ქვემო ქართლის გუბერნია ,,ქართული ოცნების“ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიას აშუქებს - 07 იანვარი 2016

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე kvemokartli.gov.ge გამოქვეყნდა მასალა - გარდაბანში ,,ქართული ოცნების" მიერ გამგებლობის კანდიდატის, გოჩა ჯამარაულის  წარდგენის შესახებ.

აღნიშნულ მასალაში ვკითხულობთ:,, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა.  ადგილობრივ შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო პარტიიდან გოჩა ჯამარაული მიიღებს მონაწილეობას.

გამგებლის კანდიდატის წარდგენისას მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ  ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

დღესვე, კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს."

გუბერნიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ აღნიშნულ ინფორმაციას ახლავს - ,,ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის წარდგენის ამსახველი ფოტო მასალაც. თავად ინფორმაცია კი დასათაურებულია: ,, გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ" გოჩა ჯამარაული წარადგინა."

ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღად მითითებულია 5 იანვარი. ამავე შინაარსის მასალა დევს გუბერნატორის ოფიციალურ სოციალურ გვერდზეც.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი kkpress.ge"  საკითხის სამართლებრივი მხარის გასარკვევად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაუკავშირდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებამ საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტი დაარღვია.
,, გუბერნატორს შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობის მიღება, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირია, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდის გამოყენებას, ეს კანონდარღვევაა და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. კონკრეტულად კი საუბარია საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის დარღვევაზე.
საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტში ვკითხულობთ:

,, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნარომელშიცრომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმსაარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება."

თემაზე კომენტარს ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი აკეთებს. ამბობს, რომ გაერკვევა საკითხში და კანონის შესაბამისად იმოქმედებს.



მანონ ბოკუჩავა

Kkpress.ge  (მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით)

Comments