რუსთავის 2016 წლის ბიუჯეტში უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის თანხები გათვალისწინებული არაა - 18 თებერვალი 2016

ბევრ სხვა საზრუნავთან ერთად თვითმმართველობების მოსაგვარებელ საქმეთა რიგშია - მათ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ უსახლკაროთა თავშესაფრით  უზრუნველყოფის საკითხი. ამას მუნიციპალიტეტებს  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლი ავალდებულებს. ამავე მუხლში, სადაც მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია ჩამოწერილი - მითითებულია, რომ თვითმმარველობებს ასევე უსახლკაროთა რეგისტრაცია ევალებათ.

საკითხის მიმართ სამართლებრივად მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული მიდგომა აქვს თბილისის მუნიციპალიტეტს, რომელმაც 2015 წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა ,,უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი." თბილისს, ასევე აქვს მათთვის მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებული დროებითი თავშესაფარი.

უსახლკაროთა რეგისტრაციის წესი არ აქვს შემუშავებული რუსთავის მუნიციპალიტეტს. მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე აცხადებს:

,,  უსახლკაროთა რეგისტრაციას მუნიციპალიტეტი ახდენს მოქალაქეთა შემოსული განცხადებების, თანამდებობის პირებთან შეხვედრის, ასევე ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე"-ამბობს რუსთავის მერის მოადგილე.

შემოსულ  განცხადებებში მითითებული ფაქტების სისწორე, ან თანამდებობის პირებთან დასახელებული მდგომარეობა, რამდენად შეესაბამება რეალობას რთული სათქმელია. ამ მიდგომით აღრიცხული, რუსთავის თვითმმართველობის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში 517 უსახლკარო მოქალაქეა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში - მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალში არაა.  მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ამბობს, რომ მათთვის ბიუჯეტში პროგრამა არაა დამტკიცებული, თუმცა თანხები არის გათვალისწინებული პროექტისთვის, რომელიც ამ მიმართულებით აუცილებელი პირველი ნაბიჯია.


 ,, სამუშაო ჯგუფს მოძიებული აქვს ყველა ის შენობა, რომელიც თვითმმართველობის ბალანსზეა, დადგენილი აქვს იქ მაცხოვრებელ პირთა ვინაობა, სტატუსი და სოციალური მდგომარეობა. მუშაობა მიმდინარეობს ერთის მხრივ უკვე არსებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ დაკავებული ფართების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და, მეორეს მხრივ, დამატებითი ფართების შექმნის მიმართულებით უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით.
მოძიებული ფართების საცხოვრებლად ვარგის პირობებში მოყვანისათვის, პირველ ეტაპზე, საჭიროა პროექტი, რომლის თანხებიც გათვალისწინებულია ბიუჯეტში" - აცხადებს, ლობჯანიძე.

თუმცა ეს პროცესი სწრაფი ტემპებით თავს ვერ მოიწონებს. ჯერ კიდევ 2014 წლის 30 დეკემბერს რუსთავის მერი, დავით ჯიქია საკითხზე ასეთ კომენტარს აკეთებდა:

,, ყველაზე მეტი უსახლკარო ადამიანი რუსთავში ცხოვრობს და ცხადია, ეს არის ჩემთვის პრიორიტეტული საკითხი. ყოველ მიღებაზე 20 ადამიანი მაინც ამ პრობლემით მოდის. გეტყვით, რომ ვერც რუსთავის და ვერც ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება - თითოეული ამ ადამიანის ქირით უზრუნველყობას, რაც შეეხება საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ამას 2-3 მილიონი სჭირდება. ეს თანხა კი არ აქვს ჩვენ ბიუჯეტს.

ამიტომ დავიწყეთ ქალაქის პასპორტიზაცია. ვეძებთ ცარიელ ფართებს და ვარკვევთ ისინი ვის ბალანსზეა ჩვენი, თუ ეკონომიკის სამინისტროსი"- აცხადებდა დავით ჯიქია.

ფოტო: რუსთავი, მარის არხის დასახლება.

მანონ  ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments