1 მილიონ 283 750 ლარი - პრემიები და დანამატები გარდაბნის მუნიციპალიტეტში

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა KKPRESS.GE" გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან, 2015-2016 წლის მარტის ჩათვლით, გამგეობაში გაცემული პრემიების და სახელფასო დანამატების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია.
მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2015-2016 წლის მარტის ჩათვლით, გარდაბნის გამგეობაში პრემიის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 649 801 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატების სახით გაიცა 633 949 ლარი. საერთო ჯამში დროის ამ პერიოდში, გარდაბნის ბიუჯეტიდან პრემიებზე და დანამატებზე დახარჯულია 1 მილიონ  283 750  ლარი.

პრემიები და დანამატები გაცემულია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე გამგებელზე (ყოფილი გამაგებელი), მის მოადგილეებზე, რიგით თანამშრომლებზე, შტატგარეშე და სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის კადრებზე.
მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს მუნიციპალიტეტის აწ, უკვე ყოფილი გამგებელი და ასევე, გამგებლის ყოფილი მოადგილეები - თითქმის ყოველ თვე იღებდნენ პრემიებს ან სახელფასო დანამატებს. თუმცა არის გამონაკლისიც. მაგალითად გასული წლის მარტის თვეს გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა და მისმა მოადგილეებმა დიმიტრი ასათიანმა, ურფატ აღაბალაევმა და  თენგიზ მიროტაძემ პრემიაც მიიღეს და დანამატიც.

გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ასათიანს, რომელიც ახლა ქვემო ქართლის გუბერნიაში მუშაობს,  2015-2016 წლის იანვრის ჩათვლით აღებული აქვს 10 500 ლარის პრემია და დანამატის სახით 7 800 ლარი. მას, მიღებული შემოსავლით, მცირედ ჩამორჩებიან გამგებლის სხვა აწ, უკვე ყოფილი მოადგილეები.

ჩვენთვის საინტერესო იყო გვენახა ამ კუთხით, როგორ შეიცვალა ვითარება გამგებლის, გელა ნიორაძის გარდაცვალების (30 ნოემბერი) შემდეგ. მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში მითითებულია, რომ ნოემბრის შემდეგ ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფმა გამგებლის ორმა მოადგილემ ასათიანმა და აღაბალაევმა დეკემბერ-იანვარში პრემიებიც აიღეს და დანამატიც.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის პრემიებზე და დანამატებზე გაწეული ხარჯი, 2015-2016 წლის მარტის ჩათვლით, ასე გამოიყურება:

ყოფილი გამგებელი, გელა ნიორაძე - პრემია 10 600 ლარი, დანამატი - 9 540 ლარი; გამგებლის აწ, უკვე ყოფილი მოადგილე, დიმიტრი ასათიანი - პრემია 10 500, დანამატი 7 800 ლარი; მეორე მოადგილე ურფატ აღაბალაევი - პრემია 7 800 ლარი, დანამატი 6 500 ლარი, გამგებლის მესამე მოადგილე თენგიზ მიროტაძე - პრემია 5 200 ლარი, დანამატი 6 500 ლარი, გამგეობის თანამშრომლების პრემიებზე გაწეული ხარჯი - 511 001 ლარი, დანამატი - 507 237 ლარი; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური პრემიების ხარჯი 22 820 ლარი, დანამატი 26 810 ლარი; შტატგარეშე თანამშრომლების პრემიების ხარჯი - 81 880 ლარი, დანაატების ხარჯი - 69 562 ლარი.

რაც შეეხება, გარდაბნის ახალ გამგებელს გოჩა ჯამარაულს, ამ დროისთვის მას და მის მოადგილეებს პრემიები და დანამატები არ აქვთ აღებული. ჯამარულის გამგებლობის პირველ ორ თვეს (16 თებერვალი-მარტი) პრემიები გაცემულია, მხოლოდ,  რიგით თანამშრომლებზე, შტატგარეშე კადრებზე და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურზე.


მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მონიტორინგი - რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით." პროექტს აფინანსებს ამერიკული ფონდი ,, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის."


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments