,,სამართლიანი არჩევნები“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გასაუბრების ეტაპის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს - 16 იანვარი 2015


,,სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" გარდაბნის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო პროცესის მიმდინარეობას ადევნებს თვალს. ორგანიზაციის კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში ლია ნოღაშვილი აცხადებს, რომ მათ მონიტორებს არ ჰქონდათ პრობლემა აღნიშნული პროცესის პირველ - ტესტირების ეტაპზე დაკვირვებისას. საუბრობს, რომ მათ ტექსტირებაზე დაკვირვების შესაძლებლობა თავად იმ ცენტრებმა მისცეს, რომლებიც პროცესის ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

საქმე ასე ადვილად არ აღმოჩნდა გასაუბრებებთან დაკავშირებით. ნოღაშვილი ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას გასაუბრების ეტაპზე სრულყოფილი დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. გულისხმობს, როგორც გარდაბნის გამგეობის, ასევე საკრებულოს მიერ ცალკე შექმნილი გასაუბრების კომისიის მუშაობას.


ნოღაშვულის განცხადებით ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტს სექტემბერში მიმართა წერილით, სადაც უთითებდა, რომ აქვთ საკონკურსო-საატესტაციო პროცესის გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების სურვილი და საჯარო დაწესებულებიდან ითხოვდნენ ინფორმაციას - გასაუბრების თარიღთან დაკავშირებით.

,, გარდაბნის გამგეობამ წერილზე გვიპასუხა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, როდის ჩატარდებოდა გასაუბრება. აღნიშნულის შემდეგ ჩვენ მათგან არ მიგვიღია ინფორმაცია გასაუბრების თარიღის შესახებ. შესაბამისად, გასაუბრების საწყის ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა.

აღნიშნული პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაციის, ჩვენ წყაროდან, მიღების შემდეგ - გამოვთქვით სურვილი პროცესზე დაკვირვების. გამგეობის გასაუბრების კომისიამ კი რომელსაც თავად მუნიციპალიტეტის გამგებელი ხელმძღვანელობს განგვიცხადა, რომ ჩვენი წერილი, სადაც პროცესზე დაკვირვების შესახებ ვწერდით წინა წლის იყო და თავიდან უნდა მიგვემართა მათთვის. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ეს რა სამართლებრივი ფორმაა..

ამის შემდეგ ჩვენ მოგვეცა გასაუბრებაზე დაკვირვების უფლება, მხოლოდ გარედან მოსულ კადრებთან დაკავშირებით, ანუ რას ვგულისხმობ - საუბარია ადამიანებზე, რომელებიც არ მუშაობენ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებაში, მაგრამ გაიარეს ტესტირება და სურვილი აქვთ დასაქმების.

მაშინ, როდესაც მათთან გასაუბრება დასრულდა და დრო დადგა ატესტაცია გავლილი, ამჟამად მუნიციპალიტეტში მომუშავე თანამშრომლებთან გასაუბრების - მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გარსევან ნიორაძემ განაცახად, რომ მას სურდა თანამშრომელთან პირადად სამუშაო ფორმატით საუბარი და ჩვენ მონიტორს ბოდიშის მოხდით გასაუბრების ოთახი დაატოვებინა", - საუბრობს, ორგანიზაციის კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში, ლია ნოღაშვილი.

ამბობს, რომ ამ ფაქტის გაგების შემდეგ, თავად ჩავიდა გარდაბანში - სადაც განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ტესტირება გავლილ თანამშრომლებს გასაუბრება არ უტარდებოდათ.

,, 2014 წლის 18 ივლისს მიღებული მთავრობის დადგენილებით, შესაძლებელია კომისიის სპეციალური დადგენილებით, მოქმედ ტესტირება გავლილ თანამშრომლებს - გასაუბრება არ ჩაუტარდეთ. ჩვენ მოვითხოვეთ ეს დადგენილება, მაგრამ არ გადმოგვცეს. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც კომისიას მუშაობა დასრულებული ჰქონდა და მხოლოდ გამგებელი ატარებდა ,,სამუშაო შეხვედრას."

ეს გარემოება აჩენს კითხვებს, რადგან კომისიას შეეძლო მოთხოვნისთანავე გადმოეცა ეს დადგენილება, თუ ცხადია ჰქონდა",- ამბობს ნოღაშვილი.

,, სამართლიანი არჩევნების" თავგადასავალი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამით არ დასრულებულა. ორგანიზაციას პრობლემები შეექმნა გარდაბნის საკრებულოს გასაუბრების კომისიასთანაც.

,, მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრების ეტაპზე ჩვენ დაკვირვების შესახებ წერილი მივწერეთ, როგორც გამგეობას ასევე საკრებულოს. გვითხრეს, რომ წერილი ხელმეორედ უნდა შეგვეტანა. დღეს კი როდესაც ჩვენი მონიტორი მივიდა საკრებულოს გასაუბრების პროცესის მონიტორინგისთვის, მას მოსთხოვეს ორგანიზაციის მინდობილება, თან განუმარტეს, რომ მინდობილობის განხილვას სჭირდება 2 დღე.

არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო.. აქვე გეტყვით, რომ ცხადია ჩვენ წარმომადგენელს ჰქონდა ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის საჭირო ბეიჯი, ხელმძღვანელის ხელმოწერით და ორგანიზაციის ბეჭდით. ასევე ჩვენ წერილში, რომლითაც მივმართეთ მუნიციპალიტეტს ეწერა მისი სახელი და გვარი", - საუბრობს, ლია ნოღაშვილი.

,,სამართლიან არჩევნებს" გარდაბნის მუნიციპალიტეტი პასუხობს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არმაზ ხარძიანის განცხადებით:

,, დიახ, ჩვენ მოგვმართა რამდენიმე თვის წინ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, თუმცა იმ მომენტში ჩვენთვის არ იყო ცნობილი გასაუბრების თარიღი და მათ ვერ მივწერდით. აღნიშნული შინაარსის წერილი კი მივწერეთ. მათ შეეძლოთ ხელმეორედ მოემართათ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ასევე, გეტყვით, რომ მათი მონიტორი ჩვენ რაიონში - თავადაც მონაწილეობდა კონკურსში, მართალია ჩაიჭრა ტესტირებაში, მაგრამ მიჭირს იმის დაჯერება, რომ მან არ იცოდა გასაუბრების თარიღი.

რაც შეეხება გასაუბრების არ ჩატარებას ტესტირება გავლილი მოქმედი თანამშრომლებისთვის - გეტყვით, რომ შესაბამისი დადგენილება იყო მომზადებული კომისიის მიერ.

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები 15 წუთში წავიდნენ გამგეობის შენობიდან, ნახევარი საათიც რომ დალოდებოდნენ გადავცემდით ამ დოკუმენტს. ეჭვებს აჩენს, თუ რას აჩანს - ამას დასაბუთება სჭირდება",- გვპასუხობს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, არმაზ ხარძიანი.

პ.ს ორგანიზაციის მონიტორის, კონკურში მონაწილეობის შესახებ ნოღაშვილი აცხადებს, რომ ,,სამართლიანი არჩევნები" აღნიშნული მიმართულებით შეზღუდვებს არ უწესებს თავის კადრებს და ეს ფაქტი, მუნიციპალიტეტს მათ საპასუხოდ არ გამოადგება.  


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments