რუსთავის მუნიციპალიტეტმა 71 374 ლარად Toyota land cruiser შეიძინა და გუბერნატორს ,,ათხოვა“ - 25 აგვისტო 2015

21 აგვისტოს რუსთავის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 71 374 ლარის ღირებულების 2014 წლის გამოშვების - ავტომობილი Toyota land cruiser 70/20 შეიძინა. შესყიდვისას დადებულ ხელშეკრულებაში ჩანს, რომ აღნიშნული ავტომობილისთვის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 374 ლარის გადახდა მოუწია, დარჩენული თანხის სანაცვლოდ კი შემსყიდველს - 1 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა ოფიციალურად დეკლარირებული ,,ქამრების შემოჭერის" დროს - რომელი თანამდებობის პირისთვის შეიძინა მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ავტომობილი.
რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი პაატა პაპელიშვილი გვიხსნის, რომ აღნიშნული შესყიდისთვის თანხის დიდი ნაწილი სადაზღვეო კომპანიიდან შემოვიდა.

 ,, 2010 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 111 000 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა და თხოვების ხელშეკრულებით გადასცა ქვემო ქართლის გუბერნიას. ახლა კი ერთი თვის წინ ეს ავტომობილი ავარიაში მოხვდა. ტრანსპორტი დაზღვეული იყო და შედეგად სადაზღვეომ  ჩაგვირიცხა 60 000 ლარი. ჩვენ ამ თანხას დავამტეთ 10 000 ლარი, ასევე 1 000 ლარის ღირებულების ავტომობილი და შევიძინეთ Toyota land cruiser-ი.


რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის კაბინეტის კარს  სახელური არ აქვს, კედლები მიტოვებულ სკოლას ჰგავს და  კარის ღრმულიდან კაბინეტში მყოფებს ადვილად გაარჩევ - კითხვაზე, რატომ არ გაკეთდა ეკონომია და არ შეიძინეს ნაკლები ღირებულების ავტომობილი ამბობს, რომ მაღალი გამავლობის და გამძლე ტრანსპორტი სჭირდებოდათ.


გუბერნიის ტრანსპორტის დაზღვევა ჩვენი გუბერნატორის გადაწყვეტილება იყო, რომ არა ეს დაზღვევა ავტომობილი გადასაგდები იქნებოდა. ასე, რომ მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას არ აქვს ადგილი. თუ ვთქვათ, რუსთავის მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა სურვილი ამ ავტომობილის თხოვების ხელშეკრულებით ჩვენთვის გადაცემის, არ გვათხოვებდა და ჩვენ რამე სხვა გამოსავალს მოვძებნიდით", - აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, კახაბერ გუგეშაშვილი. დასძენს, რომ ,,თხოვების" ხელშეკრულებით მათთვის გადაცემული 2014 წლის გამოშვების Toyota land cruiser არის ,,დაბალი კლასის" ავტომობილი, რომელიც უგზოო დასახლებებში გადაადგილების საშუალებას მისცემთ.

გარდაბნის საკრებულომ 79 551 ლარიანი ჯიპი შეიძინა - 03 სექტემბერი 2013

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments