Wednesday, January 14, 2015

სტრატეგია ,,საქართველო 2020“ და შშმ პირთა ადგილი ,,მზის ქვეშ“ - 30 დეკემბერი 2014


,, სპორტულ ღონისძიებებში მივიღე მონაწილეობა. კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ ყველამ ჩემ ნაცვლად ეტლი დაინახა" - წერდა ჩემი ერთი ნაცნობი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, სოციალურ გვერდზე.
რესპოდენტების შერჩევამდე ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, ადამიანი ეტლში - არ იქნებოდა ამ მასალის ფანჯარა.

მიუხედავად ამისა ისტორია, რომლითაც ვიწყებ საუბარს და ალბათ, მთელი მასალაც ეხება იმას, თუ როგორ გვიჭირს ჩვენ და ხელისუფლებას - შშმ პირებთან სწორი ურთიერთობა და შეზღუდულ შესაძლებლობებზე წინ - მათი დანახვა.
,, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ზუსტად ათი წელი ვტიროდი იმის გამო, რომ მეზობელი რომელიც ძალიან მომწონდა გამარჯობას არ მეუბნებოდა. მთელი ბავშობა განვიცდიდი ამას და ჩემს ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი, რომ ის არ მესალმება, რადგან მე არ ვარ ლამაზი", - ამბობს ლალი ბარათაშვილი.


29 წლისაა. ჰყავს მეუღლე და წლი-ნახევრის გაბრიელი. ,, ერთდროულად ვარ ამქვეყნად ყველაზე მდიდარი და ყველაზე ღარიბი ადამიანი. მდიდარი ვარ იმის გამო, რომ გვერდით მყავს საყვარელი ადამიანები, დედა ვარ, მეუღლე - მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვებისაზე გაცილებით რთულია.

სამი წლის ასაკში დამიდგინეს, რომ მაქვს ცერემბრალური დამბლა. დედას 9 წელი ხელში აყვანილი დავყავდი. ჩემ თავს არავის აძლევდა. არ უნდოდა ვინმეს ეთქვა, რომ ჩემი არსებობით წუხდებოდა. ბევრი მიმკურნალეს. ვერ გეტყვი რამდენი, ალბათ ათასობით ნემსი გამიკეთეს. დღეს ვამბობ, რომ საცდელი კურდღელი ვიყავი. ახლა მკურნალობას არ ვიტარებ. მე უარი ვთქვი წამებაზე.

გადავადგილდები ოთახში კედელზე, ან ნივთებზე დაყრდნობით. ამის გამო ბევრი უსიამოვნო ისტორია გადამხდა.

მეუღლეს ორი წლის წინ უნდოდა, ცოტა შორ მანძილზე წავსულიყავით ერთად. სამარშუტო, რომ გააჩერა მძღოლს სთხოვა - ჩემი ეტლი ჩაედო ტრასპორტში. მან უარი გვითხრა და ამის გამო მათ შორის სერიოზული უსიამოვნება მოხდება. პატრულის გამოძახებაც დაგვჭირდა",- საუბრობს ლალი.

დღეს მისი ოჯახისთვის დიდი პრობლემა საკუთარი საცხოვრებლის უქონლობაა. ახალგაზრდა წყვილი ქირით ცხოვრობს და დახმარებისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტს მიმართავს. თვითმმართველობიდან კი პასუხობენ, რომ მათ არ აქვთ საბინაო ფონდი.

,, მე მინდა მთავრობას ვუთხრა, რომ მართალია ჩვენ ვართ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც უნარი -  ყველა ჩვენგანს აქვს. მინდა, შევძლოთ ამ უნარების გამოყენება და დასაქმება. გვჭირდება შეგრძნება, რომ საჭირო ადამიანები ვართ", - ამბობს, ლალი ბარათაშვილი.

ლალი არის ამ ქვეყანაში მცხოვრები 123 499  შშმ პირიდან ერთ-ერთი, რომელიც სტატუსის გამო გარკვეულ სოციალურ პაკეტს იღებს სახელმწიფოსგან. 150 ლარი, რასაც მას სახელმწიფო ურიცხავს ვერ წვდება მის საჭიროებებს. თავის დროზე ვერც განათლების მიღებაში დაეხმარა სახელმწიფო და ახლა ვერც დასაქმებაში ეხმარება.  
შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროებაზე, წერენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,,საქართველო 2020"-ში. მიზნად ისახავებ ,,შშმ პირთა ხელშეწყობას ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად." აღნიშნული სტრატეგიის ორი სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაა ჩვენთვის ცნობილი. მათში ერთიანობაში შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი:
,, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მათი სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის გზით; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო უნარების შეძენის მიზნით;  პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგი სსსმ სტუდენტთათვის ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდების მიზნით; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის გაუმჯობესება; დამსაქმებელთა მოტივირება დაასაქმონ სსსმ კურსდამთავრებულები; მონაწილეობის მიღება შშმ პირთა დასაქმების მხარდამჭერი სახელმწიფო დოკუმენტის შექმნის პროცესში; სოციალური პროგრამების განხორციელება უმაღლესი განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად",- წერია 2020-ის სამოქმედო გეგმებში.  

გიორგი ახმეტელი, რომელიც ორგანიზაციას „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ხელმძღვანელობს ამბობს, რომ ,, თუ ინსტიტუციური ჩარჩო სწორად არ შედგა კოორდინაცია არ იქნა კარგი -  დაიხარჯება ფული და რეზულტატი არ გვექნება."
კითხვაზე რა ნაბიჯებია გადასდგმელი შშმ პირთა ქვეყნის ცხოვრებაში ჩართვისთვის პასუხობს: ,, ინფორმაციის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საჯაროო სივრცეების ხელმისაწვდომობა გამჭოლი პრობლემაა და მოითხოვს კონკრეტულ აქტივობებს.
პირველი ეს არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა (ზრდასრულთა სარეაბილიტაციო), პრობლემაა ბავშვთა ადრეული განვითარებისათვის არსებული არასაკმარისი რესურსი, სადაზღვევო პაკეტში სპეციალური პაკეტის არ არსებობა შშმ პირთათვის. ასევე, ჭიანურდება ინკლუზიური განათლების დანერგვა. ამ კუთხით საერთოდ არ არის პროგრამები სკოლამდელი და უმაღლეს სასწავლებლებისთვის.

განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ უბიძგებს შშმ ახალგაზრდებს დისკრიმინაციულ გარემოში ისწავლონ", - საუბრობს გიორგი ახმეტელი. დასძენს, რომ საჭიროა  სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვა ინდივიდუალური საჭიროებათა კვლევით.
ნინო მარუაშვილი, რომელიც ათი წელია ამ სფეროშია და რომლის მუშაობასაც ქვემო ქართლში შშმ ბავშვებისთვის სერვისების შექმნა უკავშირდება - არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
,,  მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა - დღემდე არ ხდება შშმ პირების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ ხდება მათი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინება პროგრამების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვის დროს.

საზოგადოების ცნობიერებისა და განათლების დონე შშმ პირთა საკითხების მიმართ ისევ ძალიან დაბალ დონეზე რჩება და ითვალისწინებს ან მხოლოდ ,, სიბრალულით აღსავსე თანადგომას" და ან მათი ინტერესებისა და უფლებების სრულ უგულვებელყოფას.
არ ხდება შშმ პირების საზოგადოების  თანაბარუფლებიან წევრებად აღქმა და მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება. მნიშვნელოვანია რომ 2014 წელს მოხდა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება და შეიქმნა 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის, რაც ითვალისწინებს კონვენციასთან შესაბამისობაში ეროვნული კანონმდებლობის მოყვანას.
აქვე ვიტყვი, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვერ მოხდება მხოლოდ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირების ჩართვის გზით. მნიშვნელოვანია კორექტული ტერმინოლოგიის გამოყენება და ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბება შშმ პირთა მიმართებაში. უნდა იმართებოდეს აქტიურად დისკუსიები მათი უფლებების შესახებ. ამ საკითხში ძალიან დიდია მედიის როლი, რომელიც უნდა იყოს კომპეტენტური თემის მიმართ",- საუბრობს მარუაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირებთან მიმართებაში არის განათლების, ჯანდაცვის, გარემოს ადაპტაციის კუთხით პრობლემები - როდესაც მათ ნაწილს ესაუბრები გადაჭრით ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებაშია. ის, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობისას  პანდუსის არ გაკეთება სამარცხვინო საქციელი არაა, ის რომ სპეციალური საჭიროების მქონე მეზობლისთვის სადარბაზოს შესასვლელის შემცირების მიზეზით - პანდუსის გაკეთების აკრძალვა - სირცხვილი არაა, (მსგავსი შემთხვევა რუსთავში მოხდა)  ის, რომ სადაც შენი შვილების საქანელაა, უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისთვის სპეციალური საქანელაც და ამის ვინმესთვის დაშლა - საზოგადოებისგან გაკიცხვას იმსახურებს (მსგავსი შემთხვევა თბილისში მოხდა) და ა.შ

ალბათ ამ დამოკიდებულების და არაადაპტირებული გარემოს გამო, დღეს რუსთავში სადაც 3 136 შშმ პირი ცხოვრობს - შეიძლება თვეზე  მეტი ვიაროთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და არც ერთი მათგანი არ შეგვხვდეს. ადგილი ,,მზის ქვეშ," საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ემოციებით, დადებითი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება - მათთვის დღემდე ისეთივე რთული მოსაპოვებელია, როგორც წლების წინ იყო. სწორედ ამიტომ, ყველა სტრატეგია და მათ შორის ,,საქართველო 2020," რომელიც მიზნად ისახავს ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანას - თავისი ნაკლოვანებებით, სამოქმედო გეგმებში დაკარგული სახელმწიფო უწყებებით და ბევრი საინტერესო რეკომენდაციით, რომელიც შესატანია მასში - მაინც, არის იმედი ძალიან საჭირო ცვლილებების დაწყების.

მანონ ბოკუჩავა
მასალა მომზადებულია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დაბრემენის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში: ,, სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქოსაზოგადოების ჩართულობის გაძლიერება." 

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

No comments: