რუსთავის მუნიციპალიტეტს 6 მილიონიანი ტრანსფერიდან 1 მილიონ ლარამდე გადარჩა

KKPRESS.GE

მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტების უმრავლეოსობას თითქმის ამოწურული აქვს წლევანდელი ბიუჯეტი, რუსთავის თვითმმართველობა 2 ტენდერს აცხადებს.


მუნიციპალიტეტი შეისყიდის შემდეგ მომსახურებას: #8, #18, #22, #25, #32 და #33 ბაგა-ბაღების სველი წერტილებისა და წყალკანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელთა სავარაუდო ღირებულებაც  484 428 ლარია.  მეორე ტენდერის თანახმად კი მუნიციპალიტეტი ელექტრონული ტენდერით არჩევს შემსრულებელს რუსთავში გზებისა და შიდაკვარტალური ეზოების ბეტონის საფარის  რეაბილიტაციისთვის. აღნიშნული შესყიდვის სავარაუდო, ღირებულება 498 520 ლარია.
საერთო ჯამში, წლის ბოლოს თვითმმართველობას აქვს ფინანსები შეისყიდოს  982 948 ლარის მომსახურება.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა, რატომ არ აქვს თვითმმართველობას ამ დრომდე ათვისებული აღნიშნული თანხა და რატომ დაგეგმა ბაღებში სარემონტო სამუშაოები, როდესაც სასწავლო პროცესი, უკვე დაწყებულია და რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა - გზების რეაბილიტაცია ზამთრის დასაწყისში.

მუნიციპალიტეტში გვიხსნიან, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ეკონომიას, რომელიც დარჩათ ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერიდან. გვპასუხობენ, რომ ტენდერები აღნიშნულ დრომდე ვერ გამოცხადდებოდა, რადგან თანხები სხვადასხვა ტენდერებიდან ეკონომიის შედეგად შეიკრიბა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის პოზიცია გაგვაცნო განმარტავს, რომ ტენდერების გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ თანხის, ცენტრალური ბიუჯეტისთვის დაბრუნება მოუწევდათ.

მუნიციპალიტეტი თავდაპირველად პროექტებზე მუშაობისას ფინანსური მიმართულებით  შეცდომების დაშვებას გამორიცხავს და დარჩენილ ეკონომიას პრობლემად არ აღიქვამს.

მთავრობის 20 იანვრის #78 განკარგულებით რუსთავის მუნიციპალიტეტს  6 158 450 ლარი გამოუყვეს. აღნიშნული 982 948 ლარიც ამ თანხის ნაწილია.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments