რუსთავის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალგაზრდული პარკი 112–ის მშენებლობისთვის გაიმეტა - 26 მაისი 2015

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსთავში ახალი ხელისუფლების პირობებში ათობით გამწვანების აქცია ჩატარდა. დაირგა ნერგები პარკებსა და სკვერებში. გაკეთდა არა ერთი განცხადება, იმის შესახებაც, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ, ზვიად ძიძიგურთან ერთად მუშაობს - იალღუჯის მთის გამწვანების საკითხზე.

ეს ხედვები  შსს-ს ერთი ახირებით, რამდენიმე დღეში, შეუცვალა. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  „112"-მა თავისი ალტერნატიული შენობის ასაშენებლად, რუსთავის ახალგაზრდული პარკი შეარჩია.

მაშინ, როდესაც რუსთავს, მათ შორის ცენტრალურ უბნებში აქვს ასათვისებელი ადგილები, სამინისტროს სსიპი ირჩევს ტერიტორიას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მოუვლელია - ადგილობრივი მოსახლეობის დასვენების ადგილს წარმოადგენს.

112-ს არ გაუჭირდა ამისთვის რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების დათანხმება.  22 მაისს, რუსთავის საკრებულომ ახალგაზრდულ პარკში არსებული (მდებარეობს ფალიაშვილის ქუჩაზე, რეგიონული არქივის უკან ) 1 776 კვადრატული მიწა 112 უსასყიდლოდ გადასცა - ახალი ოფისის ასაშენებლად.

თემაზე რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელი, დავიღ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ ტერიტორია არაა რეკრიაციული ზონა და მისი გასხვისება კანონიერად მოხდა.
მიუხედავად, იმისა რომ რუსთავის საკრებულოში ყველა წევრი რუსთაველია, საკუთარი ქალაქის, თუნდაც მოუვლელი პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას - მხოლოდ 7 წევრი შეეწინააღმდეგა.

,, მოგეხსენებათ, პროტესტის ნიშნად დავტოვე აღნიშნული საკრებულოს სხდომა. აქ, არ არის საუბარი იმაზე, 2 ხე მოიჭრება, თუ 7. აღნიშნულ სკვერს რეკრიაციული ზონის სტატუსი ორი სხდომის წინ მოუხსნეს, არადა ეს სკვერი არის ქალაქის სიმწვანე, რომელსაც თავისი დანიშნულება აქვს.

ეს გადაწყვეტილება მიუღებელი და გაუგებარია, მაშინ როდესაც უამრავი სხვა ადგილი არსებობს რუსთავში, სადაც შესაძლებელია მშენებლობის განხორციელბა.

ვესაუბრე ადგილობრივ მოსახლეობასაც და ცხადია, ყველანი წინააღმდეგნი არიან. რაც შეეხება ამ პარკის მდგომარეობას, ნამდვილად მოუვლელია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყურადღების მიქცევა არ ხდებოდა სწორედ იმისთვის, რომ ადვილად მომხარიყო მისთვის რეალური დანიშნულების შეცვლა", - საუბრობს რუსთავის საკრებულოს წევრი, გია ხევიაშვილი.

აღნიშნული ახალგაზრდული პარკი არაოფიციალურად ორ ზონად იყოფა. მისი ერთი ნაწილი ნაკლებად გამწვანებულია, მეორე ნაწილი კი, რომელიც მეტად მოშორებულია ცენტრს - უფრო ხშირი სიმწვანით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ პარკში თითქმის მეტრს აღწევს ბალახის სიმაღლე, მას ადგილობრივი მოსახლეობა  რეკრიაციულ ადგილად იყენებს.

ვინტერესდებით თემაზე რუსთავის მერის მოსაზრებით, რომელიც ასევე, რამდენიმე თვის წინ ნერგების დარგვით იყო დაკავებული.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ აქუბარდია - საკითხზე მერის პოზიციას გვაცნობს.

,,აღნიშნულ პარკს, უკვე დიდი ხანია არ აქვს რეკრიაციული ზონის სტატუსი. 112 შენობის მშენებლობით კი სულ 2 ხის გადარგვა მოხდება. აშენდება ობიექტი, სადაც რუსთაველები დასაქმდებიან. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სოციალური ფონია ქალაქში - ეს დადებითი მოვლენაა", - საუბრობს აქუბარდია. კითხვაზე მაინც რამდენი რუსთაველი დასაქმდება. ამბობს, რომ ჯერ ეს შენობაც არ აშენებულა და ეს საიდან ეცოდინება.

ახალი შენობის ასაშენებლად, რუსთავის ახალგაზრდული პარკის, არჩევისას თავისი არგუმენტი დაასახება, 112-ის დირექტორის მოადგილე, კახა კაკაბაძემ. საუბრობდა, რომ აღნიშნული ადგილი მართვისთვის სტატეგიულად მომგებიანია. მშენებლობის დაწყება აგვისტოში იგეგმება. ამ დრომდე კი 112 შესაბამის პროცედურებს რუსთავის მერიასთან გაივლის.

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments