,,ავიღეთ ვალები და რაღაც მოვუხერხეთ“ - 14 სექტემბერი შვიდშვილიან ოჯახში - 14 სექტემბერი 2015


,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS " დაინტერესდა, როგორ ხვდებიან ახალ სასწავლო წელს მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები.
რუსთავში მცხოვრები ნეფარიძეები, საზოგადოების ამ ნაწილს ეკუთვნიან. ოჯახს 7 შვილი ჰყავს. აქედან ერთი წელს გახდა სტუდენტი, სამი სკოლის მოსწავლეა, ერთი საბავშო ბაღში დადის, ერთიც ბაღში ჩარიცხვის მოლოდინშია. კიდევ ჰყავთ წლი-ნახევრის თამარი, რომელსაც და-ძმებისგან განსხვავებით, არც ბაღი აწუხებს და არც სკოლა.

ნეფარიძეების მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფომ სოციალური დახმარება 2014 წელს შეუწყვიტა. ,, ახლა, დაახლოებით ერთი თვის წინ იყვნენ მოსულები და თავიდან შეგვამოწმეს. აგენტმა გვითხრა, რომ წესები შეიცვალა და სარეცხი მანქანა და მსგავსი საყოფაცხოვრებო ტექნიკა - არ მოახდენს გავლენას ჩვენ დახმარებაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვნახოთ რა იქნება.

რაც შეეხება, სასწავლო წლისთვის ბავშვების მომზადებას - ავიღეთ ვალები და რაღაც მოვუხერხეთ", - საუბრობს შვიდიშვილის დედა, ირინე კლდიაშვილი.
ამბობს, რომ რუსთავის ადგილობრივი მთავრობის მადლობელია, რადგან რამდენიმე თვის წინ შვილის ოპერაცია დასჭირდა და დაეხმარნენ. ნეფარიძეები რუსთავის მუნიციპალიტეტიდან ასევე, თითო შვილზე 25 ლარს დახმარებას იღებენ.

ირინე კლდიაშვილი ამბობს, რომ ეს დახმარება და ოჯახის ერთი წევრის დროებითი სამუშაო - მათ ელემენტარულ საჭიროებებს ვერ წვდება, ამიტომ ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სოციალური დახმარების აღდგენა.

საუბრობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მის შვილს აბოს, რომელიც წელს წავიდა სკოლაში. მას სისტემატიურად სჭირდება მასაჟები და ცურვაზე სიარული, თუმცა ოჯახს ამისი შესაძლებლობა არ აქვს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments