რუსთავში რიგით 21-ე მუნიციპალური ა(ა)იპი იწყებს მუშაობას - 23 თებერვალი 2016

რუსთავის მუნიციპალიტეტში აიპი სახელწოდებით ,, ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის ცენტრი" - იწყებს მუშაობას. აღნიშნული არაკომერციული იურიდიული პირი, წესდების თანახმად, რუსთავის საკრებულომ  2013 წლის 24 დეკემბერს შექმნა.
რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცახდებით ამ დრომდე  ,,გაჩერებული" ცენტრის ამოქმედების საჭიროება თვითმმართველობის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა. აცხადებს, რომ კოდექსის 85-ე მუხლი მუნიციპალიტეტს ავალდებულებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ყველა მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უზრუნველყოს პასუხისმგებველ პირთა ანგარიშების გაცნობა საზოგადოებისთვის და წარმართოს სხვა სახის - მმართველობის მეტი ღიაობისკენ მიმართული ღონისძიებები. დასძენს, რომ აიპის ევალება, ამ დროისთვის შექმნის პროცესში მყოფი, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის rustavi.gov.ge-ს მართვა/საჯარო ინფორმაციის განთავსება.

,, თუ ვინმეს უნდა იმის თქვა, რომ მე ვზრდი შტატებს და ა.შ  - გეტყვით, რომ რაც მოვედი 30 აიპიდან დღეს 21 გვაქვს, ასევე თუ წინა მთავრობას 600 თანამშრომელი ჰყავდა ჩვენ ახლა მერიაში 230 გვყავს.

აღნიშნული აიპის შემთხვევაშიც მოხდება თანამშრომლების დიდი ნაწილის ჩვენი სხვადასხვა სტრუქტურებიდან გადმოყვანა და ახალი თანხების მოძიება არ იქნება საჭირო", - საუბრობს რუსთავის მერი.

მისი განცხადებით ა(ა)იპი ,, ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის ცენტრში " 6 ადამიანი იმუშავებს და მათი წლიური სახელფასო ხარჯი დაახლოებით 60-65 ათასი ლარი იქნება.

კითხვაზე, რატომ არ მოხდა აღნიშნული აიპის ამუშავების ნაცვლად - თვითმმართველობის კოდექსით წარმოქმნილი ვალდებულებების მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის შეთავსება -  ამბობს, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

,, ჩვენ კი ვეძახით პიარის სამსახურს, მაგრამ ამ სამსახურში გაერთიანებულია როგორც პროტოკოლის/მოქალაქეთა მიღების საკითხები, ასევე დასაქმებაც. ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამ ვალდებულებების შესრულების იყო არაკომერციული იურიდიული პირის ამოქმედება, რომელიც მოემსახურება მერიასაც და საკრებულოსაც"- დაძენს, დავით ჯიქია.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments