ქვემო ქართლის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ - 26 თებერვალი 2016
ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების საქმიანობას აფასებს. აცხადებს, რომ გასულ წელს რეგიონში 851 პროექტი შესრულდა, ცენტრალური ბიუჯეტიდან ათვისებულმა თანხამ კი 20 მილიონი ლარი შეადგინა.
,, პროექტების განხორციელების და თანხების ათვისების კუთხით ჩვენ ვართ ქვეყნის მასშტაბით პირველები. თუმცა ცხადია იყო პრობლემებიც, რაც ძირითადად დაგვიანებით მიღებულ პროექტების ექსპერტიზის დასკვნებს ეხებოდა. გვქონდა ასევე გარდამავალი პროექტებიც, რაც არ წარმოადგენდა პრობლემურ საკითხს, თუმცა დოკუმეტში არ იწერებოდა, რომ თანხა რეალურად ათვისებული იყო.
გვყავს წარმატებული მუნიციპალიტეტებიც. საინტერესოდ მუშაობდნენ ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები. თეთრიწყაროს თავიდან ქონდა სირთულეები, მაგრამ შემდეგ წლის ბოლოსთვის გაუმჯობესდა ვითარება. წალკის მუნიციპალიტეტს, რაც შეეხება, იყო შეთანხმების კუთხით პრობლემები გამგეობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამის გამო წლის ბოლოსკენ გადაიწია წალკაში გარკვეულმა პროექტებმა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში იყო კვლავ, ექსპერტიზის თემა და გარდამავალი პროექტები - სხვა სირთულე არ ქონიათ. ნორმალურად აითვისეს თანხები. გარდაბანში კი მოგეხსენებათ გამგებელი გარდაიცვალა - იყო სირთულე ამის გამო, თუმცა პრობლემები გვქონდა მანამდეც. მიუხედავად ამისა შემიძლია ვთქვა, რომ გარდაბანში რეგიონალური პროექტები სრულად განხორციელდა", - საუბრობს გუბერნატორი.
ხიზანაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყურადღება მიწის მოვლის საკითხებზეა მისაქცევი. თვლის, რომ კვლავ გამოწვევად რჩება საბავშო ბაღების მოწესრიგება, სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები და ცალკეულ დასახლებებში წყლის მიწოდების საკითხი. საუბრობს ახალ იდეებზეც, რაც რუსთავს უკავშირდება.
,, ჩვენი სურვილია რუსთავი გახდეს მწვანე ქალაქი. აქ, სიმწვანეში მხოლოდ ხეების დარგავს არ ვგულისხმობთ. საუბარია ახალი ეკოლოგიურად სუფთა მასალით საცხოვრებლების მშენებლობაზე. გვინდა ავაშენოთ მიკრო რაიონი, რომელიც თვითკმარი იქნება და ენერგოეფექტური სისტემის შექმნით შეძლებს არსებობას.
ეს აუცილებელია. რუსთავს საცხოვრებელი ფართი უნდა ჰქონდეს. ცოტა ხანში შეუძლებელი გახდება ამ სახლებში ცხოვრება. სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ და შეიძლება კატასტროფის წინაშე აღვმოჩნდეთ, თუ არ გვექნება სწორი განვითარება ამ მიმართულებით.
მშენებლობა ჩვენი ძალებით და გაეროს გრანტებით მოხდება. აღნიშნულ მწვანე მიკრო რაიონში ბინების 10% უნდა გამოეყოთ უსახლკარო სოციალურად დაუცველ ადამიანებს" - ამბობს, ქვემო ქართლის გუბერნატორი.
საუბრობს, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ თბილისის მერთანაც ჰქონდა საუბარი, თუმცა ნარმანიას საკითხის მიმართ სათანადო ინტერესი არ გამოუჩენია. დღეს კი თვლის, რომ ეს პროექტი რეალურად რუსთავის საჭიროებებს უფრო ერგება ვიდრე თბილისის.
,, ამ ეტაპზე არ გვქონდა მთავრობასთან ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ გვინდა ამის გაკეთება. რუსთავი გახდება ამ მხრივ მისაბაძი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. ვთვლით, რომ ყველაფერი რაც აშენდება და გაკეთდება - ეს ეხება საბავშო ბაღების, თუ სხვა დაწესებულებებს სინათლის ენერგიის გამოყენებით და ეკოლოგიურად სუფთა მასალით უნდა გაკეთდეს. ესაა სამომავლო საქმე და მომავლის სწორი ხედვა", - საუბრობს პაატა ხიზანაშვილი.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
Comments