საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გამოწვევებზე დისკუსია გაიმართა +(ვიდეო)


,, სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" - ამ სახელწოდების პროექტს ახორციელებს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში დღეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" დისკუსია გამართა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გამოწვევებზე.

სამთავრობო უწყებებთა ერთად (ჯანდაცვის სამინისტრო) მოწვეულნი იყვნენ სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, თემით დაინტერესებული მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები.

დისკუსიის მონაწილე ზაზა სოფრომაძემ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა - საუბარი სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით დაიწყო და კონკრეტული მონაცემების დასახელებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ,,საყოველთაო მოწონებაზე" ისაუბრა.
ოპონენტების რიცხვში, თავიანთი არგუმენტებით იყვნენ, როგორც ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე სადაზღვეო სექტორის და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები.

,, ოფიციალური მონაცემების თანახმად მას შემდეგ, რაც დაიწყო  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, კერძო სექტორში დაზღვეული 117 ათასი მოქალაქე გადმოვიდა - სახელმწიფო დაზღვევაზე. საუბარია ადამიანებზე, რომელთაც ისედაც შეეძლოთ საკუთარი ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა. სწორედ, ამაში - საყოველთაობაშია სისტემის ერთ-ერთი ნაკლი.

რეალურად ეს თანხები, რაც იხარჯება ამ ადამიანებზე - უნდა მოხმარდეს  სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას. აქ, ვგულისხმობ მედიკამენტების საკითხსაც და ასევე, იმ უამრავ სამედიცინო საჭიროებას, რაც პაციენტს აქვს.

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ პაციენტს ოპერაციამდე საკმაოდ ბევრი გამოკვლევის ჩატარდება სჭირდენა - ეს კი არ ფინანსდება ამ პროგრამით", - საუბრობდა, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეხვედრის მონაწილეთა აზრი ძირითადად ორ ნაწილად გაიყო: ნაწილი მიიჩნევდა, რომ სფეროში მთავარი მოთამაშე არ უნდა იყოს სახელმწიფო. მოსაზრების ოპონენტები კი აცხადებდნენ, რომ ჯანდაცვა არ არის ტიპური ბიზნესი და მისი ,,თავის ნებაზე" მიშვება არ შეიძლება.

თენგიზ ვერულავა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია - განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებზე აკეთებდა აქცენტს. საუბრობდა, რომ ამ სფეროში,  უკვე არსებობს მეტ-ნაკლებად ყველაზე მისაღები მოდელი. რაც გულისხმობს იმას, რომ  ჯანდაცვის პროგრამებს უნდა ახორციელებდნენ კერძო კომპანიები - სახელმწიფოს მკაფიო და გონივრული, რეგულაციების თანხლებით.
დისკუსია, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სფეროს გამოწვევებს, სტრატეგია ,,საქართველო 2020" -ის ფარგლებში განიხილავდა, ორ საათზე მეტს გაგრძელდა.

შეხვედრის ბოლოს საუბრის შესაძლებლობა მიეცა ლევან ალაფიშვილს, რომელიც სტრატეგიის შემუშავების საწყის ეტაპზე იყო ჩართული. ალაფიშვილი აცხადებდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი დღეს რადიკალურად ეწინააღმდეგება იმას, რაც მათ თავდაპირველად შექმნეს. კონკრეტულად კი საუბრობდა, რომ ჯანდაცვის სფეროში დღეს არსებული ფორმით სახელმწიფოს მონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული და მისი აზრით, რადიკალური ცვლილების მიზეზი ,,პოლიტიკური გადაწყვეტილება" იყო.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხარდამჭერებს, მთელი დისკუსიის განმავლობაში ოპონენტები არწმუნებდნენ - მომავალში ჯანდაცვაზე ხარჯების კიდევ, მეტად ზრდაში. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდებოდა, ამ თემაზე დისკუსიების და საჯარო განხილვების აუცილებლობა იყო.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments