რა სირთულეებს აწყდებიან მუნიციპალიტეტების მართვისას არჩეული გამგებლები? - 19 ივნისი 2015

,, ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" ინტერესდება, რა სირთულეებს აწყდებიან მუნიციპალიტეტების მართვისას არჩეული მერები და გამგებლები.

ამჯერად ჩვენი რესპოდენტები არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი.

აღმოჩნდა, რომ კვალიფიციურია კადრების, როგორც მოზიდვის ასევე შენარჩუნების პრობლემა არის ორივე მუნიციპალიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის გამგებელი ამაყობს 30 ახალი ახალგაზრდა კადრით, რომელთაც უმაღლესი განათლება ახლახანს მიიღეს - ამბობს, რომ დაბალი ანაზღაურების გამო მუნიციპალიტეტს უჭირს მაღალი კვალიფიკაციის კადრის შენარჩუნება.



,, 400 ლარზე სამუშაოდ თეთრიწყაროში არავინ ჩერდება და არც ვინმე ჩამოდის დედაქალაქიდან. მიდიან და ბევრად უფრო ანაზღაურებად კერძო სექტორში იწყებენ მუშაობას. ეს საკითხი რეალურად პრობლემაა", - საუბრობს წიკლაური. ამბობს, რომ კადრებთან დაკავშირებული სირთულეების გამო - მუნიციპალიტეტს დღემდე რჩება ვაკანტური თანამდებობები.

,, ძირითადი ბირთვი ჩემი რწმუნებულებისა ჩაიჭრა. არის რეალობა, როდესაც ეს ადამიანები არიან ავტორიტეტები თავიანთ დასახლებებში, აქვთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ ვერ აბარებენ ამ გამოცდას", - აცხადებს, თეთრიწყაროს გამგებელი. ამბობს, რომ გამგებელს უნდა ჰქონდეს საკუთარი რწმუნებულის გამოცდის გარეშე დანიშნვის უფლება.

მოსაზრებას იზიარებს ბოლნისის გამგებელი გოგი მეშველიანიც. ,, როგორც თავად საუბრობენ სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აზერბაიჯანული რომელიც მათ იცინ და სასაუბროდ იყენებენ, განსხვავდება იმ ოფიციალური სტილისგან რითიც ტესტებია შედგენილი. ასევე, აცხადებენ რომ ძირითადად უფროსმა თაობამ წერა კირილიცას ანბანით ისწავლა, რითაც დღეს არ სარგებლობენ"- საუბრობს ბოლნისის გამგებელი. ასევე დასძენს, რომ პრობლემურია მიდგომა, რომლის თანახმადაც მოვალეობის შემსრულებლის დანიშნვა მხოლოდ სამი თვით შეიძლება.

ბოლნისი ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტში მოქმედი ორი მსხვილი საწარმოს (არემჯი გოლდი, არემჯი კუპერი) არსებობის გამო გათანაბრებულ ტრანსფერს არ იღებს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 80%-ი სწორედ ამ საწამოებიდან შემოსული ქონების გადასახადით ივსება, თუმცა თანხის ჩარიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში ,,ავტომატურად" არ ხდება. გოგი მეშველიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საწარმოებს როგორც ექსპორტიორებს სახელმწიფო უბრუნებს დღგ-ს და სწორედ, ამ ჩარიცხვის შემდეგ საწარმოები ურიცხავენ თანხას ადგილობრივ ბიუჯეტს.

კითხვაზე რა მიღწევები აქვთ დღეისთვის მუნიციპალიტეტების მართვისას, რითაც შეუძლიათ იამაყონ - თეთრიწყაროს გამგებელი ამბობს, რომ როდესაც აირჩიეს დახვდა მუნიციპალიტეტი, სადაც არაფერი იყო გაკეთებული და ასევე, გაფუჭებული დახვდა ყველაფერი რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. ,, არ მიყვარს ჩემ მიღწევებზე საუბარი. ერთს გეტყვი, რომ არის სამუშაო ვითარება და გვაქვს მკაცრი მიდგომები", - აცხადებს თეთრიწყაროს გამგებელი ბესიკ წიკლაური.

ბოლნისის გამგებელი კი გვისახელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს - მათი საერთო ღირებულება 15 მილიონი ლარია. ამბობს, რომ ქალაქ ბოლნისში მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა, ხდება ბოლნისის და სიონის დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების გაწმენდა, აღდგენა და საჭიროების ადგილებში ახლის მშენებლობა. ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკუთარი თანხებით აშენებს სოციალურ საცხოვრისს დაბა კაზრეთში - უსახლკარო სოციალურად დაუცველი ბოლნისელებისთვის.

,, მადლობელი ვართ გუბერნატორის. მან მოგვცა აბსოლუტური თავისუფლება, ცხადია, პასუხისმგებლობის ფარგლებში. ყველა სამხარეო სტრუქტურის  კარი ღიაა ჩვენთვის - კონსულტაციებისთვის. ძირითადად, კონსულტაციები გვჭირდება ამა, თუ იმ კანონთან დაკავშირებით, სადაც ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არსებობს ", - აცხადებს ბოლნისის გამგებელი, გოგი მეშველიანი.


მასალა  მომზადებულია  სამოქალაქო  კულტურის   საერთაშორისო   ცენტრის  პროექტის  - „სამოქალაქო  საზოგადოება   დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდღია   საზოგადოება   საქართველოსმხარდაჭერით.
სტატიაში   გამოთქმული  მოსაზრებები  შესაძლოა არ  ემთხვეოდეს  სამოქალაქო  კულტურის  საერთაშორისო  ცენტრის  და  ფონდღია  საზოგადოება  საქართველოს" პოზიციას.

Comments