რუსთავში კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია იგეგმება - 04 თებერვალი 2016


წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტი კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას  გეგმავს. ქალაქის მერის განცხადებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება კოსტავას  გამზირის 17 შენობას (#1-17 ჩათვლით) და ფიროსმანის ქუჩის ერთ სახლს.

,, დაგეგმილია  შენობების ფასადების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე, მათ წინ არსებული გზის შუა გამყოფი ზოლების, გზაჯვარედინების, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების და პარკირების ადგილის -  ქვაფენილით მოწყობა. მოხდება გაზონების მოწესრიგებაც, დაირგვება 100-მდე დეკორატიული სახეობის ხე. არსებული ხეები კი გადაიბელება, მათი მოჭრა არ იგეგმება. სრულად პროექტის დასრულებას ვფიქრობთ, ერთი წელი დასჭირდება ,"- საუბრობს რუსთავის მერი დავით ჯიქია.


აცხადებს, რომ რეაბილიტაციის შედეგად შენობები მაქსიმალურად მიუახლოვდება  თავდაპირველ არქიტექტურულ სახეს.

,, ეს შემოქმედებითი საქმეა და პროექტის მომზადებისთვის კონკურსი იყო გამოცხადებული. ცხადია, შენარჩუნდება და საჭიროების ადგილებში აღდგება შენობების ორნამენტებიც და აივნებიც. რაც შეეხება, სახურავებს მათი ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება. შენობების საბოლოო ფერები ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ ალბათ უფრო ღია ტონები შეირჩევა" - აცხადებს რუსთავის მერი.

ამბობს, რომ აღნიშნული შენობების მდგომარეობა შემოწმებულია და არც ერთი მათგანი არ საჭიროებს გამაგრებით, ან სხვა სახის სამშენებლო ჩარევას. დასძენს, რომ რეაბილიტაციის პროცესში შეიცვლება წყალგაყვანილობის ერთი ცენტალური მილი და მოწესრიგდება გარე განათების სისტემაც - მოეწყობა მოსახლეობისთვის გაზონებში შეჭრილი მრგვალი ფორმის სკამები.

პროექტის შესრულებისთვის ტენდერი, რამდენიმე დღეში გამოცხადდება. მისი ღირებულება კი  5 მილიონ-ნახევარი ლარია. აღნიშნული თანხის  95%-ს რეგიონული განვითარების ფონდი დაფარავს.  



kkpress.ge 
მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments