,, ჩვენ გვაქვს უფლებები მხოლოდ ფურცელზე“ - შშმ პირთა მშობლები - 01 დეკემბერი 2014

kkpress.ge

,, ჩვენ უფლებებს ძალა არ აქვს, ჩვენ გვაქვს უფლებები მხოლოდ ფურცელზე" - აცხადებს ,, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" რუსთავში ორგანიზებული ტრენინგის მონაწილე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი.

ყვება თავისი შვილის ისტორიას, რომელიც აუტისტია და სჭირდება სკოლა, სადაც მისი სწავლებისთვის შესაბამისი უნარების მქონე პედაგოგები ეფექტურ სასწავლო გეგმებს შეადგენენ და სადაც შეძლებს მეგობრობას სხვა თანატოლებთან.

შშმ პირის მშობელი ამბობს, რომ არა ერთ მის მდგომარეობაში მყოფ დედას ესაუბრა და იცის, რომ ასეთი სკოლის პოვნა არც ისე ადვილია.

ის, რომ ოფიციალურად ინკლუზიური სკოლა არ ნიშნავს რეალურად გარემოს, სადაც ხარისხიანი სერვისები მიეწოდება საზოგადოებას ამ ნაწილს - იცის ,, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ. ამბობს, რომ ქვეყანაში ამ და სხვა მიმართულებით საჭიროა სისტემური ცვლილებები.

,, მე ვერ ვიტყვი, რომ შშმ პირთა საკითხების მიმართ არის დაბალი ცნობიერება. რეალურად არსებობს არასწორი ცნობიერება. მათ დღესაც სახელმწიფო აღიქვამს, როგორც პაციენტებს", - საუბრობს აბაშიძე.

პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ ქვეყანაში შშმ პირთა მიმართ არსებულ საკანონმდებლო მექანიზმებს ასახელებს. ამბობს, რომ საკითხი პრობლემურია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ კანონად აქციონ - მათი შექმნილი კანონპროექტი, რომელიც შშმ მოქალაქეების უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს.

აცხადებს, რომ დღეს მთავრობას აქვს სურვილი იმისა, რომ შეცვალოს ქვეყანაში შშმ პირთა მდგომარეობა, თუმცა ეს ამ ეტაპზე მხოლოდ სურვილია და აუცილებელია ის უახლოეს მომავალში კონკრეტულ ნაბიჯებად იქცეს. ამ საქმეში კი მნიშვნელოვან ფაქტორად, თავად შშმ პირთა და მათი ოჯახების გააქტიურებას მიიჩნევს.

ტრენინგსაც რუსთავში შშმ პირთა მშობლებისთვია ატარებს. ,, შშმ პირთა უფლებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერა თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის უზრუნველყოფა" - არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც იმართება ტრენინგები რუსთავში.

გარდა იმისა, რომ შშმ პირთა მშობლები იგებენ ინფორმაციებს, თუ რას წარმოადგენს თვითმმართველობა და თავად რა უფლებებით სარგებლობენ - ტრენინგი არის მცირე ტრიბუნა, სადაც საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე. აცხადებენ, რომ მათთვის პრობლემურია სახელმწიფო დაზღვევა, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული ის სპეციალური საჭიროებები, რაც შშმ პირებს აქვთ. უარყოფითად აფასებენ ადგილობრივ ბიუჯეტში მათზე ორიენტირებული პროგრამების არ არსებობას. ცდილობენ გაიგონ რა ბერკეტები აქვთ იმისთვის, რომ როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ მთავრობას შეახსენონ, რომ ისინი არიან ამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments