საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტების ხაზინაზე გადასვლის შესახებ: ,, მე ამას ურმის მეხუთე თვალს ვეძახი“ - 04 ივნისი 2015


,,ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" ინტერესდება, რა სირთულეებს აწყდებიან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მართვისას.

ჩვენი რესპოდენტები არიან: რუსთავის მერი დავით ჯიქია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი.
თითქმის ყველა საკითხზე ერთმანეთისგან განსხვაებული მოსაზრებები აქვთ.
დავით ჯიქია ადგილობრივი ბიუჯეტების ხაზინაზე გადასვლას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პროცესი პოზიტიურია.

,,ხაზინა აკვირდება ფულის მასის მოძრაობას. აქამდე ვერ ხედავდნენ ქალაქს რა აქტივი ჰქონდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იყო შემთხვევები როდესაც რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გაზარდა ხარჯვითი ნაწილი და წლის ბოლოს ხელფასების გაცემა გაუჭირდა", - საუბრობს რუსთავის მერი.


ჯიქიასგან განსხავევებულად აღიქვამს ხაზინაზე გადასვლის მომენტს, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი, რომელიც საუბრის დასაწყისშივე გვპირდება ,,აბსოლუტურ გულწრფელობას."

გენგაშვილი ამბობს, რომ ხაზინის მომენტი მას აგონებს ,, ურმის მეხუთე თვალს."
,,არ ვიცი რა იყო ხაზინაზე გადასვლის მიზანი. მე პირადად ამას ურმის მეხუთე თვალს ვეძახი. ჩვენ ასეთი სირთულის წინაშე დავდექით: კანონის შესაბამისად კომისებში მუშაობისთვის და მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის - საკრებულოს წევრებს ვურიცხავთ თანხებს, რაც არის მათი ხარჯის ანაზღაურება და არა ხელფასი.
შეიძლება რუსთავს არ აქვს ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენთან საკრებულოს წევრი ხშირად 60 კილომენტრიდან ჩამოდის საკრებულოს კომისიაზე დასასწრებად. ასევე, სოფლებს შორის დიდი მანძილი აქვს გასავლელი მოსახლეობასთან შესახვედრად - ეს კი უჯდება გარკვეული ხარჯები, რაც ასანაზღაურებელია.

ხაზინა კი ამდროს ამბობს, რომ უნდა მოხდეს საშემოსავლოს 20% დაქვითვა მათთვის. არადა ეს არ არის რეალურად ხელფასი. ასეთი ლოგიკით მაშინ მივლინებებზეც უნდა დავუქვითოთ.

ჩვენ მივმართეთ ამ პრობლემაზე და გვპირდებიან, რომ უახლოს მომავალში მოაგვარებენ", - საუბრობს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუშაობის პროცესში გამოკვეთილ სხვა სირთულეზე საუბრობს რუსთავი მერი. ამბობს, რომ საჭიროა საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები იმისთვის, რომ საერთაშორისო ფონდებთან ერთად თანადაფინანსებით პროექტების  წარმართვისას - ფინანსური  საკითხები ადგილობრივ დონზე წყდებოდეს. საუბრობს, რომ დღეის მდგომარეობით, საჭიროა მთავრობის თანხმობა, თუ  თანამონაწილეობის თანხა 4 000 ლარს აღემატება. ჯიქია ამბობს, რომ  მუშაობის  პროცესში სხვა სირთულეებიც გამოიკეთა, თუმცა მათი უმეტესობა, უკვე გადაჭრილია.

დადებითად  აფასებს კადრების შერჩევის არსებულ  სისტემასაც. ამბობს, რომ საკონკურსო  კომისიის  მუშაობის  შედეგად  მხოლოდ 30 ახალი  თანამშრომელი  შეემატა  რუსთავის  მერიას.

მუნიციპალიტეტებში  კადრების  შერჩევის  პროცესში - საკრებულოს  ჩართვის საჭიროებაზე  საუბრობს  ვაჟა  გენგაშვილი. ამბობს, რომ  სამწუხაროდ, გარდაბანში  სურვილის  მიუხედავად, საკრებულოს  წევრები  ვერც შესარჩევ კომისიაში  და ვერც  სააპელაციოში  ვერ  მოხვდნენ.

,,საკრებულოს  ჩართვა  მხოლოდ  დადებითი  წვლილის  შემტანია  პროცესში. აუცილებელია  ამ   საკითხშიც   პასუხისმგებლობის  გადანაწილება. კადრებზე   ძალიან  ბევრი  რამაა  დამოკიდებული", - საუბრობს  გენგაშვილი.

სწორედ  კადრებთან   დაკავშირებული   სირთულის  გამო  ამბობს, რომ  ამ  ეტაპზე  არ ემხრობა  ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის  მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის  მინიჭებას. კითხვას  იმის  შესახებ, თუ როგორ  აისახება  მუნიციპალიტეტებზე, თუ ადგილობრივი შემოსავლების  მნიშვნელოვანი  ნაწილი  მათ  დარჩებათ  - აცხადებს, რომ  დეცენტრალიზაცია  კარგია, მაგრამ  არსებობს ,,მაგრამ"..
,,დღეს  აქამდე  არ  ვართ  მისული. ხვალ  არ   ვიცი   რა   იქნება, მაგრამ  ახლა  ეს  რეალობაა. ამეტაპზე  ასე  მიშვება  თავის  ჭკუაზე   არ   ივარგებს", - აცხადებს, გარდაბნის  საკრებულოს  თავმჯდომარე.


საკითხის  მიმართ   სხვა   დამოკიდებულება   აქვს   რუსთავის  მერს. ამბობს, რომ  მუნიციპალიტეტის  სამართავად  ბიუჯეტის  კუთხით, დღეს  არსებულზე  უკეთესი  ვითარება 2004 წელს  იყო - როდესაც  ბიუჯეტი  ,,ადგილობრივი  შემოსავლებით  სუნთქავდა." ამბობს, რომ  დღეს  მხოლოდ  მცირე შემოსავლიანი  მოსაკრებლების  თანხა  რჩებათ  და  ცენტრზე არიან დამოკიდებულნი. მომხრეა  დეცენტრალიზაციის  იმ  მოდელისა, როდესაც  მუნიციპალიტეტებისთვის  გადასანაწილებელი  თანხები არა სამინისტროებს, არამედ   რეგიონებს  აბარიათ.

პ.ს ,, ჟურნალისტთა  ქსელი   თვითმმართველობის  განვითარების  ხელშეწყობისთვის" გააშუქებს  ქვემო  ქართლის  სხვა  მუნიციპალიტეტების  ხელმძღვანელების  ხედვებსაც.

მანონ ბოკუჩავა

მასალა  მომზადებულია  სამოქალაქო  კულტურის   საერთაშორისო   ცენტრის  პროექტის - „სამოქალაქო  საზოგადოება   დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდღია   საზოგადოება   საქართველოსმხარდაჭერით.
სტატიაში   გამოთქმული  მოსაზრებები  შესაძლოა არ  ემთხვეოდეს  სამოქალაქო  კულტურის  საერთაშორისო  ცენტრის  და  ფონდღია  საზოგადოება  საქართველოს" პოზიციას.

Comments