მოქალაქე, რომელსაც წინა ხელისუფლებამ მოედანი კერძო საკუთრებაში ჩაუდგა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია - 11 ივნისი 2015

სამართლიაონობის აღდგენას, უკვე სამი წელია ელის რუსთაველი ლალი მამულაშვილი. მას კერძო საკუთრებაში, ქუჩიაშვილის ქუჩის მე-4 ნაკვეთში, რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2012 წლის ზაფხულში - სპორტული მოედანი ჩაუდგა.


მამულაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მისი ადვოკატი, მიხეილ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მათ უკვე მოიარეს სასამართლოს სამივე ინსტანცია და ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

,, ლალი მამულაშვილის სარჩეული დაკმაყოფილდეს. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს დაევალოს ლალი მამულაშვილის საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავის ქუჩიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 113-ე კვარტალში #4  ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 02.02.06.227 განთავსებული სპორტული მოედნის მოშლა",  - ვკითხულობთ მამულაშვილის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ძალაში დატოვა, როგორც სააპელაციო ასევე უზენაესმა სასამართლომ.



თუმცა სამწლიანი დავა ამით არ სრულდება. ,, ახლა როდესაც უკვე უნდა მოხდეს აღნიშნული მოედნის დემონტაჟი ვიგებთ, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა  ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ და ითხოვს - მოედნის დემონტაჟის სამი თვით გადადებას. მათი მოთხოვნა ბიურომ, უკვე დააკმაყოფილა და აღსრულება გადაიდო.


ახლა ამ თემაზე პროკურატურა იწყებს სისხლის სამართლის საქმეს. უწყება აღსრულების ბიუროს წერს, რომ ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს - იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერად  ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ლალი მამულაშვილი. მხოლოდ ამის შემდეგ წერს, რომ ,,ასევე" იძიებს რამდენად კანონიერად გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტმა - სპორტული მოედნის მოსაწყობად.
მოგეხსენებათ წლებია გრძელდება ეს საქმე. მოსარჩელეს დროსთან ერთად აქვს გაწეული ხარჯები. მე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით გაასაჩივრებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მას რეალურად წრეზე უწევს სიარული",  - საუბრობს საია-ს წარმომადგენელი მიხეილ ლურსმანაშვილი, რომელიც საქმეში მამულაშვილის ინტერესებს იცავს.

ზემოთ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე მოედანი რუსთავის წინა ხელისუფლებამ ჩადგა ისე, რომ არც დაინტერესებულა ვისი მიწით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა მამულაშვილს სამართლიანობის აღდგენაში არც ახალი ხელისუფლება გამოადგა, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება ორივე ინსტანციაში გაუსაჩივრა.
რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ამბობს, რომ მათ შეისწავლეს აღნიშნული საქმე და ქალბატონი ლალი ნამდვილად არ  ტყუის. ლობჯანიძე აცხადებს, რომ მამულაშვილის კერძო საკუთრების უფლების შელახვა წინა ხელისუფლების მიერ მოხდა და დღეს მუნიციპალიტეტი - მსგავსი სამუშაოების დაწყებისას, პირველ რიგში მიწის  მესაკუთრეს ადგენს. კითხვაზე, თუ იცოდნენ, რომ ეს ადამიანი მართალი იყო, რატომ უსაჩივრებდნენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას,  რითაც საკუთრების დაბრუნება შეეძლო, გვპასუხობს:

,, საკითხი არ დგას ისე, რომ მხოლოდ ქალბატონი ლალის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს. ამ მოედნით, რომელიც ნამდვილად წინა ხელისუფლებამ მას კერძო საკუთრებაში  ჩაუდგა, დღეს ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს.
რაც შეეხება პროკურატურას, ჩვენ მივმართეთ რადგან საქმეში იკვეთება გადაცდომები და საჭიროა შესაბამისი გამოძიების წარმართვა",- საუბრობს ლობჯანიძე.
ამ ლოგიკით ხვალ ლობჯანიძის სახლში მრავალშვილიანი ოჯახი, რომ ჩასახლდეს - სასამართლოს მართებს მსჯელობა არა მხოლდ იმაზე, რომ კერძო საკუთრება შეილახა, არამედ იმაზეც, რომ ჩასახლებული ოჯახი მიეჩვია ახალ სახლს და კარგად სარგებლობს მისით.

სამართლიანობის აღსადგენად, დიდი ალბათობით,  დავა წინა ხელისუფლების უფლებაშელახულ მოქალაქესა და უკვე ახალ ხელისუფლებას შორის - გაგრძელდება.

ფოტო: შერჩეულია თემატურად და არ წარმოადგენს მასალაში ხსენებულ ნაკვეთზე 
გადაღებულ კადრს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments