,,საქართველო 2020“ და სოფლის მეურნეობის მომავალი

დღესასწაულებზე საქართველოს რკინიგზა მგზავრების სიმცირეს  არ უჩივის -  განსაკუთრებით ერთი მიმართულებით, თბილისიდან რაიონებისკენ. დედაქალაქში დასაქმებულთა არმია - ბრუნდება სახლში.

დაბრუნება დროებითია და ალბათ, ახლაც 8 იანვრიდან ეს საზოგადოება, კვლავ იმავე მატარებლით ჩამოვა უკან. 

რატომ არ, ან ვერ ჩერდებიან ეს ადამიანები თავიანთ რაიონებში? ერთხელ ერთმა ტურისტმა ადგილობრივ მედიას  ასეთი რამ გვითხრა: ,, მე თქვენ სოფლებში  20 წლის წინანდელ საქართველოს ვხედავ."

ცხადია, ის აზვიადებდა და ჩვენ ახლა სულ, თუ არაფერი სოფლების ნაწილში ცენტრალური გზები მაინც გვაქვს დაგებული - მაგრამ მაინც, ჩვენი სოფლის მეურნეობა ვერ აკავებს ადგილზე ადგილობრივებს და რაიონების სიღარიბეც თვალშისაცემია.
მასშტაბური პრობლემების საპასუხოდ - მთავრობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,,საქართველო 2020"  შექმნა. დოკუმენტში ჩაწერა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ გაძლიერდეს სოფელი, გაიზარდოს სოფლის მეურნების პროდუქციის წარმოება, უცხოურ ბაზარზე აგრონაწარმის ექსპორტი და ა.შ

აი, კონკრეტულად რას გეგმავენ: ,, საქართველოს მთავრობა ხელსშეუწყობს აგრალური სექტორის მოდერნიზაციას და კონკურენტუნარიანობის ზრდას; მთავრობა მხარს დაუჭერს ქართული ბრენდების შემდგომ განვითარებას; საქართელოში წარმოებული პროდუქტისა საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ხელი შეეწყობა ექსპორტის განვითარების დამხმარე სისტემების შექმნას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს საექსპორტო პროდუქტისა და  საექსპორტო ბაზრების შესახებ მეწარმეების ინფორმირებას; მთავრობა გააღრმავებს თანამშრომლობას არსებულ და პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან" - წერია სტრატეგია ,,საქართველო 2020"-ში.

ვცადეთ ქვემო ქართლის რეგიონის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგალითზე გაგვერკვია - რა მდგომარეობაა სოფლებში, რა პრობლების წინაშე დგანან აგრალური პროდუქციის შემქმნელები და რამდენად რეალისტურია, მათი ნაწარმის ექსპორტზე იმედების დამყარება.

გარდაბანს 39 სოფელი აქვს. ვესაუბრეთ რაიონის სხვადასხვა სოფლებში 20 ფერმერს, მათი ნაწილი წარმატებულია, ნაწილი კი თითქმის ყოფილი ფერმერის სტატუსის მატარებელია.

ხანდირ ორუჯოვი გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკში ცხოვრობს. 900 ცხვარი ჰყავს და მართალია ჩვენ გვინდა, მასალა  აგრალური პოდუქციის ექსპორტის კუთხით გავშალოთ, მაგრამ ჩვენ რომ გვინდა ეგრე არაა. ბატონ ხანდირს სხვა დარდი აქვს. გვიხსნის, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეიცვალოს დამოკიდებულება ირანელი ცხვრის შემსყიდველების მიმართ.

,, ექსპორტზე ჩვენ არ ვფიქრობთ. მე მინდა, რომ შეიცვალის ,,რასტამოშკის" (განბაჟება) საკითხი. ირანიდან ხშირად ჩამოდიოდნენ და ყიდულობდენენ ჩვენგან ცხვარს, ძალიან კარგ ფასად. თითო 15 კილოიანს 200 ლარად. ეს კარგი ფასია, ახლა არავინ ჩამოდის რადგან რასტამოშკა ერთი ცხვარის უჯდებათ 91 ლარი.

ეს წამგებიანი ჩვენთვის, რადგან ამ ფასად ადგილზე ვერ გაყიდი", - ამბობს, ორუჯოვი.
კოოპერატივში გაერთიანებაზე და აგრონაწარმის ექსპორტზე არ ფიქრობს სეიხ გასანოვი. მას 50 ძროხა ჰყავს, მთავრობა შეღავათიანი სესხით დაეხმარა.

,,  რატომ უნდა გავერთიანდე კოოპერატივში?! ნელ-ნელა ნამატი მექნება, გაიზრდება ამ ძროხების რიცხვიც და როგორც ახლა გამაქვს რძის ნაწარმი ადგილობრივ ბაზარზე ეგრე გავიტან მომავალშიც", - საუბრობს, გასანოვი.

სავარაუდოდ, მას ცუდი ამბები ელის. გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში გვიხსნიან, რომ მომავალი წლიდან რძის პროდუქტების მწარმოებლებს ევროსტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. კუმისში ამისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. ჯემალ ფალავანდიშვილს, მართალია სულ 30 ძროხა ჰყავს, მაგრამ მან კოოპერატივი შექმნა 5 ფერმერთან ერთად.

,, ადგილობრივმა მთავრობამ მოგვცა მიწა უსასყიდლოდ და სასწრაფო წესით ვიწყებთ ევროპული სტანდარტის რძის გადადმამუშავებლის მშენებლობას.
ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. ერთი რძის გადამამუშავებელი დანადგარი 80 000 ევრო ღირს. ასევე, ძალიან გვჭირდება ძროხების შეძენა, რომლებიც მეტ რძეს მოგვცემენ. ამ ეტაპზე, რძეს ჩვენი ფერმებიდა და ადგილობრივი მოსახლეობიდან ავიღებთ.
რაც შეეხება ექსპორტს - არ ვიცი ვნახოთ, მომავალში რა იქნება. გვჭირდება გრძელვადიანი სესხები, ეს არ არის ის საქმე რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში გვაძლევს შემოსავალს. ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი თხოვნა" - ამბობს, კუმისის კოოპერატივის ხელმძღვანელი. საუბრობს, რომ სოფელში ზამთარში სასმელი წყლის  პრობლემაა და ესეც მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორია.

კოოპერატივს, როგორც სოფლის განვითარების კარგ შესაძლებლობას ისე უყურებს - კოლია ონიანი. მას სასათბურე მეურნეობა აქვს გარდაბნის რაიონ სოფელ ლელაშხაში.
მართალია, კარგი აზრისაა კოოპერატივებზე, მაგრამ თავად არ არის რომელიმე მათგანში გაერთიანებული.  

,, საქმე იმაშია, რომ რთულია ადამიანების  დარწმუნება კოოპერატივში გაერთიანებაზე. მათ უცებ უნდათ ფული, მაგრამ ამ საქმეში შენ თუ თავიდანვე ფულის გამოიტანას დაიწყებ არაფერი გამოგივა", - ამბობს ონიანი.

მისი  სათბური 2 000 კვ.მეტრზეა. ზამთარში მწვანილი მოჰყავს, გაზაფხულზე 6 ტონამდე კიტრი-პომიდორი.

ექსპორტის თემასთან ცუდი მოგონება აკავშირებს. გვიყვება, რომ 2013 წლის დასაწყისში რიგასთან დაამყარა კავშირები. მთავრობაც დაეხმარა საბუთების მოწესრიგებაში და ბოსტნეულის გატანას გეგავდა, თუმცა ,,ჩაერივნენ" გარკვეული ძალები და მას წამოწყებაზე უარის თქმა მოუხდა. დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, მხოლოდ რომ საქმე სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდა.

დღეს რიგაზე აღარ ფიქრობს, მაგრამ მომავალში კიევში ექსპორტის აწყობა სურს.
,, გვირაბის ბოლოს ნამდვილად გამოჩნდა შუქრი. დღეს ფერმერებისთის იმაზე მეტი კეთდება ვიდრე ადრე კეთდებოდა. ამ ხვნა-თესვის ბარათებითაც კარგად ისარგებლა ხალხმა. მოსავალი მოიყვანეს და მეც დავისვენე. ხან ვის ქონდა ჩემი თოხი, ბარი, კაჭკა და ხან ვის. ახლა სასოფლო ნივთები ყველას აქვს ნაყიდი. (აღნიშნული პროგრამა მიწის დამუშავებასთან ერთად, სასოფლო სამეურნეო ნივთების შეძენის შესაძლებლობასაც იძლევა)

ასევე, ჩვენ სოფელში მალე გაკეთდება ახალი სათბურიც. ეს არის საშვილიშვილო საქმე, რადგან სოფლის მიხედვა არის ქვეყნის მიხედვა", - ამბობს ონიანი.

მის სათბურს შეკეთება და დათბობის სისტემის მოწყობა სჭირდება. გვიხსნის, რომ ბუნებრივი აირით გათბობა დიდ ხარჯებს უკავშირდება და ის ვერ გაწვდება.

,, სესხს რაც სეეხება კი კარგია, მაგრამ მერე გადახდისას ცუდი ხდება" - ბატონი კოლია არ მეგობრობს ბანკებთან.

ყოფილ ფერმერებს ვხვდებით სოფელ აქთაკლიაში. გვხსნიან, რომ მცირე ფერმერები იყვნენ, მაგრამ საქონელი გაყიდეს რადგა თივა ძვირი ღირდა და მათ ასევე არ ჰქონდათ საძოვრები.

გარდაბანში, ისევე როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში მიწის საკითხი წლებია პრობლემურია. მიწის დიდი ფართობები ერთეულებს აქვთ და ეს მუდმივი კონფლიქტების მიზეზი ხდება.

სოფლებში დაგროვილი პრობლემების ადრესატი - მთავრობა და პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროა.

სამინისტროში ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის ხელშეწყობისთვის შენდეგ პროგრამებს ახორციელებენ: მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, აგროდაზღვევის პროექტი, ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტი, მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტი, მელიორაციის სისტემის რეაბილიტაცია,სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო-კვლევითი  უზრუნველყოფა, მევენახეობა-მეღვინეობა დასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხეშეწყობის პროგრამა. 

,, გაცნობებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში უახლოეს მომავალში დასრულდება „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტარატეგიის" შემუშავება, რომელის განხორციელება უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდასა და კომერციალიზაციას. სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და დარგობრივი განვითარების პროგრამები, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი გასატარებელი ღონისძიებები, განხორციელების ვადები და დაფინანსების წყაროები" - გვპასუხობენ სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროში.

უწყებაში არ უარყოფენ, რომ ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს გადასალახი.

,, ამჟამად აგრარულ სექტორში დასაქმებული პირები არ ფლობენ ინფორმაციას მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასების, ხარისხის მოთხოვნების, ბაზრის ზოგადი ტენდენციების და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ. აქედან გამომდინარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროდუქტების, ფასების, მომწოდებლებისა და ბაზრის კონიუნქტურის შესახებ   ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და მისი ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, ჩატარდება სისტემატური კვლევები და მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები. სამინისტრო ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების მიზნით. ასევე, ფერმერებს მიეწოდებათ ინფორმაცია საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის გატანასთან დაკავშირებული აუცილებელი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესახებ, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს და ამ შეთანხმებებით წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულებას" - აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
სანამ ფერმერები დადგებიან ფეხზე, გაერთიანდებიან კოოპერატივებში, ევროპული სტანდარტის პროდუქციას შექმნიან და მიაკვლევენ ამ პროდუქციის გაყიდვის გზებს  - სოფელი დარჩება ადგილად, სადაც უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქში გადასვლის მუდმივი იმედით.

სოფლისთვის ახალი პერსპექტივების გაჩენა და ფასის დადება,  სტრატეგია 2020-ის ერთ-ერთი ამოცანაა. ყველას ვინც მის შესრულებაზეა პასუხისმგებელი, ასევე პასუხისმგებელია კოლია ონიანის, ხანდირ ორუჯოვის, ჯემალ ფალავანდიშვილის და სხვა აგრონაწარმის შემქმნელების წინაშე. ,, მთელი დღე შრომისგან მიწაში ჩავდივარ",- როდესაც ამბობს ბატონი კოლია - სახელმწიფოც ვალდებულია შეუწყოს ხელი, შრომის შესაბამისი სარგებლის ნახვაში - მას და იმ ადამიანებს, რომელთა ხელების გაწეულ შრომაზეც, პირველი წარმოდგენა ხელის ჩამორთმევისთანავე გექმნება..


მანონ ბოკუჩავა

მასალა მომზადებულია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების 
ინსტიტუტის" (IDFI) დაბრემენის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში: ,, სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქოსაზოგადოების ჩართულობის გაძლიერება." 

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Comments