სამხარეო საბჭოები - ქმედითი ორგანო, თუ მორიგი ზედმეტი რგოლი - 27 მაისი 2015


თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტებს ცენტრალურ მთავრობასთან ეფექტური კომუნიკაციისთვის - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების ფორმატის გამოყენება შეუძლიათ.

საბჭო უფლებამოსილებაში შედის (მუხლი 148):
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის წარდგინებით სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა; სახელმწიფო რწმუნებულისთვის-გუბერნატორისთვის რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.


საბჭოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს მუშაობა. ტარდება შესაბამისი სხდომები რეგიონებში. გადის, თუ არა საბჭო რეალურ შედეგებზე, ქვემო ქართლის მაგალითზე ვაკვირდებით.

ამ დროისთვის რეგიონში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სამი სხდომა ჩატარდა. ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან წერილობითი ფორმით ვახერხებთ კომუნიკაციას. გუბერნატორი საბჭოს მუშაობაზე  გვწერს, რომ სხდომებზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების მიმდინარეობას ,,აკონტროლებს გუბერნიის ადმინისტრაცია."

გუბერნატორი, რომელსაც თვითმმართველობის კოდექსით მაკონტროლებლის არა, მაგრამ მაკოორდინირებელი რგოლის ფუნქცია აქვს, ერთ-ერთი ჩატარებულ საბჭოს სხდომის შესახებ გვწერს:

,, 2015 წლის 31 მარტს სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მოისმინა მოხსენებები მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ, რომლებიც ეხება: დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ  რუსთავში სოციალურ საკითხებს, დმანისის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ რუსთავში ელექტროენერგიის არასტაბილურად მიწოდებას, მარნეულის, დმანისის, ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებასა და მოსახლეობის გამრიცხველიანებას. აქტუალურად დაისვა რეგიონის გაზიფიცირების საკითხი. შეიქმნა დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის. პრობლემების მოგვარება მიმდინარეობს ეტაპობრივად, რასაც აკონტროლებს გუბერნიის ადმინისტრაცია", - წერს ქვემო ქართლის გუბეტრნატორი, პაატა ხიზანაშვილი.

გუბერნატორის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად საბჭომ სხომებზე განიხილა ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი. ასევე საბჭომ უკვე დაასრულა, რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების, სახელმძღვანელოს შესაბამისად, დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებსაც დაევალათ პროექტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე: ინფრასტრუქტურა და ტურიზმი; ბიზნესის განვითარება და სოფლის მეურნეობა; ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; განათლება, კულტურა და გარემოს დაცვის.

გუბერნატორის მოსაზრებით, სამხარეო  საბჭო არ საჭიროებს უფლებამოსილებების კუთხით რაიმე ცვლილებებს და არსებული მოდელიც იძლევა პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას.

ერთადერთი კითხვა, რომელზეც გუბერნატორისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ ასეთი შინაარსის იყო: ,, ამ დროისთვის, თუ არის შესაძლებელი, ვისაუბროთ აღნიშნული საბჭოს მიღწევებზე ქვემო ქართლში? რომელი საკითხები გადაწყდა საბჭოს დახმარებით?"

ქვემო ქართლის გუბერნიაში სამხარეო საბჭოს სამთვეში ერთხელ გამართულ სხდომებს აქტიურად ესწრება რუსთავის მერიც.

დავით ჯიქია, რომელიც ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია - საბჭოს მუშაობას ,,ნორმალურად" აფასებს.
ჯიქია ამბობს, რომ საბჭოს კარგი პერსპექტივები აქვს. ,, ჯერ ჩვენ არ გვქონია ასეთი პრეცედენტი, მაგრამ საბჭოს დახმარებით შესაძლებელია ორ მუნიციპალიტეტს, ვთქვთ, ჩვენსა და გარდაბანს შორის ერთობლივი პროექტის განხორციელება, " - საუბრობს რუსთავის მერი.

კითხვაზე საბჭოს გარეშე, ვერ ახერხებს მეზობელ მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციას? - ამბობს, რომ ცხადია ეს საბჭოს გარეშეც შესაძლებელია, თუმცა საბჭოს ფორმატი პროექტის განხორციელებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.  საუბრობს, რომ ზოგადად გუბერნიის ინსტიტუტის გაძლიერებაა საჭირო.

,, მე ვფიქრობ, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის გაძლიერება დეცენტრალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. თუ გუბერნიას ექნება ბიუჯეტი თავისი მუნიციპალიტეტების პროექტებისთვის - ეს კარგ შედეგს მოიტანს.

ამას ვამბობ, რადგან - ისევე, როგორც ჩემზე უკეთ საკუთარი უბნის პრობლემა იცის ჩემმა წარმომადგენელმა ადგილზე, ასევე გუბერნატორმა უკეთესად იცის თავისი რეგიონის პრობლემები ვიდრე ცენტრალურმა ხელისუფლებამ", - აცხადებს ჯიქია.
საუბრობს, რომ ქვემო ქართლის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების ყველა სხომას სულ ცოტა ორი სამინისტროს წარმომადგენელი ესწრება და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მათთან ერთად შეუძლიათ - მნიშნელოვან საკითხეზე მსჯელობა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.

ქვეყნის სხვა რეგიონებში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მუშაობას გუბერნატორების ოფიციალური ვებ-გვერდებით ვეცნობით. იკვეთება, რომ თითქმის ყველა რეგიონის სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ახლა გადადის სამუშაო რეჟიმზე. საერთო ტენდენციით ჩანს, რომ სამხარეო საბჭოები მასშტაბური პროექტების გარდა, სადაც აუცილებელია აქტიური თანამშრომლობა ცენტრსა და მუნიციპალიტეტს შორის - მსჯელობენ იმ საკითხებზეც, რომელიც ლოკალური ხასიათისაა და მხოლოდ არჩეული მერების და გამგებლების კომპეტენციაა.

მანონ ბოკუჩავა

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით. 
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის  და  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" პოზიციას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი  „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"  - ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. 

Comments