რუსთავის მუნიციპალიტეტმა რუსთავზე ზრუნვა დაიწყო

რუსთავის მუნიციპალიტეტმა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების პროექტის განხორციელება დაიწყო. მათ შორის არის სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების, შიდა გზების რეაბილიტაციის და ქალაქის მწვანე საფარის მოვლის სამუშაოებიც.

აღნიშნული ,,გამოღვიძება," უკავშირდება, თუ არა პრემიერის 11 მარტის განცხადებებს, რთული სათქმელია. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსთავის მუნიციპალიტეტი პრემიერ-მინისტრმა, ბიუჯეტის ათვისების კუთხით ქვემო ქართლის წარმატებულ თვითმმართველობებს შორის არ მოიხსენია - აღნიშნილ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს.

დღეს რუსთავის მუნიციპილიტეტი, რომელიც ვერც საკადრო პოლიტიკით და ვერც პრობლემებზე მყისიერი რეაგირებით მოიწონებს თავს, იწყებს 956 567 ლარის ათვისებას  - წლების განმავლობაში მოუგვარებელი სანიაღვრე სისტემის პრობლემის გადასაჭრელად.

,, რუსთავში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის იმ მონაკვეთზე, სადაც სანიაღვრე ქსელი უნდა მოეწყოს, ამ ეტაპზე მიწის დამუშავების სამუშაოები მიმდინარეობს.


ქალაქის სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის პროექტი ოთხი კომპონენტისგან შედგება:
სანიაღვრე ქსელის მოწყობა თბილისი -წითელი ხიდის გზატკეცილზე; სანიაღვრე სისტემის მოწყობა მშვიდობის ქუჩაზე (ე.წ. კუზიანი ხიდიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე და გიორგაძის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე;
სანიაღვრე სისტემის მოწყობა ტაბიძის, დადიანის და სანაპიროს ქუჩებზე;
სანიაღვრე ქსელის მოწყობა გორის და ყაზბეგის ქუჩის 1-ლი შესახვევის გადაკვეთამდე. სულ ოთხივე პროექტის ღირებულება 956 567 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, წვიმის დროს იაღლუჯის მთიდან მომავალი წყლის ნაკადის ქალაქის სანიაღვრე სისტემაში გაშვება, რაც ფაქტიურად სრულად მოხსნის ძლიერი წვიმის დროს ქუჩების დატბორვის და წყალდიდობის საშიშროებას, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად მეორდებოდა რუსთავში", - აცხადებენ, რუსთავის მუნიციპალიტეტში.

აღნიშნულ ინიციატივასთან ერთად, უკვე დაწყებულია რუსთავში გზებისა და შიდაკვარტალური ეზოების კეთილმოწყობის პროცესი. პარალელურად, რუსთავის სხვადასხვა უბანში საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.


მსგავს თემაზე: ,, კარგია, რომ 2 მილიონი გადაგვრჩა" - რუსთავის მერია - 18 დეკემბერი 2014

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments