Wednesday, April 1, 2015

გუბერნატორი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებზე: ,, ხანდახან, ისეთ საკითხებზეც მოდიან, რომლებიც თავიანთი გადასაწყვეტია“





პაატა ხიზანაშილი გასული წლის 18 დეკემბერს  დაინიშნა ქვემო ქართლის გუბერნატორად.  კითხვაზე რა ძირითადი სამუშაო შეასრულა დანიშნვის დღიდან დღემდე საუბარს გუბერნიაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით იწყებს.

,, როდესაც დავინიშნე სამუშაო განრიგი აქ, იყო ასეთი: ადამიანები მოდიოდნენ 11 საათზე და მიდიოდნენ 17:00  სააათზე. დღეს გარწმუნებთ ასე არაა.
შევქმენი მაქსიმალურად მოტივირებული ადამიანებისგან შემდგარი  გუნდი. შესაბამისად ამუშავდა მთლიანი სტრუქტურაც. კადრების შესარჩევად გვქონდა კონკურსებიც, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია და ამ შემთხვევაში, მარტო
პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია თავად პიროვნების ხასიათი და მოტივაცია. ამიტომ ძალიან გაჭირდა საჭირო კადრების მოძებდა", - საუბრობს ქვემო ქართლის  გუბერნატორი. ამბობს, რომ გუბერნიაში საკადრო ცვლილები ჯერ არ დასრულებულა.

,, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ამ ტემპს და თავად დატოვეს სამსახური. გარწმუნებთ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების  დევნა არ დამიწყია და არც მომავალში ვაპირებ",- დასძენს ხიზანაშვილი.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც ინტერვიუს დროს გუბერნატორი ყურადღებას ამახვილებს, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ეხებათ. ამბობს, რომ მისთვის და ზოგადად საქმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების არჩეული ხელმძღვანელები - ახერხებდნენ გადაწყვტილებების დამოუკიდებლად მიღებას და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

,, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს საკითხი ყველას ეხება, თუმცა ამ თემაში მოქმედებს ინერციის ფაქტორი. საუბარი მაქვს იმ მმართველობის მანკიერ სტილზე რაც წარსულში იყო.
როდესაც მოვედი ამ ადამიანებს ჰქონდათ სერიოზული კონფლიქტი საკუთარ თავდათ. ეს დამოუკიდებლობის მომეტი ჰქონდათ ცოტა არეული. იყვნენ დე-იურე დამოუკიდებლები და დე-ფაქტოდ ამბობდნენ, რომ ჰქონდათ რაღაც პრობლემები.
საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა  იმისთვის, რომ ხელი შემეწყო მათთვის, რათა რეალურად დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ. ეხლაც არის ასეთი მომენტები. ხანდახან, ისეთ საკითხებზეც მოდიან, რომლებიც თავიანთი გადასაწყვეტია და თავად არიან ამ გადაწყვეტილების ხელმომწერები.

მიუხედავად იმისა, რომ  ჯერ კიდევ არსებობს ეს სირთულე, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ადამიანებმა ისწავლონ დამოუკიდებლად მუშაობა და პასუხისმგებლობის აღება.
რა იყო წარსულში ამის მიზეზი და ახლა რა ხდება? რეალურად  იყო გარკვეული გაუგებრობებიც, ვერტიკალიდან მათთან სხვა ინფორმაციები მოდიოდა და მათ უძნელდებოდათ  გადაწვეტილებების მიღება. 

ახლა შესაძლოა მიზეზი იყოს, დაგეთანხმებით, ან შესაბამისი უნარების უქონლობა, ან მოტივაციის ნაკლებობა, ანდა უბრალოდ არსებული ამოცანების უცოდინრობა.
გუბერნატორის ინსტიტუტი კი ამ დროს მათ ეხმარება კონსულტაციით  და არავითარ შემთხვევაში, მათ ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებით"- საუბრობს გუბერნატორი.
კითხვაზე რა როლი აქვს მუნიციპალიტეტების მართვაში სუს-ის სამსხაურს, ამბობს რომ ეს საკითხი, როგორც პრობლემა იდგა 3-4 თვის წინ. აცხადებს, რომ სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო) უწყებაში განხორციელდა საკადრო ცვლილებები და ზოგადად შეიცვალა საკითხებისადმი მიდგომა.

,, ახლა არსებობს სწორი მიდგომები ამ საკითხების მიმართ, თუმცა მე მაინც გაფრთილებული მყავს ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, რომ თუ იქნება რამე პრობლემა შეგვატყობინონ და ეს საკითხი უყურადღებოდ არ დარჩება.

ჩემი მხრივ კი შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მრავალგზის, იგივე სააკაშვილის რეჟიმის და საბჭოთა კავშირის ისტორიითაც დამტკიცდა, რომ პოლიციური მართვის მოდელს და პოლიციური სახელმწიფოს არ აქვს მომავალი.

მთავრობას  ეს მომენტი ნამდვილად აქვს გააზრებული. ჩვენ ვიცით, რომ პოლიციური სახელმწიფო არ არის წარმატებული სახელმწიფო", - ამბობს ქვემო ქართლის გუბერნატორი და რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.  
აცხადებს, რომ რუსთავის და არა მხოლოდ რუსთავისთვის - ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრობლემის შემქმნელი აღმოჩნდა -  წინა მთავრობის დროს შპს-ების და ააიპ-ების დაფუძნების სახელმწიფოსთვის დამაზარალებელი  პრაქტიკა.

კონკრეტულად კი აქცენტს აკეთებს, ასეთი იურიდიული პირების მიერ მასიურად  საშემოსავლო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რაც შემდგომში მათი ქონების დაყადაღებას იწვევდა. აცხადებს, რომ ამის გამო დღეს მუნიციპალიტეტებს უჭირთ ინვესტორებისთვის კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა - შესაბამისად მიწების, შენობების ნაწილი ყადაღა დადებულია და მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობს.

რეგიონში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე საუბრისას კი აქცენტს ბოლნისის რაიონზე აკეთებს. გვიხსნის, რომ ,,მუნიციპალურ განვითარების ფონდთან" თანამშრომლობით შეიცვლება ბოლნისის წყალმომარაგენის სისტემა. სამუშაოების ღირებულება  4 მილიონ-ნახევარი ლარია. საუბრობს, წალკის მუნიციპალიტეტზეც. ამბობს, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტის განვითარების ერთი  მიმართულება შესაძლებელია მცირე ჰესების მშენებლობა გახდეს და ამ კუთხით დაინტერესებული ინვესტორებიც გამოჩნდნენ.

,, გვინდა ბოლნისის მსგავსად მასშტაბური პროექტი განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში. საუბარი მაქვს წყალმომარაგების სისტემაზე, რომელიც რაიონის სოფლებს ნორიო, მარტყოფი, ახალი სამგორი, ახალი სოფელი - წყლის პრობლემას მოუგვარებს. აღნიშნულ პროექტს, უკვე დადებითი შეფასება აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან,  ახლა მას ფინანსთა სამინისტროში წარვადგენთ",- აცხადებს ხიზანაშვილი და რეგიონის გამოწვევების დასაძლევად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ურჩევს.


მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

No comments: