,, საქართველო 2020“ - ის პოლიტიკა სატრანსპორტო დერეფნების მიმართ

იმისთვის, რომ იყო მნიშვნელოვანი უნდა იყო მნიშვნელოვანის ნაწილი. ეს შეხედულება კარგად ერგება პატარა, განვითარებადი და თან ,,თეთრი დათვის" მეზობლად მცხოვრებ - საქართველოს. იმისთვის, რომ მსოფლიოს ეკონომიკურ რუკაზე ვჩანდეთ, მიუხედავად ჩვენი მუდმივი გასაჭირებისა - უნდა ვიყოთ პარტნიორები, მნიშვნელოვანი საქმის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილები.

ამის შესაძლებლობას ქვეყანას სატრანსპორტო დერეფნები აძლევენ.  წყალი, ჰაერი, მიწა - პირველი ასოციაცია ჩნდება ფილმის - ,,ხუთი ელემენტი," მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ჩამონათვალი სხვა თემისკენ მიდის.

ჰაერი - ავიაცია და მისი როლი ტვირთების გადაზიდვაში, წყალი - საბორნე გადაზიდვები, ხმელეთი - რკინიგზა და საავტომობილი დერეფნები. გვაქვს მეოთხე ელემენტიც - ადამიანები, რომელთაც იციან (წესით) როგორ ამუშავონ აეროპორტები, ნავსადგურები, რკინიგზა და საავტომობილო გზები. მეხუთე ელემენტი კი რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს - სახელმწიფოა, რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში, აქვს სატრანსპორტო დერეფნების განვითარების სწორი პოლიტიკა.


ჩვენ სწორედ მასზე ვისაუბრებთ. როგორ ხედავს სახელმწიფო სატრანსპორტო დერეფნების ხვალინდელ დღეს? და რა გვაქვს ძველი და მოქმედი?

2020 წლამდე ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკაზე წერენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,,საქართველო 2020"-ში. აქვე გეტყვით, რომ სტრატეგიის ეს ჩანაწერე ყველაზე მეტად მომწონს და ჩემი ნება, რომ იყოს ყველას ვისაც მისი შესრულება ევალება, დიდ პოსტერზე დავუწერდი და სამუშაო კაბინეტში გავუკრავდი.

,, სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, ხელი შეეწყობა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციას და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ტრანსევროპულ სატრანსპორტო დერეფნის ძირითად ღერძებთან მიერთება. განვითარდება საზღვაო მაგისტრალები, მათ შორის საბორნე გადაზიდვები. სახელმწიფოთა შორის სატრანსპორტო გადაზიდვის განვითარების მიზნით სატრანზიტო დერეფნის მეზობელ ქვეყნებთან ჩამოყალიბდება გამჭოლი ტარიფები.

ამასთან საქართველოს საერთაშორისო და რეგიონალურ სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, განხორციელდება ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით" განსაზღვრული ღონისძიებები და საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროპილ ნორმებთან" - წერია ,, საქართველო 2020"-ში.

რა ევალება და რა შესაძლებლობებს სძენს სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმება საქართველოს - ამაზე მისი კონკრეტული მუხლები გვპასუხობენ.

,, თითოეული მხარე მიანიჭებს მეორე მხარის დროშის ქვეშ მცურავ ან მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ოპერირებად გემებს იმაზე არა ნაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ის ანიჭებს საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში მონაწილე საკუთარ გემებს ან მესამე მხარის გემებს, იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი, შემდგომში ჩამოთვლილთან დაკავშირებით, მათ შორის: ნავსადგურში თავისუფალი შესვლა, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გამოყენება, საზღვაო დამხმარე მომსახურების გამოყენება, ასევე მასთან დაკავშირებული საფასურები და გადასახდელები, საბაჟო საშუალებები და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა.

თითოეულმა მხარემ მეორე მხარის საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებისთვის გონივრული და არადისკრიმინაციული წესებით და პირობებით ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ნავსადგურები", - ვკითხულობთ, შეთანხმების 124 მუხლში.

ასოცირების დოკუმენტი ასეთივე თანასწორი პარტნიორობის პოლიტიკას ატარებს ავიაციის შემთხვევაშიც.

,, მხარეებს შორის საჰაერო ტრანსპორტის თანმიმდევრული ლიბერალიზაცია, რომელიც შესაბამისობაშია მათ ნაცვალგებით კომერციულ საჭიროებებთან და ბაზარზე ორმხრივი დაშვების პირობებთან, მოწესრიგდება ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ, ერთის მხრივ, საქართველოსა, და მეორე მხრივ, ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების" შესაბამისად", - წერია ამავე დოკუმენტში.

აღნიშნული სიკეთეების გამოყენება და სტრატეგია ,,საქართველო 2020"-ის სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება - მთავრობის და პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტროს შესასრულებელი ამოცანაა. სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე სწორედ, ისაა პირველი პასუხისმგებელი.

გოგიტა გვენეტაძე ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. პატარა სამუშაო ოთახში რუკები აქვს გაკრული.  ამჟამად არსებულ სატრანსპორტო დერეფნებს, მათი მეშვეობით გვაჩვენებს. წითელი ზოლები, რომლებიც დაყვებიან ხმელეთს, გადადიან ზღვებზე და უერთდებიან დანიშნულების წითელ წერტილებს - ეს არის რთული დერეფნების ყველაზე ადვილად აღსაქმელი თვალსაჩინოება.

გვენეტაძე საუბრობს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ,,ევროპა-კავკასია-აზიიის"  სატრანსპორტო დერეფან TRACECA-ზე ( Transport Corridor Europe-Caucasus-Asia). ამბობს, რომ დერეფანი ჩვენთან ერთად 13 ქვეყანას აერთიანებს.

,, სამინისტროს გააჩნია ზუსტი მონაცემები ტვირთბრუნვის შესახებ. ზოგადად გეტყვით, რომ ტვირთის ბრუნვა იზრდება, თუმცა აღნიშნულ დერეფანს ჰყავს თავისი კონკურენტი. ეს გახლავთ ყაზახეთი-რუსეთი-ბელორუსიის დერეფანი.

ხმელეთის დერეფნებთან დაკავშირებით არსებულ სურათს კი ჩვენ სასიკეთოდ შეცვლის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ასაშენებელი მონაკვეთის 60%-უკვე დასრულებულია და ვფიქრობთ, რომ თუ რთულმა კლიმატურმა პირობებმა არ შეგვიშალა ხელი, წელს სრულად დასრულდება - ჩვენ ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთი. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, როგორც ტვირთბრუნვის, ასევე მგზავრთა გადაყვანის კუთხით.

რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვებს ჩვენთან არის განვითარებული საბორნე გადაზიდვები უკრაინის და ბულგარეთის მიმართულებით. ასევე, უკვე აქტიურ ფაზაში შედის ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი. მოხდა კომპანიების შერჩევა, ახლა ხდება მათი პროექტების და ხედვების წარდგენა. პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება მშენებლობა. კონკრეტულად წელს დაიწყება, თუ არა მე ვერ გეტყვით",- საუბრობს, გვენეტაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით  საჯარო განცხადება მთავრობამ, რამდენიმე დღის წინ გააკეთა და ითქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია ,,საქართველო 2020" სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით მთავრობას მასშტაბურ მიზნებს უსახავს, სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში საკითხი ორი ძირითადი აქტივობით შემოიფარგლა.

პირველი, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ხელშეწყობა/კოორდინაციას გულისხმობს. მეორე კი  პროექტის „ეროვნული სტრატეგიის განვითარება სატვირთო გადაზიდვების და ლოგისტიკის მიმართულებით და საინვესტიციო პროგრამის შემუშავება მულტიმოდალური სატვირთო დერეფნების და მწვანე ლოგისტიკის მიმართულებით"  - განხორციელებას ითვალისწინებს.

აღნიშნული აქტივობა, სამოქმედო გეგმაში არსებული ჩანაწერის თანახმად მოიცავს გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას; საინვესტიციო პროგრამის შემუშავებას და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას.

მიჰყვება, თუ არა მთავრობა სტრატეგია ,,საქართველო 2020"-ით დეკლარირებულ პოლიტიკას  სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით - დრო გვიჩვენებს. მანამდე კი შესაძლებლო გვაქვს თვალყური ვადევნოთ, რა ტემპით და როგორი პასუხისმგებლობით დაიწყება ახალი საზღვაო დერეფნის - ანაკლიის პორტის მშენებლობა.  




მანონ ბოკუჩავა

მასალა მომზადებულია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დაბრემენის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში: ,, სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქოსაზოგადოების ჩართულობის გაძლიერება." 

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Comments