ქვემო ქართლში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა + (ვიდეო) - 08 ივნისი 2015

,, ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის " ცდილობს ქვეყნის ყველა რეგიონში თვალყური ადევნოს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მუშაობას.


ამჯერად, ვაშუქებთ ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას. მუნიციპალიტეტებში არსებული სტიქიური უბედურებების გამო სხდომის დიდი ნაწილი არსებული ვითარების გუბერნატორისთვის გაცნობას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ ყველა მუნიციპალიტეტი არ დააზარალა - თითქმის ყველა არჩეული გამგებელი თანხმდებოდა, რომ საჭიროა მუნიციპალიტეტები თავად ფლობდნენ გარკვეულ სპეცტექიკას. თემაზე ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი აცხადებს, რომ საკითხს ორი მხარე აქვს. საუბრობს, რომ მუნიციპალიტეტების აღნიშნული სურვილი არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი იმ ბიზნესისთვის, რომელიც სწორედ ასეთ მომსახურებაზე მუშაობენ.   

 ,, ცხადია, ექსტრემალური სიტუაციების დროს მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს გარკვეული სპეცტექნიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ საჭიროა ფიქრი პრევენციულ ღონისძიებებზე. არ არის აუცილებელი მხოლოდ სტიქიური უბედურებების დროს გამოვიჩინოთ თავი. ბევრად უფრო გონივრულია  ვიცოდეთ ძირითადად, რომელი მდინარეები დიდდება უხვი ნალექის დროს, სად არის პრობლემური ადგილები და ვიმუშავოთ მანამდე, სანამ პრობლემა დაგვატყდება თავს", - საუბრობდა ქვემო ქართლის გუბერნატორი.

სხდომაზე რეგიონში არსებულ ერთ-ერთი პრობლემაზე ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსი"-ს წარმომადგენელმა, მაია მოსიაშვილმაც ისაუბრა. მოსიაშვილი აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში საქონლის გადარეკვის ალტერნატიული გზა გაკეთდა, პირუტყვი მაინც სოფლის გავლით გადაჰყავთ. ,,მერსი ქორფსი" ითხოვს თემაზე უახლოეს დღეებში შეხვედრის გამართვას  - საკითხზე ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან ერთად. მოსიაშვილს გუბერნატორი შეხვედრის ორგანიზებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.

აღნიშნული საკითხის გარდა სხდომაზე რუსთავის მერმა - თავისი მუნიციპალიტეტის პრობლემებზეც ისაუბრა. აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს საბავშო ბაღების პრობლემა უდგას, მათ ერთ-ერთი (მე-10 საბავშო ბაღი) ბაღის დახურვა უწევთ. საუბრობდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ბაღის შენობა ავარიულია და მისი ექსპლუატაცია  არ შეიძლება.

სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა, თუმცა მოულოდნელად გაირკვა, რომ სხდომის დანარჩენი ნაწილი, რაც დღის წესრიგის თანახმად დისკუსიას და მუნიცისპლაიტეტებში არსებული სხვა პრობლემების განხილვას ეხებოდა - მედიისთვის დაიხურა.

იმის გათვლისწინებით, რომ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა არსებული კანონმდებლობით საჯარო პროცესია - დავინტერესდით, რატომ არ შეგვეძლო მუშაობის გაგრძელება. გუბერნატორის პიარი, რომელიც საქმიანი ურთიერთობისთვის აუცილებელ ეთიკას გასცდა - კარგამოკეტილ მდგომარეობაში გაგრძელებულ სხდომაზე გვიმტკიცებდა, რომ სხდომა დასრულდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სხდომა არ იყო დასრულებული და გუბნერნატორის ნებართვით მედიას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის, დისკუსიი ნაწილი - გამგებლების წარმომადგენლების საკითხს დაეთმო. გუბერნიის ადმინისტრაცია გამგებლებს უხსნიდა, რომ მათ რწმუნებულებს არ აქვთ კანონით უფლება ბეჭდების გამოყენების. 

გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ გუგეშაშვილი აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდში გამგებლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ბეჭდების გამოყენებით მოხდა. საუბრობდა, რომ ხშირად რწმუნებულებს ჰგონიათ, რომ რადგან ბეჭდები აქვთ გამგებლები არიან და თავს იმაზე მეტის უფლებას აძლევენ - ვიდრე ეს კანონით აქვთ.



მანონ ბოკუჩავა

,,ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"

Comments