რუსთავში გმირთა მემორიალი გმირების სახელების გარეშეა - 21 სექტემბერი 2015


,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS" რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გმირის, 2008 წელს რუსეთთან ომის დროს, დაღუპული ვახტან გზირიშვილის შესახებ წერდა.

გზირიშვილის დედა შვილის მოგონებასთან ერთად საუბრობდა, რომ გული წყდება რუსთავში გაკეთებულ გმირთა მემორიალზე, სადაც არც ერთი გმირის სახელი არ წერია.
რატომ არის დარჩენილი რუსთავის გმირთა მემორიალი გმირების სახელების და მემორიალური დაფის გარეშე - კითხვით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მივმართეთ.
,, როდესაც მე მერის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი, ასეთი ინფორმაცია დამახვედრეს, რომ აღნიშნულ მემორიალზე წარწერა უნდა გაკეთებულიყო 7 გმირის შესახებ. აქედან ოთხნი აგვისტოს ომის გმირები არიან და სამი 2004 წელს (ცხინვალში) საომარი მოქმედებების დროს დაღული გმირები.


მაშინ, ვერ მოხდა შეთანხმება 2008 წლის ომის გმირების მშობლებთან. ისინი იძახდნენ, რომ მარტო აგვისტოს ომის, ოთხი გმირის სახელი უნდა დაგვეწერა. ეს კიდევ უხერხული მომენტი იყო სხვა მშობლებთან.

ახლა სათითაოდ დაველაპარაკებით ამ ოჯახებს. ჩვენ მარტო არ ვწყვეტთ ამ საკითხს. საკრებულოც ჩაერთვება "- საუბრობს, ჯიქია.

კითხვაზე, რატომ არ მოგვარდა ეს საკითხი დღემდე და რატომ არ წუხდებოდა იმ მომენტით, როდესაც გმირების მოსაგონებლად გვირგვინები მემორიალის კონსტრუქციასთან მიჰქონდა და არა გმირების მემორიალურ დაფასთან? პასუხობს:
,, იცით რას გეტყვით, მე ძალიან შევწუხდებოდი თუ იქ მარტო ოთხი გმირის სახელი იქნებოდა. ისე არ გამოვა, რომ დანარჩენი გმირების ხსოვნას პატივი არ მივაგოთ. სახელების დაწერას არაფერი არ უნდა. ერთი დღის ამბავია"- აცხადებს, რუსთავის მერი. ამბობს, რომ მემორიალის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და ,,დიდი ხნის" წინ დასრულდა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments