,, დეცენტრალიზაცია არის ევროპული სტანდარტებისკენ სწრაფვის წინაპირობა“ - რუსთავის მერი - 06 იანვარი 2016

(მეთოდი სიღმისეული  ინტერვიუ
მკვლევარები: ნ.ბრეგვაძე, კ.საჯაია, მ.ბოკუჩავა)


რესპოდენტი: რუსთავის მერი, დავით ჯიქია.

როგორ ფიქრობთ  ,,ევროპული არჩევანი" და ევროინტეგრაცია არის საქართველოს  წარმატებისკენ მიმავალი გზა? ახსენით პასუხი არგუმენტებით.

ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს საკმაოდ ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ვფიქრობ, რომ მისი შეხსენება ფართო საზოგადოებისთვის დადებითად აისახება პროდასავლური კურსის გამყარებაზე. საქართველოსთვის პრიორიტეტული, გაცილებით უსაფრთხო და სტაბილური სწორედ ევროპასთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაა, შესაბამისად სწორედ ევროინტეგრაცია მესახება ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ სავალ გზად.  ეს არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული განვითარების გზით და სახელმწიფო ინტერესებით განპირობებული სტრატეგიული არჩევანი.

ჩვენი „პრეტენზია" ევროპელობაზე დღეს არ გაგვჩენია,  ჩვენ  ევროპელები იმ დროიდან ვართ, როდესაც ელინისტური სამყაროს ნაწილად მოვიაზრებოდით. პოლ ვალერიმ - დიდმა ფრანგმა პოეტმა და მოაზროვნემ, ძალიან მარტივად გამოთქვა მოსაზრება და ჩამოაყალიბა ფორმულა, რომელიც ზუსტად ხსნის ევროპელობაზე ჩვენს მოსაზრებას:
"ყველა რასა, ყველა მიწა, რომელიც თანმიმდევრულად იყო რომანიზებული, გაქრისტიანებული, ექვემდებარება ბერძნული დისციპლინის შეგნებას, აბსოლუტურად ევროპულია" - აქედან გამომდინარე საქართველოც ისეთივე ევროპული ქვეყანაა, როგორც პოლონეთი, უნგრეთი ან რომელიმე სხვა მათი მსგავსი. გამოჩენილი არქეოლოგების აზრით სწორედ აქ იწყება ევროპა. საქართველო ევროპული ქვეყანაა.
თქვენი აზრით, რა ეტაპზეა დღეს ქვეყნის ევროპეიზაცია?
ვფიქრობ, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა და რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაგვიჭირეს მხარი ამ პროცესში, თავად მეტყველებს იმ წარმატებულ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე გავდივართ.
პასუხობს, თუ არა ევროპულ სტანდარტებს დეცენტრალიზაციის არსებული მოდელი? თქვენი დაკვირვებით შეძლო თუ არა თვითმმართველობის რეფორმამ - ევროპული სტადარტების დაკმაყოფილება?
დეცენტრალიზაცია უზრუნველყოფს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას მასში დამატებითი ელემენტების ჩართვით. დეცენტრალიზებული სისტემა ისეა სტრუქტურირებული, რომ მისი რომელიმე ნაწილის გამოთიშვა არ იწვევს მთლიანად სისტემის პარალიზებას.
დეცენტრალიზაცია ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას ტერიტორიულ ერთეულებს შორის და შესაბამისად, მათი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების დინამიკას, სიტუაციისადმი ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას და მათ გამჭვირვალე ხასიათს, სხვადასხვა ჯგუფების ლოიალურ თანამშრომლობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მართვის დეცენტრალიზებული სისტემა არის სწორედ ევროპული სტანდარტებისკენ სწრაფვის და ამ სტანდარტების დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მხრივ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რა თქმა უნდა ყველა ახალ ინიციატივას მოსდევს ხოლმე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეფასება. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებულმა მოდელმა შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.
 რა მთავარი გამოწვევები არსებობს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე?
ევროპაში ინტეგრაციის პროცესისი ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მაინც რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრობლემები მიმაჩნია. სამწუხაროდ, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში დღემდე ბევრია გადაუჭრელი კონფლიქტი.
როგორ ფიქრობს, რას ელის ევროპა საქარველოსგან და რას ელის ევროპისგან საქართველოს მოსახლეობა?
რა შეუძლია მისცეს საქართველომ ევროპას? ეს არის ჩვენი მეგობრული ურთიერთობები, დამყარებული ძირძველ ტრადიციებსა და სხვა ერებისადმი სიყვარულზე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ერი ვართ, მაინც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სათქმელი ვთქვათ, მითუმეტეს, რომ ჩვენ ძველი ევროპელები ვართ. საქართველო კი ევროპისგან ელის იმ წინ გადადგმული ნაბიჯების გაზიარებას, რომელიც უფრო მეტად სტაბილურს და უსაფრთხოს გახრდის ჩვენს ქვეყნას.
როგორ აისახება ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობაზე?  რას შეცვლის ქვეყნის ცხოვრებაში ეს სიახლე?
საუბრობენ ვიზა ლიბერალიზციის მხოლოდ უარყოფით მხარეებზე  იმაზე, რომ საქართველოდან მოსახელობის დიდი ნაწილი ევროპაში წავა და ა.შ. მოდით, რეალურად შევაფასოთ არსებული სიტუაცია, დღესდღეობით ისედაც ბევრი ქართველია საზღვარგარეთ. ბევრს აქვს სურვილი დაბრუნდეს სამშობლოში თუნდაც რამდენიმე თვით, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს ხვდება, უკან წასვლას ვეღარ ახერხებენ საბუთებთან დაკავშირებული სირთულეებიდან გამომდინარე. ბევრ ქართველს აქვს სურვილი თუნდაც სტუმრად ჩავიდეს ევროპაში წასულ ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებათან. ვიზალიბერალიზაცია ამ პრობლემებს მოხსნის. გარდა ამისა, ზოგადად ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში.
საზოგადოების ნაწილში არის მოსაზრება, რომ ევროპასთან დაახლოება გაზრდის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ? თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
არ ვფქრობ, რომ ევროპასთან დაახლოება და ვიზალიბერალიზაცია რუსეთთან ურთიერთობას დაძაბავს. საქართველოს ევროპული არჩევანი რუსეთისთვის დიდი ხანია ცნობილია და ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობებში პოზიტივები იგრძნობა და ეს თავად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის გაზრდა საქართველოს მიმართ მოსალოდნელი არ არის.
 როგორია თქვენი რეგიონის (ქვემო ქართლი) მოსახლეობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციის მიმართ?
ქვემო ქართლი არის მრავალეთნიკური მოსახლეობით დასახლებული რეგიონი, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მხარისთვის უფრო მეტად მისაღებია ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. მოსახელობასთან შეხვედრებზე, ხშირად და ნათლად დაუფიქსირებიათ საკუთარი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში და ჩვენი რეგიონის მოსახელეობა სწორად ხედავს ევროინტეგრაციის შედეგად მოსალოდნელ დადებით მხარეებს.
არსებობს მოსაზრება, რომ ეთნიკური უმცირესობები არ არიან მხარდამჭერები ქვეყნის ევროპული არჩევანის და მათ რუსეთთან დაახლოება სურთ. თქვენი აზრით, არის რეგიონში ასეთი რეალობა? თუ კი რა არის ამ ტენდენციის მიზეზი?
როგორც  უკვე მოგახსენეთ, ქვემო ქართლის რეგიონის მოსახელობა მხარს უჭერს ევროპისკენ სავალ გზას და აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ევროინტეგრაცია არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენი ხელისუფლების მიზანი არა მხოლოდ ევროპაში ინტეგრაციაა, არამედ მეზობელ ქვეყნებთან მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და  შენარჩუნებაც.



Comments