,,ორი უფროსი“ - რუსთავის საბავშვო ბაღებში ახალი შტატი შეიქმნა - 03 დეკემბერი 2015


რუსთავის მუნიციპალურმა აიპიმ, რომელსაც სკოლამდელიაღზრდის დაწესებულებების მართვა ევალება ახალი შტატის შექმნა გადაწყვიტა. ამ სიახლის თანახმად, რუსთავის საბავშვო ბაღების მართვის საქმეში, ბაღების გამგეებთან ერთად მენეჯერებიც ჩაერთვებიან.

ქალაქში საბავშვო ბაღების სიმცირის, ხოლო არსებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების, ასევე აღმზრდელების და ძიძების შრომასთან შეუსაბამო ანაზღაურების ფონზე -  ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი kkpress.ge" დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილია ახალი შტატის შექმნა.

ააიპ "რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი გიორგი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ მენეჯერის შტატი შეიქმნა, რადგან მოხდა ბაღების გამგეებისთვის ფუნქციების გაზრდა. მაღლაფერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პირველ რიგში სკოლამდელიაღზრდის დაწესებულებებისადმი სასწავლო მიმართულებით მიდგომის შეცვლამ განაპირობა.




,, ფილიალების მმართველებად კვლავ რჩებიან გამგეები. მათი ფუნქციები, ასევე ვალდებულებები-პასუხისმგებლობები რჩება უცვლელად, თუმცა სასწავლო მიმართულებით მომატებული ფუნქციების გამო, ადმინისტრაციულ და სამეურნეო ნაწილში აქცენტი გადავა მენეჯერებზე" - საუბრობს, აიპის ხელმძღვანელი გიორგი მაღლაფერიძე.

მენეჯერების ანაზღაურება 750 ლარი იქნება (ხელზე აიღებენ 600 ლარს). მაღლაფერიძის განცხადებით მენეჯერის 20 ვაკანსია აქვთ - მათი სახელფასო ხარჯი კი 2016 წლის  ბიუჯეტის პროექტშიც ასახულია.

აღნიშნული ახალი შტატის სახელფასო ხარჯი, მხოლოდ ერთი თვის ანგარიშით  ადგილობრივ ბიუჯეტს 15 000 ლარი უჯდება.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი საკითხზე საუბრისას არ არიდებს თავს კითხვებს - ქალაქში საბავშო ბაღებთან დაკავშირებულ სირთულეებზე. აცხადებს, რომ ბაღებს ინფრასტრუქტურის კუთხით პრობლემები აქვთ. ამბობს, რომ დაწესებულებების ნაწილში 20 წლის განმავლობაში ღობის საკითხიც არ მოგვარებულა. გამაგრებას და შემდეგ სარემონტო სამუშაოებს, უკვე წელიწადზე მეტია ელის რუსთავის მე-20 საბავშო ბაღი.

მაღლაფერიძის ინფორმაციით წელს დაახლოებით 1 500 რუსთაველი ბავშვი დარჩა ბაღის გარეშე. აგრეთვე დასძენს, რომ ჯგუფებში აღსაზრდელთა რიცხვის გათვალისწინებით,  არ იქნებოდა ურიგო აღმზრდელების დამატებაც და მათთვის ხელფასის გაზრდაც. მიუხედავად ამ მრავალფეროვანი პრობლემებისა და ასევე წელს დახურული რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღისა, სადაც 150-მდე ბავშვი დადიოდა - რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მენეჯერები შტატის შექმნას არამიზნობრივად მაინც არ მიიჩნევენ. მენეჯერების დანიშნვის უფლება გაერთიანებას უკვე 1 დეკემბრდან აქვს. 

პ.ს რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღი შენობის რთულ მდგომარებაში ყოფნის გამო არ მუშაობს. თვთმმართველობაში აცხადებენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით შენობის გამოყენება არაა მიზანშეწონილი, თუმცა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ მოხდეს ობიექტის მდგომარეობის კიდევ ერთხელ შემოწმება. თვთმმართველობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნული მორიგი დასკვნის გაცნობის შემდეგ.  

ფოტო გადაღებულია: რუსთავის მე-20 საბავშვო ბაღში.


მანონ ბოკუჩავა

Comments