთა ინფორმირების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა გამოკვლევებზე მისვლის მსურველთათვის უფასო ტრანსპორტის გამოყოფა. 

თვითმმართველობაში კი საკითხზე აცხადებენ, რომ ტრანსპორტით დახმარება მათ თავად #1 პოლიკლინიკამ სთხოვა.

მუნიციპალური უფასო ტრანსპორტი, ხვალ 10 საათიდან მერიასთან დადგება და სამედიცინო აქციაზე წასვლის მსურველ რუსთაველებს მოემსახურება.
ფოტოს წყარო: რადიო ,,თავისუფლება"


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments